Accessibility links

მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა კვლავ ბევრს წერდა საბერძნეთის ეკონომიკურ სიძნელეებზე. დამატებითი ღირებულების გადასახადის გაზრდა საბერძნეთში ბევრი დასახელების საქონლის გაძვირებას გამოიწვევს. ეს ნაბიჯი ნაწილია ხელმომჭირნეობის პაკეტისა, რომელზეც პარლამენტი დათანხმდა, ფინანსური დახმარების გამოყოფის სანაცვლოდ. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, პოლიტიკოსები ღიად ახდენენ დისტანცირებას რეფორმებისგან და კიდევ უფრო მეტად აღვივებენ რადიკალურ განწყობებს მოსახლეობაშიო, სხვები კი აღნიშნავდნენ, სრული აბსურდია, ათენს თავი ისე რომ მოაქვს, თითქოს თავად, თავისუფალი ნებით, ატარებს ამ კურსსო. სლოვაკეთში გამომავალი ლიბერალური ყოველდღიური გამოცემა „დენნიკ ენი“ 20 ივლისის ნომერში წერდა: „ყველამ უნდა დაიჯეროს, რომ ანგელა მერკელმა - ევროპაში ახალი წესრიგის არქიტექტორმა - იცის, რასაც აკეთებს. ეჭვგარეშეა, რომ ის მთელ თავის ძალისხმევას მოახმარს ევროზონის შენარჩუნებას. პირველი ნაბიჯია საბიუჯეტო წესებისა და სტრუქტურული რეფორმების გატარება - თუ საჭირო გახდა, უხეში ძალის გამოყენებითაც. იდეა ისაა, რომ ეკონომიკური გაჯანსაღება ნდობას აღადგენს და გზას გაუკვალავს მისტიკურ პოლიტიკურ კავშირს. ... მაგრამ რამდენადაა შესაძლებელი ნდობის აღდგენა თავსმოხვეული დისციპლინით? ... ეს კურსი ევროსკეპტიკოსებს, ნაციონალისტებს და მემარცხენე რადიკალებს ხომ არ გააერთიანებს სისტემის წინააღმდეგ თავიანთ რევოლუციურ ბრძოლაში? ... ნებისმიერ შემთხვევაში, მომავალი ევროპა სხვანაირი ევროპა იქნება. დაუსრულებელი პროექტის რომანტიკული ოცნება იცვლება წესების სრულყოფილი კრებულით“.

ევროპული პრესა ასევე აქტიურად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის, იდეას ევროზონის მთავრობის შექმნის შესახებ. ოლანდმა ეს წინადადება საგაზეთო სვეტში ჩამოაყალიბა და დაწერა, რომ მთავრობას თავისი ბიუჯეტი და საპარლამენტო კონტროლი ექნება. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადება ბერლინის გავლენის შეკვეცაზეა ორიენტირებულიო. სხვები მიიჩნევდნენ, რომ ეს კიდევ უფრო მეტად გაზრდიდა დემოკრატიის დეფიციტს ევროპაში. პოლონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური „გაზეტა ვიბორჩა“ 21 ივლისის ნომერში წერდა: „ევროზონამ უკვე მოახდინა თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და დააარსა საბანკო გაერთიანება, რათა მთავარი ბაზრები დაარწმუნოს, რომ ევროს კოლაფსი არ ემუქრება. ეს ძირითადად საერთაშორისო ინვესტორების ზეწოლის შედეგად მოხდა. ... ამიტომაც ისე ჩანს, თითქოს ოლანდს ახლა ბაზრების ნაკლებად ეშინია, ვიდრე ბერლინის. თუ ევროზონის ინტეგრაცია სწრაფად გაგრძელდა, გერმანიის ამჟამინდელი ძლიერი პოზიცია დასუსტდება. ... პარიზსა და რომში ამ დღეებში ღიად ლაპარაკობენ გერმანელების შიშზე - იმის მიუხედავად, ეს შიში საფუძვლიანია თუ არა“.

დასავლეთის პრესა აქტიურად ეხმაურებოდა ტერაქტს, რომელიც 20 ივლისს თვითმკვლელმა მოიერიშემ მოაწყო თურქეთის ქალაქ სურუჩში. ქალაქი სირიის საზღვართან მდებარეობს. თავდასხმას ემსხვერპლა 31 ადამიანი. კვირის განმავლობაში თურქეთის მთავრობამ გაავრცელა ცნობა, რომ, ბევრი ინდიკატორით, თავდამსხმელს კავშირი ჰქონდა ექსტრემისტულ ჯგუფ „ისლამურ სახელმწიფოსთან“. შვედეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ყოველდღიური გამოცემა „დაგენს ნიჰეტერი“ 22 ივლისს წერდა: „რაც უნდა იყოს მიზეზი თურქეთის არასაკმარისად მტკიცე პოზიციისა ‘ისლამურ სახელმწიფოსთან’ მიმართებით, ორშაბათის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ თურქეთის მთავრობამ ვითარება სათანადოდ ვერ შეაფასა. ... ‘ამ თავდასხმის სამიზნე თურქეთია’, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ სამშაბათს. ეს ქვეყანა უკვე იძულებულია გააცნობიეროს, რომ ის რეგიონში გამონაკლისს არ წარმოადგენს. ‘ისლამური სახელმწიფო’ თურქეთს თავს არ დაანებებს, მაგრამ, ცხადია, იგივე ითქმის მთელ ევროპაზე. ... ამ კოშმარს ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდოს“.

თურქეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „ჰურიეთის ყოველდღიური ამბები“ 23 ივლისს წერდა, ანკარამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა სირიაში ასადის რეჟიმის დამხობის ხელშეწყობას შეეცადა, მაგრამ ასეთი შეცდომა ისტორიაში სიახლეს არ წარმოადგენსო. „აშშ, პაკისტანი და საუდის არაბეთი 1970-იან და 1980-იან წლებში ავღანეთში მუჯაჰედებს ეხმარებოდნენ, საბჭოთა კავშირისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. მათ ნაწილობრივ მიაღწიეს წარმატებას, მაგრამ შეხედეთ, საბოლოო ანგარიშით, თავის თავს რა მოუტანეს. ამაზე უკვე ტომებია დაწერილი. თალიბანი, ალ-ყაიდა და 11 სექტემბერი იმ პერიოდის ნაყოფია. ... დადგა დრო, როცა „სამართლისა და განვითარების პარტიამ“ არა მხოლოდ უფრო გადაჭრით უნდა ითანამშრომლოს თავის მოკავშირეებთან ქვეყნის ნამდვილი და მოახლოებული საფრთხეების წინააღმდეგ, არამედ შეწყვიტოს ცუდად შენიღბული პოლიტაქტივობა, რომელიც ემსახურება მისი ისლამისტური იდეოლოგიური მსოფლმხედველობის გავრცელებას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG