Accessibility links

logo-print

კვირის დასაწყისში უცხოეთის პრესა ბევრს წერდა იემენში მიმდინარე პროცესებზე. წინა შაბათს არაბთა ლიგამ მხარი დაუჭირა საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენში შიიტი მეამბოხეების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის განხორციელებას. ჟურნალისტები შიშობენ, რომ ომმა შესაძლოა მთელი რეგიონი მოიცვას. მათი ვარაუდით, ეს პროცესები დაკავშირებული უნდა იყოს ირანთან ბირთვული პროგრამის თაობაზე მოლაპარაკებებთან. გერმანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ 30 მარტს წერდა: „თუ [საუდის არაბეთის მეფე სალმანი] ვერ შეძლებს დამხობილი პრეზიდენტის, ჰადის, პოსტზე დაბრუნებას და ირანის უკუგდებას, ეს მისი მმართველობის სამარცხვინო დასაწყისი იქნება. მხოლოდ დამთხვევაა, რომ საუდის არაბეთი იემენში მაშინ ჩაერია, როცა ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკება გადამწყვეტ ფაზაში შედის? იემენში კონფლიქტი თუ თვეების განმავლობაში გაგრძელდება, სამოქალაქო ომი, სირიის მსგავსად, მილიონობით ლტოლვილს გააჩენს. და მათ მხოლოდ ერთი წასასვლელი ექნებათ - საუდის არაბეთი“.

ცხადია, პრესა აქტიურად ეხმაურებოდა საკუთრივ ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს, რომელიც შვეიცარიაში მიმდინარეობდა. გერმანიაში დაფუძნებული ლიბერალური ორიენტაციის ვებპორტალი ცაიტ-ონლაინი 30 მარტს წერდა: „ცდებიან ისინი, ვინც თვლის, რომ მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც რეგიონში ახლებურ წესრიგს დაამყარებს. ... ნაკლებად სავარაუდოა თეირანმა ახლა დათმოს თავისი ხანგრძლივი მიზანი, რომლის ფორმულირებაც ჯერ კიდევ ისლამურ რევოლუციამდე მოხდა - რომ ის რეგიონში ერთ-ერთ წამყვან სახელმწიფოდ უნდა იქცეს. თანდათან გამოჩნდება, გამართლდება თუ არა ზოგიერთი ანალიტიკოსის შეშფოთება, რომ ირანი სანქციების მოხსნით გამოთავისუფლებულ რესურსებს რეგიონში კიდევ უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის გასატარებლად გამოიყენებს. მაგრამ ერთი რამ ცხადია: საუდის არაბეთი, თეირანის მთავარი მეტოქე რეგიონალურ პოლიტიკაში, განზე არ გადგება და არ ადევნებს თვალს ბირთვული შეთანხმებით საერთაშორისო ასპარეზზე რეაბილიტირებული ირანის მიერ ჰეგემონიის დამყარების პროცესს. საუდის არაბეთის მიერ იემენში განხორციელებული ოპერაცია აჩვენებს, მაინც რამდენადაა ის მოწადინებული შეზღუდოს თეირანი“.

სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ლიბერალური „დელო“ 1 აპრილს წერდა: „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამჟამად ნატოს წინააღმდეგ ომს აწარმოებს, მას სურს გაგრძელდეს მოლაპარაკება [ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ]. ეს მოწმობს, რომ ირანის მიერ ბირთვული ბომბის შექმნა რეალურ საფრთხეს წარმოადგენს. ეს საფრთხეა იმის გამოც, რომ არ ვიცით, რას მოიმოქმედებდა ალიათოლა ალი ხამენეი ბომბთან მიმართებით. ამავე დროს, ეს რეგიონში გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას მისცემდა ბიძგს. ახლო აღმოსავლეთი უკვე იყოფა სუნიტურ და შიიტურ ნაწილებად. ამდენად, მკაფიო შეთანხმება ბევრ პრობლემასთან მიმართებითაა საჭირო“.

2 აპრილს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ირანი და მსოფლიოს ექვსი წამყვანი ქვეყანა შეთანხმდნენ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ყოვლისმომცველი ხელშეკრულების „საკვანძო პარამეტრებზე“. ბუნებრივია, პრესა აქტიურად გამოეხმაურა ამ სიახლეს. „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი, სახელწოდებით „ირანთან დაკავშირებით ობამას შეთანხმება მისივე მიზნებს არ აკმაყოფილებს“. წერილში ვკითხულობთ: „არ იხურება ირანის არც ერთი ბირთვული ობიექტი - მთის ქვეშ განთავსებულ ფორდოუს ცენტრის ჩათვლით. არ დაიშლება არც ერთი 19,000 ცენტრიფუგიდან. თეირანის გამდიდრებული ურანის მაგარი „შემცირდება“, მაგრამ შესაძლოა ქვეყნიდან არ გავიდეს. რეალურად, ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა უცვლელი რჩება, თუმცა მისი ზოგიერთი ნაწილი 10 წლის განმავლობაში არ იქნება გამოყენებული. შეთანხმებას ვადა როცა ამოეწურება, ისლამური რესპუბლიკა მყისიერად გადაიქცევა ზღვრულ ბირთვულ ქვეყნად. ეს ძალიანაა დაშორებული იმ სტანდარტისგან, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ 2012 წელს დააწესა, როცა განაცხადა, შეთანხმებამ, რომელსაც დავთანხმდებით, ირანში ბირთვული პროგრამა უნდა დაასრულოს და ირანი უნდა დაემორჩილოს გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებსო. ეს რეზოლუციები გამოდის მოწოდებით, ირანმა შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. ამის ნაცვლად, ხუთშაბათს გამოცხადებული შეთანხმებით, გამდიდრება გაგრძელდება ათწლეულის განმავლობაში 5,000 ცენტრიფუგით, ხოლო 15 წლის შემდეგ მას ყველა შეზღუდვა მოეხსნება“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG