Accessibility links

logo-print

მიმდინარე კვირის უცხოეთის პრესის ყურადღება მიპყრობილი იყო ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისადმი უკრაინაში, სადაც, პირველად ქვეყნის პოსტსაბჭოთა ისტორიაში, დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა. თუმცა, არჩევნების იმედისმომცემი შედეგის მიუხედავად, უკრაინის უახლოესი მომავალი არცთუ ისე ოპტიმისტურად გამოიყურება, - წერია სტატიაში, რომელიც თვის ბოლოს „ეკონომისტში“ გამოქვეყნდა.

სტატიაში რამდენიმე გამოწვევაზე მახვილდება ყურადღება. პირველია ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკისა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შესაძლო ურთიერთდაპირისპირება, რაზეც მიუთითებს არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე უკრაინაში დაწყებული გააფთრებული ბრძოლა თანამდებობებისთვის, მაშინ როცა ქვეყანას სასწრაფო რეფორმები სჭირდება.

ამასთან, არსენი იცენიუკი, რომლის „სახალხო ფრონტმა“ პარტიულ არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რუსეთის მიმართ რადიკალურად არის განწყობილია და მთავარ ამოცანად უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენას“ მიიჩნევს. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსათვის კი, რომლის ბლოკმა, მთლიანობაში, პროპორციული და მაჟორიტარული არჩევნებით უფრო მეტი მანდატი მოიპოვა, მთავარია რეფორმები, დერეგულაცია, სასამართლო რეფორმები და დეცენტრალიზაცია.

ჟურნალი „ეკონომისტი“ პარალელს ავლებს „ნარინჯისფერი რევოლუციის“ შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან, როდესაც პრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შორის წარმოშობილ დაპირისპირებას შეეწირა „ნარინჯისფერი რევოლუციის“ მონაპოვარი. სხვათა შორის, „ეკონომისტი“ მიანიშნებს, რომ „ოპოზიციურმა ბლოკმა“, რომელიც ვიქტორ იანუკოვიჩის რეჟიმის მომხრე პოლიტიკოსებისგან შეიქმნა, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მეოთხე შედეგი აჩვენა და საკანონმდებლო ორგანოში 70-მდე დეპუტატი ეყოლება.

„ამჯერად დროის დაკარგვა არა მხოლოდ ახალი ხელისუფლებისთვის, არამედ მთელი უკრაინისათვის საბედისწერო იქნება - ქვეყნისთვის, რომელიც ეკონომიკური კოლაფსის ზღვარზე იმყოფება და მთლიანად დამოკიდებულია საზღვარგარეთის დახმარებაზე, რის წინაპირობასაც სწორედ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარება წარმომადგენს“, - წერს ჟურნალი „ეკონომისტი“ და მკითხველს შეახსენებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის ხელისუფლებას, ეკონომიკური ხასიათის პრობლემების გარდა, გამკლავება უხდება პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთანაც, რომლებიც 2 ნოემბერს არალეგიტიმურ არჩევნებს ატარებენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. „ხალხი მეტს აღარ მოითმენს პოლიტიკურ თამაშებს. თუ ჩვენ არ შევიცვლებით, უკრაინა ან დაიშლება, ან პუტინი დაგვიპყრობს“, - უთქვამს გამოცემისათვის 69 წლის უკრაინელ სვეტლანა ლისჩენკოს.

რვათვიანი ზავის მიუხედავად, უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე დაუმცხრალ ომზე წერს გამოცემა „ფორინ ეფეარსი“ (Foreign Affairs) სტატიაში „მოსკოვის ჯაშუშური ომი“, რომლის ავტორი რუსეთის სპეცსამსახურების ცნობილი ექსპერტი მარკ გალეოტია.

აღმოსავლეთ უკრაინაში ომი წარმოებს უშუალოდ ბრძოლის ველზე და ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან. მაგრამ არის ომის მესამე, უხილავი, განზომილება - ეს არის დაპირისპირება სადაზვერვო სფეროში, რომელსაც, ავტორის დაკვირვებით, რუსეთი დიდი უპირატესობით იგებს.

„კიევის ახალი ლიდერებისათვის, რომლებიც პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ ქვეყნის დაწყნარებას ცდილობენ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სანდო ინფორმაციას ქვეყნის აღმოსავლეთში მოქმედი სეპარატისტების შესახებ. მაგრამ მეამბოხეთა რეალურ განზრახვაზე, მათ ხელთ არსებულ შეიარაღებასა და შესაძლებლობაზე სადაზვერვო ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია, მაშინ როცა სადაზვერვო სფეროში მოსკოვი მნიშვნელოვან წარმატებას აღწევს კიევზე, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინის მმართველობითი სისტემა და საკომუნიკაციო სივრცე გავსებულია რუსეთის ჯაშუშებით“, - წერს მარკ გალეოტი.

ამ ვითარებაში კიევს ვერ ეხმარებიან ვერც დასავლეთის სახელმწიფოები, რომლებსაც სარისკოდ მიაჩნიათ ჯაშუშების ჩანერგვა სეპარატისტულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც არ არსებობს არც ერთი უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისია, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა ჯაშუშების შესანიღბავად. ამბოხებულ აღმოსავლეთ უკრაინიდან დახურული წყაროებით მიღებული სანდო ინფორმაციის გარეშე კი დასავლეთის პოლიტიკა ისეთივე მერყევი იქნება, როგორიც დღეს არის.

„იმავდროულად, მოსკოვი იყენებს თავისი დაზვერვის უპირატესობას, რათა აღმოსავლეთ უკრაინაში შეინარჩუნოს სისხლისმღვრელი და უნუგეშო ჩიხური ვითარება, რომლის ფონზე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო შეიძლება იძულებული გახდეს მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდეს სეპარატისტებთან, რაც პუტინს შესაძლებლობას მისცემს უკრაინასთან ომი ბრძოლის გარეშე მოიგოს“, - წერს მარკ გალეოტი.

რუსეთიდან - და არამხოლოდ მისგან - მომავალ კიდევ ერთ საფრთხეზე, კიბერომის საფრთხეზეა საუბარი „გარდიანში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ნატოს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა კიბერტერორიზმის წინააღმდეგ“.

სტატიის თანახმად, ნატოში შექმნილია კიბერუსაფრთხოების ცენტრი, რომელსაც სათავეში უდგას დიდი ბრიტანეთის სამეფო ძალების ყოფილი თანამშრომელი იან ვესტი. აღნიშნულმა ცენტრმა, რომელშიც 200 თანამშრომელია გაერთიანებული, გასულ წელს ნატოს კომპიუტერებზე 3 600-მდე უკანონო შეჭრის მცდელობა შეისწავლა და დაასკვნა, რომ ალიანსის სერვერებზე კვირის განმავლობაში ხუთ კიბერშეტევას ჰქონდა ადგილი.

„მიმდინარე თვეში კიბერდაზვერვის ფირმა „აი საით პარტნერსმა“ დაადგინა, რომ რუსმა ჰაკერებმა „მაიკროსოფთ ვინდოუსის“ საშუალებით ნატოს კომპიუტერებში შეიყვანეს ვირუსი, სახელწოდებით „სანდვორმი“, რომელიც მანამდე უკრაინული კომპიუტერების წინააღმდეგ გამოიყენეს. განვლილი კვირის დასაწყისში კი ჰაკერებმა წარმატებით გატეხეს თეთრი სახლის კომპიუტერული ქსელი“, - ნათქვამია „გარდიანში“ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

როგორც ირკვევა, დღესდღეობით კიბერტერორიზმის წინააღმდეგ პოლიტიკური და სამხედრო წრეები ისეთსავე სერიოზულ მიდგომას მოითხოვენ, როგორც ბომბებისა და ტანკების გამოყენებით განხორციელებული კონვენციური ოპერაციის მიმართ. კონფლიქტი შესაძლოა ჯერჯერობით ვირტუალური იყოს, მაგრამ ეს არის რეალური საფრთხე, თუ მის დამანგრეველ შედეგებს გავითვალისწინებთ: საშიშ კომპიუტერულ ვირუსებს სხვადასხვა სერვერებში შეღწევით შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ ენერგოსისტემა, ჰოსპიტლები, წყლის გამანაწილებელი ქსელი, საფინანსო ბაზრები და საჰაერო უსაფრთხოება.

ამ ვირუსებს შორის ყველაზე გავრცელებული ყოფილა სთუქსნეტი, კომპიუტერული მატლი, რომელმაც 2010 წელს სიმენსის სისტემიდან ირანის ატომურ ელექტროსადგურში შეღწევით 1,000 ცენტრიფუგი გამოიყვანა მწყობრიდან.

უცხოეთის მედია განვლილ კვირაში ბევრს წერდა ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ დაწყებულ საომარ კამპანიაზე. საყურადღებო ანალიტიკური მასალა გამოქვეყნდა „ფაინენშელ ტაიმსში“, რომლის ავტორი მიიჩნევს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგიის გაუაზრებლად შეუძლებელი იქნება ექსტრემისტული ორგანიზაციის დამარცხება.

„დროა ვაღიაროთ ის, რაც მიუღებლად მიგვაჩნდა: დასავლეთი ჯერ არ არის მზად დაამარცხოს ეგრეთ წოდებული „ისლამური სახელმწიფო“. ჩვენი სისუსტე მათი სიძლიერეა. ძალიან ბევრი ჩვენგანი თვლის ერაყისა და ლევანტის „ისლამურ სახელმწიფოს“ შუასაუკუნის სექტად, რომელიც შეიძლება განადგურდეს საავიაციო იერიშებით. მაგრამ თუ არ გავაცნობიერებთ, რომ „ისლამური სახელმწიფო“ არის აგრესიული იდეოლოგიის აშკარა მანიფესტაცია, მანამდე ჩვენ ვერ შევძლებთ ექსტრემისტული დაჯგუფების დამარცხებას“, - წერს „ფაინენშელ ტაიმსი“.

შემდეგ გამოცემაში ვრცლად არის აღწერილი, თუ რას ემყარება ექსტრემისტული დაჯგუფების იდეოლოგია. ეს არის ჯიჰადიზმის იდეოლოგია, რასაც რადიკალი სალაფიტები უპირისპირებენ არა მხოლოდ ქრისტიანულ, არამედ მუსლიმანურ სამყაროს, რომელიც, ვაჰაბიტების აზრით, ასცდა ისლამიზმის მთავარ დოგმატს - ალაჰის ერთარსების ურყევ რწმენას და გაიხრწნა ადამიანების მიერ შექმნილი სხვადასხვა კანონით. „’ისლამური სახელმწიფოს’ ჯიჰადი მიმართულია არა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ ასადის ან ერაყის სეკულარული მთავრობის დასამხობად, არამედ იგი მიზნად ისახავს ალაჰის სახელმწიფოს, ანუ ხალიფატის შექმნას, რაც უფლის კანონებს, ანუ შარიათს დაემყარება. საბედნიეროდ, ჯიჰადისტების რაოდენობა მუსლიმანურ სამყაროში 3 პროცენტს არ აღემატება, თუმცა მათი მკაცრი იდეოლოგია, დასავლეთის პოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული სახალხო უკმაყოფილება, არაბი დიქტატორები, ისრაელი და კოლონიური ისტორია, ერთად აღებული, წარმოადგენს იმ მესიჯს, რაც სულ უფრო მეტ მუსლიმანს იზიდავს, - ნათქვამია „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში, რომლის ავტორი დასავლეთს მოუწოდებს საკუთარი მესიჯი შეიმუშაოს ისლამური სამყაროს მიმართ.

„ერაყისა და ლევანტის „ისლამური სახელმწიფო“ ხალხს ხალიფატისა და რჯულისთვის სიკვდილს სთავაზობს. ჩვენი მესიჯი კი უნდა იყოს სიცოცხლე, ისლამი, რომელსაც მუსლიმთა უმრავლესობა უჭერს მხარს 1400 წლის განმავლობაში. ჩვენ უნდა დავეხმაროთ არაბ მოკავშირეებს რეფორმირებასა და ახლო აღმოსავლეთის ისეთი რეგიონალური გაერთიანების შექმნაში, რომელიც გასცდება არსებულ ხელოვნურ საზღვრებს, შექმნის ეკონომიკურ კეთილდღეობას და ააღორძინებს არაბთა ღირსებას. ტერორისტები ვერ შეძლებენ ამ ასპარეზზე წინააღმდეგობის გაწევას“, - ნათქვამია „ფაინენშელ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

XS
SM
MD
LG