Accessibility links

logo-print

კვირის დასაწყისში პრესა ბევრს წერდა აშშ-ის კინოსტუდია „სონი ფიქჩერსზე“ მიტანილი კიბერშეტევის შესახებ, რომლის უკან, გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნით, ჩრდილოეთ კორეა იდგა. ჩრდილოეთი კორეა, რომელმაც უარყო ეს ბრალდება, მანამდე თვეების განმავლობაში აკრიტიკებდა ამ კომპანიის კომედიურ ფილმ „ინტერვიუს“, რომელშიც მოთხრობილია შეთქმულებაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინზე თავდასხმის მოსაწყობად. ჟურნალისტები წერდნენ, რომ კიბერომს წესების შემოღება ესაჭიროება და გამოდიოდნენ მოწოდებით დაარსდეს გლობალური უწყება, რომელიც ამგვარ თავდასხმებს გამოიძიებს. გერმანიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური ორიენტაციის „ზიუდოიჩე ცაიტუნგი“ 22 დეკემბერს წერდა: „კიბერომების ბრძოლის ველი კვლავაც არაა მონიშნული, ესკალაციის შესაძლებლობები კი უსაზღვროა. ჰაკერებს სამხედროებივით შეუძლიათ განადგურება - რეპუტაციის, ქონების, უსაფრთხოების განცდის. ... იმის გამო, რომ ჰაკერებს სახე არ აქვთ, მათ შეუძლიათ თითქმის ყველაფერი გააკეთონ, რასაც კი მოისურვებენ. საზოგადოებას ძალიან უჭირს იმის დადგენა, თუ ვინ არის შეტევის დამგეგმავი, რომელმა მტერმა მისცა მათ მოქმედების ბრძანება, რა ტიპის საპასუხო სანქციები უნდა ამოქმედდეს. აშშ ჩრდილოეთ კორეას სდებს ბრალს, მაგრამ არავის შეუძლია შეაფასოს, ეს სიმართლეა თუ არა. არ არსებობს გლობალური უწყება, რომელიც ჰაკერების შეტევებს გამოიძიებდა და დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებდა. ... ჩრდილოეთ კორეის შემთხვევა სერიოზულია, ეს პრეცედენტს ქმნის. ეს საერთაშორისო კომიტეტმა უნდა გამოიძიოს მაშინაც კი, თუკი სანქციების დაწესება რთულია, რადგან ქვეყანა უკვე ტოტალურადაა იზოლირებული. სულ მცირე, აშშ-ის მთავრობამ უნდა სცადოს „ინტერვიუს“ შესყიდვა და შემდეგ ინტერნეტში მისი უფასოდ გავრცელება“.

პრესა აქტიურად გამოეხმაურა ტუნისში ჩატარებულ არჩევნებს - ქვეყნის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ბეჯი კაიდ ესებსი. ის 88 წლისაა და მთავრობის წევრი იყო ტუნისის ავტოკრატი ლიდერის, ზინ ელ-აბედინ ბენ ალის მმართველობის წლებში. ჟურნალისტები აქებდნენ არჩევნებში დამარცხებულებს, რადგან მათ დემოკრატიის წესები მიიღეს, და ესებსის მოუწოდებდნენ არჩევნებში დამარცხებული ისლამისტების ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვისკენ. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ 23 დეკემბრის ნომერში წერდა: „როგორც ახლახან „ეკონომისტმაც“ დაწერა, წლის ქვეყანა ნამდვილად ტუნისია - არაბული სამყაროს პოლიტიკური ლაბორატორია. მან თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნებით პრეზიდენტად აირჩია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბეჯი კაიდ ესებსი - ჭრელი, სეკულარული პარტიის წარმომადგენელი. ამასთან, მას შეუძლია იამაყოს, რომ, რახიდ ღანუჩის სახით, გონიერი ისლამისტი ლიდერიც ჰყავს. გამარჯვება სეკულარულმა ძალებმა მოიპოვეს, მაგრამ პოლიტიკური ისლამი, რომელმაც 2011 წელს პირველ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა, ასევე მოგებულია. რელიგიური შთაგონებით მოქმედმა პარტიამ, ენაჰდამ, მიიღო ცვლილების დემოკრატიული წესები და მათ პატივისცემით ეკიდება პოტენციური სამთავრობო კომპრომისისთვის გზის გახსნით“.

ჩეხეთის რესპუბლიკაში კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „ლიდოვე ნოვინი“ საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებულ მღელვარებას გამოეხმაურა. ავტორი პეტრ პეშეკი 23 დეკემბრის ნომერში წერდა: „როგორც ცალკეული პირებისთვის, ისე მთელი საზოგადოებისთვის, წინასაშობაო პერიოდი და შობის დღესასწაული მნიშვნელოვანი გამოცდაა გამძლეობაზე. სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურადაა გადატვირთული. ამ დროს გამოჩნდება, მაინც რამხელა დატვირთვის გაძლება შეუძლიათ საფოსტო მომსახურებას, ბანკომატებს, ინტერნეტში ვაჭრობას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრებს. და, რასაკვირველია, ამ დროს ჩანს ისიც, თუ რისი გაძლება შეუძლიათ ადამიანებს - შოპინგის სტრესის, სახლის დალაგების, ოჯახის წევრებთან სტუმრობის და ტრადიციული საშობაო ფილმების ყურების. ოლიმპიურ თამაშებში მთავარი არა გამარჯვება, არამედ მონაწილეობის მიღებაა. საშობაო დღესასწაულზე კი გაძლებაა მთავარი. თუმცა, საბედნიეროდ, ვითარება ყოველთვის ასეთი სტრესული არ არის და ზოგიერთი მომენტი ნამდვილად სასიამოვნოა. ამ დილით, მაგალითად, ვუყურებდი, როგორი სიხარულით მონაწილეობდნენ ბავშვები ეკლესიაში ბეთლემის შობის სცენის მოწყობაში“.

XS
SM
MD
LG