Accessibility links

logo-print

ავტორი: ანა ლომთაძე

ამ კვირაში უცხოეთის პრესის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო სამმა თემამ: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის წლისთავმა, ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს „ლიკუდის“ პარტიის გამარჯვებამ და კვლავინდებურად დაძაბულმა ურთიერთობამ საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის.

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეტანიაჰუს პარტია „ლიკუდმა“ ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში. ხმების თითქმის ბოლომდე დათვლის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაციით, მემარჯვენე „ლიკუდს“, სავარაუდოდ, 30 მანდატი ერგო 120-ადგილიან პარლამენტში. ეს ნიშნავს, რომ ნეტანიაჰუ მეოთხე ვადით დარჩება ხელისუფლების სათავეში. მისი გამარჯვებისა და საარჩევნო კამპანიის მიმართ უცხოეთის პრესას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს.

აი, რას წერს გერმანიის ჟურნალ „შპიგელის“ ონლაინგამოცემა:

„ბოლო კვირების განმავლობაში პრემიერ-მინისტრი ნეტანიაჰუ განუწყვეტლივ ატარებდა იმ პოლიტიკას, რომელსაც უკვე დიდი ხანია მიმართავს - ხალხში შიშის გაღვივებას. ეს პოლიტიკა ამომრჩევლებს აიძულებს, დაივიწყონ ყველა სხვა პრობლემა და უპირობოდ დაეთანხმონ მთავრობის მიერ ხაზგასმული ეგზისტენციალური საფრთხის არსებობას. იმისთვის, რომ ნეტანიაჰუს მემარჯვენე ორიენტაციის ამომრჩეველთა ხმები მოეპოვებინა, არაერთხელ მიმართა ანტიარაბულ რიტორიკას. არჩევნების წინა დღეს მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს პალესტინის სახელმწიფოებრიობას და მისი მმართველობისას პალესტინა, როგორც სახელმწიფო, ვერ იარსებებს. ამით ის პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო თანამეგობრობას. ისრაელის საზოგადოების გახლეჩის გარდა, მისმა გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს ისრაელის საერთაშორისო იზოლაცია“.

გერმანიის „შპიგელ ონლაინის“ აზრს არ იზიარებს ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“, რომლის ვებსაიტზეც ვკითხულობთ:

„იმის მიუხედავად, რომ პალესტინელებს შორის არ არის ორაზროვნება ნეტანიაჰუს საშინელი რეპუტაციის შესახებ, ბევრს ისევ ნეტანიაჰუ ურჩევნია ჰერცოგს, იმიტომ რომ, მათივე აზრით, ეს უკანასკნელი, ნეტანიაჰუსგან განსხვავებით, მალავს ისრეალის ნამდვილ ზრახვას და მხოლოდ დასავლეთთან ცდილობს ურთიერთობის გაუმჯობესებას“.

ბრიტანეთის მემარცხენე-ლიბერალური გაზეთი „ინდეპენდენტი“ კრიტიკულად აფასებს პრემიერ-მინისტრ ნეტანიაჰუს მმართველობას:

„სახელმწიფო, რომელიც ათწლეულებია ინარჩუნებს ხალხზე კონტროლს არალეგალური ოკუპაციის საშუალებით, დემოკრატიული არ არის. და არც ის სახელმწიფოა დემოკრატიული, რომელიც თავს მხოლოდ ებრაელების სახლად აცხადებს და ადგილობრივ არაებრაული წარმოშობის ხალხს უგულებელყოფს. დღეს ისრაელი არ ეკუთვნის მის ყველა მოქალაქეს. ეს არის ეთნოკრატიული, კოლონიალური სახელმწიფო, რომელიც პალესტინელების შევიწროებითა და სხვადასხვა სახის ოკუპაციით ყოველდღიურად არღვევს საერთაშორისო კანონებს. და ის ამას ევროპელებისა და ამერიკელების დახმარებით ახორციელებს“.

18 მარტს ერთი წელი შესრულდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიიდან. ამ დღეს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კრემლთან შეკრებილებს მიმართა და თქვა, ყირიმი არის არა მარტო ტერიტორია, არამედ სულიერი საყრდენი, რომელიც რუსებს ერად აქცევსო. ყირიმის ანექსია საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის მიჩნეული, რის გამოც რუსეთს მკაცრად აკრიტიკებენ, მათ შორის, უცხოეთის პრესაშიც.

ჰოლანდიის გაზეთი „დე ტელეგრააფი“ წერს:

„ირკვევა, რომ ყირიმის კრიზისის დროს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმისთვისაც კი იყო მზად, რომ ბირთვული არსენალი მოეყვანა საბრძოლო მზადყოფნაში. ეს ცხადყოფს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს მისი ქმედებები. შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან პუტინის დამოკიდებულებაც ცივი ომის ყველაზე ბნელ დროს მოგვაგონებს. ამის გამოა, რომ ნატოს წევრმა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ, რათა რუსეთმა ვერ შეძლოს იმ ტაქტიკის გამოყენება, რომელსაც უკრაინაში მიმართა“.

პოლონეთში გამომავალი გაზეთი „გაზეტა ვიბორჩა“ ყირიმის ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრობს:

„დეკემბერში უკრაინამ გააუქმა სახმელეთო - ავტობუსებისა და მატარებლების - მიმოსვლა ყირიმთან და, ამის მიუხედავად, ყირიმი მაინც დიდწილად დამოკიდებულია უკრაინაზე. ელექტროენერგიის 85%-ს, წყლის 80%-სა და ასევე საკვები პროდუქტების მნიშვნელოვან ნაწილს ყირიმი სწორედ უკრაინისგან ღებულობს, მაგრამ თუ ერთწლიანი ანექსიის შემდეგ ვინმე ქუჩაში უკრაინის დროშით გამოვა, ადგილობრივი პოლიცია მას ექსტრემიზმში დაადანაშაულებს“.

19 მარტს საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი შეხვდა ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს და პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში დაიწყებს დაგეგმილი რეფორმების გატარებას. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ათენი დაპირებული ფინანსური დახმარების მიღებას. თუმცა 16 მარტს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საბერძნეთი შეიძლება იძულებული გახდეს დატოვოს ერთიანი ვალუტის, ევროს, ზონა. ევროპის პრესაში წერენ, ევროზონა სულ უფრო დისფუნქციურ ხასიათს იძენს, მაგრამ საბერძნეთი რუსეთისა და ჩინეთის ამარა არ უნდა დავტოვოთო.

რუმინეთის გაზეთ „ადევარულის“ ბრიუსელელი კორესპონდენტი კრისტიან უნტეანუ ამ გაზეთში გამოქვეყნებულ ბლოგზე გრძელ კომენტარს წერს:

„არაპოლიტკორექტულად რომ ვთქვათ, ევროპელებმა უნდა გადავწყვიტოთ, თანახმა ვართ თუ არა ფული გადავიხადოთ, იმის მიუხედავად, რომ ფინანსურად ეს ჩვენთვის წამგებიანი იქნება, თუმცა საბერძნეთს დატოვებს ევროზონაში, თუ ჯობს უარი ვთქვათ გადახდაზე და სხვა მოთამაშეებს დავუთმოთ ადგილი - პირველ რიგში, რუსებს, შემდეგ კი - ჩინეთსა და რამდენიმე არაბულ სახელმწიფოს. ციპრასმა ძალიან კარგად იცის, რომ საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვება დიდი დარტყმა იქნება ევროპის პროექტისა და მისი რეპუტაციისთვის, მით უმეტეს, რომ ახლა ევროპა რუსეთის ზეწოლის ქვეშაა და ცდილობს ევროპის ბაზრის ჰარმონიზაციას“.

ხოლო გერმანიის კონსერვატიულ გაზეთ „ველტში“ შესაძლო გამოსავალსა და საფრთხეებზე ვკითხულობთ:

„თუ ევროზონას კიდევ აქვს მომავალი, მას ჩქარა უნდა ეშველოს - საჭიროა, შეიქმნას ერთიანი ბიუჯეტი და ეკონომიკური პოლიტიკა და ერთი ფინანსთა მინისტრი გვყავდეს. ეს იქნება, კონვენციური გაგებით, სუვერენული სახელმწიფოს დასასრული. ეს ჩუმი რევოლუციის ტოლფასი იქნებოდა. იმ დამქანცავმა შრომამ, რომელიც ახლა საბერძნეთის დახმარებისკენაა მიმართული, არ უნდა დაგვავიწყოს საფრანგეთისა და იტალიის პრობლემები. იმისთვის, რომ ეს ქვეყნები, რომლებიც ქრონიკული სტრუქტურული სისუსტითა და მეტისმეტად მაღალი სახელმწიფო ვალით (public debt) ხასიათდებიან, ჭკუაზე მოვიდნენ, საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ვიდრე უბრალო შეთანხმებები, ელასტიური პუნქტებით“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG