Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში უცხოეთის პრესა ბევრს წერდა ევროპაში ლტოლვილების კრიზისზე. საბერძნეთის კუნძულ კოსზე ვითარება სულ უფრო დრამატული ხდება, ახლად ჩასული ლტოლვილების რიცხვი იზრდება. ბევრი გამოცემა წერდა, ეს კრიზისი ევროკავშირის თავშესაფრის პოლიტიკის ჩავარდნაზე მიუთითებსო. ავსტრიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის „კურიერი“ 17 აგვისტოს წერდა: „სირიაში ომი ოთხ წელიწადზე მეტია მძვინვარებს და ამ ხნის განმავლობაში ამ სიგიჟის შესაჩერებლად არც ერთი სერიოზული საერთაშორისო ინიციატივა არ გვინახავს. ერთი რამ ცხადია: სანამ ომი გრძელდება, სირიელი ლტოლვილები ისევ ჩამოვლენ ევროპაში. ავსტრიას, ცალკე, არ შეუძლია მძლავრი ზეწოლის განხორციელება, მაგრამ ევროკავშირს, მთლიანად, მეტის შესაძლებლობა აქვს. მაგრამ რა ხდება? გაერო კიდევ არსებობს? ან მსოფლიოს პოლიციელი შეერთებული შტატები, ან, თუნდაც, მოსკოვში მყოფი ხელმძღვანელობა? ნათელია, რომ მშვიდობის დამყარების პერსპექტივა დაიმარხა იმ სპეციფიკური ინტერესების ქვეშ, რომლითაც ხელმძღვანელობენ სირიაში აშშ, რუსეთი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ირანი“.

ამავე თემას განაგრძობდა ბელგიის ბიზნესგამოცემა „ტიდი“ 20 აგვისტოს ნომერში. გამოცემა გერმანიაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ, ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წელს თავშესაფარს მოითხოვს 800,000-მდე ადამიანი - უფრო მეტი, ვიდრე წინა წლებში. გამოცემა წერდა, გერმანიის მიერ გამოჩენილი სოლიდარობა სამაგალითოაო: „მერკელის მთავრობამ, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკოსები აკრიტიკებენ საბერძნეთის კრიზისის მიმართ სოლიდარობის ნაკლებობის გამო, განაცხადა, რომ დაეხმარება ლტოლვილებს. გერმანიაში ჩასულთა დიდი რაოდენობაც ფარდობითია. თურქეთში მოელიან, რომ მათი რიცხვი ორ მილიონს გაუტოლდება, ლიბანში - მილიონ-ნახევარს. ... უნდა ვაღიაროთ: მიგრაციის საკითხით გამოწვეული ზეწოლა ნებისმიერი საზოგადოებისთვის კომპლექსურ პრობლემაა, მაგრამ საზღვრების ჩაკეტვა და კედლების აშენება არ არის გამოსავალი. ლტოლვილების უმძიმესი მდგომარეობის შემსუბუქების საქმეში ევროპის მიერ გამოვლენილი სოლიდარობის ნაკლებობა ძალიან ცუდი რამაა“.

მალტაში გამომავალი მემარჯვენე-ცენტრისტული ყოველდღიური გამოცემა „მალტა ინდეფენდენტი“ 20 აგვისტოს წერდა: „ბევრი თვლის, რომ გამოსავალი ევროპის საზღვრების ჩაკეტვაა, მაგრამ ეს პრობლემას არ გააქრობს. ნამდვილი გამოსავალია მათ ქვეყნებში მშვიდობის, სტაბილურობისა და კარგი მომავლის შესაძლებლობის გაჩენა. მაგრამ ამას ათწლეულები დასჭირდება. ... აგვისტოს მალე მოჰყვება სექტემბერი და ამინდიც სულ უფრო მეტად გაუარესდება. მიგრანტები სულ უფრო დიდი ძალისხმევით შეეცდებიან ამ გზის გავლას ამინდის გაუარესებამდე. ეს გამოიწვევს ნავების კიდევ უფრო გადავსებას და, შესაბამისად, მეტი ადამიანის დაღუპვას. გამოსავლის პოვნისგან კი კვლავაც ძალიან შორს ვართ“.

კვირის მეორე ნახევარში პრესა ბევრს წერდა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის ალექსის ციპრასის გადაწყვეტილებაზე, გადადგეს თანამდებობიდან. ხელახალი არჩევნები სექტემბრის შუა რიცხვებში დაინიშნა. ციპრასი იმედს გამოთქვამს, რომ თავისი პარტიისთვის ძლიერ მანდატს მოიპოვებს. ჟურნალისტების ნაწილი წერდა, პრემიერის გადაწყვეტილებამ შესაძლოა სტაბილურობა მოუტანოს როგორც საბერძნეთს, ისე ევროპასო, სხვები კი გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ ციპრასი ხალხს განზრახ აიძულებს ახლა მისცენ მას ხმა, სანამ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობის შედეგები საგრძნობი გახდება. იტალიაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის ბიზნესგამოცემა „ილ სოლე ვენტიკვატრო ორე“ 21 აგვისტოს წერდა: „ხუთი კვირის წინ ის ბრიუსელში მარტო იყო ყველას წინააღმდეგ. ციპრასმა გაბედული ნაბიჯი გადადგა და ევროპის დიქტატს დაემორჩილა, რათა თავისი ქვეყანა ეხსნა გარდაუვალი კატასტროფისგან. შემდეგ, ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელებული იდეოლოგიური პროვოკაციებისა და შეუძლებელი მოთხოვნების ფონზე, მან შეძლო შეთანხმების მიღწევა საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პაკეტზე. თუ ამ მესამე გამოცდასაც ჩააბარებს და საბერძნეთის გაჯანსაღებისა და მოდერნიზების კურსს გაატარებს, ციპრასი არა მხოლოდ დიდი ბერძენი სახელმწიფო მოღვაწეების ოლიმპოზე დაიმსახურებს ადგილს, არამედ გადაიქცევა ახალი ევროპული პოლიტიკის მთავარ ფიგურად. ის იქნება კაცი, რომელმაც საოცარი და შორსმჭვრეტელური შემობრუნებით არ დაუშვა საბერძნეთის გასვლა ევროს მოქმედების ზონიდან და არა მხოლოდ თავისი ქვეყანა, არამედ ევროც გადაარჩინა. მან დაამტკიცა, რომ ინტელექტუალური მოქნილობისთვის საჭირო გაბედულება, რაც ევროპულ კულტურასა და აზროვნებაში იშვიათია, საბოლოო ანგარიშით, ყველას მორალურ მოვალეობას წარმოადგენს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG