Accessibility links

logo-print

კვირის განმავლობაში უცხოეთის პრესის ყურადღების ცენტრში იყო საფრანგეთში გამომავალ სატირულ ჟურნალზე, “შარლი ებდოზე”, ისლამისტი ტერორისტების მიერ მიტანილი იერიში. შეიარაღებულმა პირებმა 7 იანვარს დახოცეს ჟურნალის რედაქციის წევრთა დიდი ნაწილი, რითიც საფრანგეთში დაიწყო სამდღიანი ტერორი, რომელსაც სულ 17 ადამიანი ემსხვერპლა მანამ, სანამ ექსტრემისტ ისლამისტებს უსაფრთხოების ძალები გაანადგურებდნენ. 11 იანვარს საფრანგეთში მილიონობით ადამიანმა - მათ შორის, სახელმწიფოთა ლიდერებმა - მიაგო პატივი მსხვერპლის ხსოვნას. ჟურნალისტებმა ეს დემონსტრაცია აღიქვეს დემოკრატიის მიმართ ერთგულების მორიგ დადასტურებად, თუმცა იქვე განაცხადეს, რომ ევროპის საზოგადოება არაერთი თვალსაზრისითაა გახლეჩილი და ეს უთანხმოება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაღრმავდა „მე ვარ შარლი“ კამპანიით. საფრანგეთში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური გამოცემა “ლიბერასიონი“ 12 იანვარს წერდა: „კვირას საფრანგეთის ქუჩებში უპრეცედენტო ამბავი მოხდა. ვოლტერის და [“შარლი ებდოს” კარიკატურისტის] კაბუს ქვეყანა დიდ სამოქალაქო მოძრაობაში გაერთიანდა ძალადობის, ობსკურანტიზმისა და საზოგადოებრივი დაყოფის წინააღმდეგ. რესპუბლიკას დიდი დარტყმა მიაყენეს, მაგრამ ის ორ დღეში წამოდგა ფეხზე. ეს დემონსტრაციები ხალხის მოგონებებში დარჩება როგორც დემოკრატიის უდიდესი მიღწევა და ნიშანი. რა უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ამ სულისკვეთებამ ფეხი მოიკიდოს და გაძლიერდეს? ძლიერად და მოთმინებით უნდა შევებრძოლოთ რასიზმს. ფრანგმა ხალხმა მკაფიოდ თქვა: განსხვავებების მიღებაა ის პრინციპი, რომელიც ყველას გვაერთიანებს“.

ბრიტანეთში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის„ფაინენშლ ტაიმსი“ 12 იანვრის ნომერში წერდა, საფრანგეთის საზოგადოების რადიკალიზაცია შესაძლოა ევროკავშირის დასასრულს მოასწავებდესო: „ევროკავშირის ქვეყნებს შორის საფრანგეთში ყველაზე დიდი მუსლიმური უმცირესობა ცხოვრობს. თუ ეს ქვეყანა დანებდება თემებს შორის დაძაბულობას და პოლიტიკური ექსტრემიზმი გაიმარჯვებს, დანარჩენი ევროპისთვის ეს მწარე გაკვეთილი იქნება. პრაქტიკულად თუ ვილაპარაკებთ, 2017 წლის არჩევნების შემდეგ ლე პენის გაპრეზიდენტება, სავარაუდოდ, ევროკავშირის კოლაფსს მოიტანს, ვინაიდან ძალიან ძნელი წარმოსადგენია, მაგალითად, გერმანიამ ითანამშრომლოს ულტრამემარჯვენე მთავრობასთან საფრანგეთში. ევროკავშირის კოლაფსი და ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერება კი მოასწავებს ევროპას, რომელშიც მორიგ ჯერზე გამეფდება ნაციონალიზმი და ეთნიკური დაყოფა“.

14 იანვარს დაიწყო ჟურნალ „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის გაყიდვა. ყდაზე გამოსახულია წინასწარმეტყველი მუჰამედი, რომელსაც ცრემლი ჩამოსდის და ხელში უჭირავს აბრა „მე ვარ შარლი“, კარიკატურის სათაურია „ყველაფერი ნაპატიებია“. დასავლეთის პრესა აქტიურად გამოეხმაურა ახალი ნომრის გამოსვლას. ბელგიაში გამომავალმა ლიბერალურმა „სუარმა“ 14 იანვარს ჟურნალის ყდა და კიდევ რამდენიმე კარიკატურა გადაბეჭდა და განაცხადა, ჟურნალისტიკა კვლავ ცოცხალიაო: „ცნობილი შარლი დაუბრუნდა თავის ადგილს - არა გაზეთების წამყვან გვერდებს, არამედ ჯიხურებს, წიგნების მაღაზიებსა და მოქალაქეების საფოსტო ყუთებს. საფრანგეთის ყოველდღიურ გამოცემა „ლიბერასიონის“ ოფისებს შეფარებულმა თავდასხმას გადარჩენილმა „შარლი ებდოს“ ჟურნალისტებმა ერთიანი ძალებით იმუშავეს ახალ ნომერზე, ვინაიდან რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს, ვინაიდან ჟურნალის გამოუსვლელობა, ფაქტობრივად, მეორე სიკვდილი იქნებოდა მსხვერპლთათვის და ძალიან მტკივნეული რამ ამ კამპანიაში ჩართული თავისუფალი ხალხისთვის. საქმე ის კი არ არის, ვეთანხმებით თუ არა ამ ფრანგული სატირული ჟურნალის შინაარსს, ... საქმე ეხება პრინციპის დაცვას და ერთი რგოლის ფუნქციის შესრულებას იმ ჯაჭვში, რომელიც ამბობს: შარლი არ მომკვდარა, ცხოვრება ისევე გრძელდება, როგორც უწინ“.

„შარლი ებდოს“ ახალი ნომრის ყდა კრიტიკულად შეაფასა ბრიტანეთში გამომავალმა მემარცხენე-ლიბერალურმა „ინდიფენდენტმა“, რომელიც 13 იანვარს წერდა: „საზოგადოების ფუნქციონირებისთვის საჭიროა უფლებები მოვალეობებით იყოს დაბალანსებული, ხოლო თავისუფლება მოცემულობის მხოლოდ ერთი ნახევარია. გამოხატვის თავისუფლებას რაც შეეხება, ამ მოცემულობის მეორე მხარეს პატივისცემა წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ მთელი ძალებით არ უნდა შევეცადოთ საზოგადოების ერთი ნაწილის შეურაცხყოფას და დამცირებას მხოლოდ იმის გამო, რომ ვიყენებთ ჩვენს ურყევ უფლებას ღიად ვთქვათ ის, რაც გვსურს. ამ თვალსაზრისით, „შარლი ებდოს“ ახალი ნომრის ყდა განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩვენთვის, ვინც ლიბერალური ღირებულებებისკენ ვიხრებით. ჩვენთვის ძვირფას თავისუფლებებს მომავალ ათწლეულებში კიდევ უფრო მეტი საფრთხე დაემუქრება და მათ დაცვას უფრო წარმატებულად მაშინ შევძლებთ, თუკი ახლა გამოვიჩენთ პატივისცემას მათ მიმართ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG