Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ავტორი: ანა ლომთაძე

უცხოეთის პრესა აქტიურად განაგრძობს უკრაინის კრიზისის გაშუქებას. ამ კვირაში ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო იორდანიის იერიშმა დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ - მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა იორდანიელი ტყვე ცოცხლად დაწვა.

ბოლო მონაცემებით, 4 თებერვალს უკრაინის ორი სამხედრო დაიღუპა დონეცკის ოლქში. გაეროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკვე 5 000-მდე ადამიანი დაიღუპა და 10 000-მდე გახდა ადგილნაცვალი პირი. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ცხადყოფს კონფლიქტში რუსეთის უშუალო მონაწილეობას და მძიმე ტექნიკითა და რუსი სამხედროებით სეპარატისტების დახმარებას. ცოტა ხნის წინ კიევში ჩასული იყვნენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. ისინი განიხილავენ უკრაინის იარაღით მომარაგებას, თუმცა ჯერჯერობით ამ შესაძლებლობას თავს არიდებენ. უცხოეთის პრესას უკრაინისთვის იარაღის გადაცემის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

აი, რას წერს, მაგალითად, პოლონეთის კონსერვატიული გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“:

„თუ უკრაინას იარაღით არ მოვამარაგებთ, ომი კი არ დამთავრება, არამედ უფრო გამწვავდება. რეალობაზე თვალის დახუჭვა არაფერს გვიშველის. თვეებია, დიპლომატები დაბნეულნი არიან. და, როგორც ჩანს, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები არ აპირებენ 2014 წლის სექტემბერში მინსკში მიღწეული შეთანხმების დაცვას. ეს კონფქლიტი გაგრძელდება, რადგან კრემლს არ მიუღწევია თავისი მიზნისთვის, დაიმონოს უკრაინა. და, სხვათა შორის, უკრაინაზე არ დაწესებულა არავითარი ემბარგო. ამიტომ უკრაინისთვის იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება არ არსებობს“.

„ჟეჩპოსპოლიტას“ არ ეთანხმება ფინური ლიბერალური გაზეთი „კალევა“:

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის იარაღის მიცემა კარგი მიზეზი იქნება იმისთვის, რომ რუსეთმა კიდევ უფრო გაააქტიუროს თავისი როლი. ამ ომის ფასი უკვე ძალიან მაღალია და საერთაშორისო თანამეგობრობამ მეტი უნდა გააკეთოს ომის დასრულებისთვის. მეტი იარაღი ახლა ბოლო რამაა, რაც აღმოსავლეთ უკრაინას სჭირდება. და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით უფრო რთული იქნება გამოსავლის მოძებნა“.

რას ფიქრობენ შეერთებულ შტატებში? ამერიკის გაზეთ „ვაშიგნტონ პოსტს“, ფინურის მსგავსად, ზედმეტად სახიფათოდ მიაჩნია უკრაინაში დასავლეთის პირდაპირი ჩარევა:

„რა ნაბიჯიც უნდა გადავდგათ, პუტინს შეუძლია იმავეთი გვიპასუხოს და ჩვენსავე ქმედებას გადააჭარბოს კიდეც. საქართველოსთან ომის შემდეგ პუტინმა რუსეთის ჯარი საგანგებოდ მოამზადა რეგიონალურ ომში საბრძოლველად და მან ბევრი დრო და ფული დახარჯა იმისთვის, რომ რუსები დაერწმუნებინა, უკრაინაში რუს ერს ვიცავო. წარსულში პუტინის მიერ განხორციელებული ქმედებები ცხადყოფს, ის ყველაფერს გააკეთებს, რათა მოქალაქეები დარწმუნოს, რომ ღირს უკრაინაში რუსი სამხედროების გაწირვა. პუტინს საქმეს გაუადვილებს უკრაინის ამერიკული იარაღით მომარაგება. ეს მისთვის გახდება სწორედ ის „დამამტკიცებელი საბუთი“, რომელიც მას სჭირდება“.

6 თებერვალს ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი მოსკოვში ჩავიდნენ, რათა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინის კრიზისის მოგვარების სამშვიდობო გეგმა წარედგინათ. პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ოლანდმა დაადასტურა, რომ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა სასურველი შედეგი ვერ მოიტანა. მისი და მერკელის ახალი შეთავაზება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს ეფუძნება.

4 თებერვალს აღინიშნებოდა კიბოს მსოფლიო დღე, რათა საზოგადოებამ მეტი შეიტყოს დაავადების აღმოჩენის, მკურნალობისა და პრევენციის გზების შესახებ. კიბოს საერთაშორისო კონტროლის კავშირისა და კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს თანახმად, ყოველ წელს 1,5 მილიონი ადამიანის გადარჩენა შეიძლება, თუკი კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად ”გადამჭრელი ნაბიჯები” გადაიდგმება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, 2008 წელს კიბო მსოფლიოში 7,6 მილიონი ადამიანის სიკვდილის მიზეზი, ანუ სიკვდილის შემთხვევათა დაახლოებით 13%-ის მიზეზი იყო.

ბრიტანეთის გაზეთი „ტელეგრაფი“ კიბოს ბრძოლასთან დაკავშირებულ მიღწევებზე წერს:

„2011 წელს ბრიტანეთში კიბოთი დაავადებული ხალხი დიაგნოზის დასმის შემდეგ 6-ჯერ უფრო დიდხანს ცოცხლობს, ვიდრე ეს 40 წლის წინ იყო მოსალოდნელი. ეს აიხსნება დიაგნოზის დროული დასმით, მიღწევებით ქიმიოთერაპიასა და რადიოთერაპიაში. მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. გადარჩენის შანსები დამოკიდებულია კიბოს სახეობაზეც - მაგალითად, ეს შანსი მაღალია მათთვის, ვისაც ძუძუს ან კანის კიბო აქვს, თუმცა დაბალია ფილტვისა და პანკრეასის კიბოთი დაავადებულთათვის“.

დაბოლოს, დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ“ 3 თებერვალს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ასახულია დეკემბერში დატყვევებული იორდანელი მფრინავის სიკვდილით დასჯა. მააზ ალ-კასაესბეჰი ექსტრემისტებმა მაშინ შეიპყრეს, როცა მისი თვითმფრინავი სირიაში ჩამოვარდა. იორდანიის მთავრობასთან ტყვეთა გაცვლის თაობაზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ტერორისტებმა ახალგაზრდა მფრინავი ცოცხლად დაწვეს. საპასუხოდ, იორდანიამ სიკვდილით დასაჯა ორი ტუსაღი, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ ექსტრემისტულ გაერთიანებასთან. ამასთან, 5 თებერვალს იორდანიის საბრძოლო თვითმფრინავებმა სირიაში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ობიექტები დაბომბეს, რის შედეგადაც გაანადგურეს იარაღის საწყობები და საწრთვნელი ბაზები.

ყატარის ტელეარხ „ალჯაზირას“ საინტერნეტო გამოცემაში ვკითხულობთ:

„იორდანია სამხედრო კოალიციას სექტემბერში შეუერთდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, თუმცა აქამდე მხოლოდ სირიის ტერიტორია ჰქონდა დაბომბილი. იორდანიელები აცხადებენ, რომ ერთადერთი დადებითი შედეგი, რაც მფრინავის მოკვლას მოჰყვა, იყო იორდანიის გაერთიანება ექსტრემისტული დაჯგუფების წინააღმდეგ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ იორდანიამ სწორი არჩევანი გააკეთა, როდესაც შარშან, სექტემბერში, შეუერთდა საერთაშორისო კოალიციას დაჯგუფების წინააღმდეგ. მათ, ვისაც ამ არჩევანის სისწორეში ეჭვი ეპარებოდა, ახლა კითხვები აღარ აქვთ“.

ამერიკის გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი წერს იორდანიულ გაზეთ „ალ-რაიში“ გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაზე, რომელშიც მისი ავტორი, მოჰამად კარუბი, საერთაშორისო სამხედრო კოალიციას აკრიტიკებს:

„კარუბის მინიშნებით, სპარსეთის ყურის ქვეყნები, რომლებიც იორდანიის მოკავშირეებად ითვლებიან, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ უჭერენ მხარს. მეტიც, მისი მტკიცებით, ეს მილიტარისტული დაჯგუფება სწორედ მის შემქმნელს აუჯანყდა, ფრანკენშტაინის მსგავსად. კარუბი იმასაც ეჭვობს, რომ, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატები დაჯგუფებას საშუალებას აძლევდეს, შეინარჩუნოს კონტროლი ერაყის ქალაქ მოსულზე, რათა უპირატესობა მოიპოვოს ირანთან ბირთვულ იარაღზე მოლაპარაკებებში. სტატია საერთაშორისო კოალიციას მისი რეგიონალური სტრატეგიის გადახედვისა და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გარე მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოუწოდებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG