Accessibility links

უცხოეთის პრესაში გასულ კვირაში გამოქვეყნებული სტატიებიდან თითო-ოროლა საქართველოსაც შეეხო. გამოცემა „ფორინ ეფეარზი“ აქვეყნებს მაიკლ ჩეჩირეს სტატიას, რომელიც ასეთი ფრაზით იწყება: „საქართველო, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლიტიკურად განსაკუთრებით სტაბილური, კიდევ ერთხელ აირია“. ჩეჩირე ამბობს, რომ თავისებური წინათგრძნობა უჩნდება, როცა ხედავს, რა ხდება საქართველოში: სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებები, მედიის შეზღუდვა, ორმხრივი ცხარე დაპირისპირების ტალღა და ეს - რუსეთის მუდმივი მუქარის ჩრდილქვეშ. „ქართულ ოცნებას“ ბრალად სდებენ, განაგრძობს ის, რომ ცდილობს შექმნას პოლიტიკური კრიზისი, რათა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ გაანადგუროს. და ეს აზრი თითქოს დადასტურდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამონათქვამით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკაში დარჩენის უფლება არ აქვს, და იმითაც, თუ როგორ ცდილობს სახელმწიფო დაშალოს „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრე ტელეარხი „რუსთავი 2“. მაგრამ, ჩეჩირეს სიტყვებით, „ქართული ოცნების“ მაქინაციები უფრო მცირე ნაწილია დიდი პრობლემისა, რომელიც საქართველოს აქვს 2016 წლის არჩევნების წინ: ამერიკელი პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ საკვანძო პრობლემაა გავლენის მოსაპოვებლად რუსეთის მოქმედებისგაძლიერება. „’ქართული ოცნება’, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა 2012 წელს შოკის მომგვრელი გამარჯვებით სულ უფრო ავტორიტარულ მეტოქე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“, სუსტდება. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო გამოკვლევის თანახმად, კოალიციის რეიტინგი კიდევ უფრო დაეცა, მაშინ როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალას. ამავე დროს, საქართველოს პოლიტიკასა და საზოგადოებაში პრორუსული ელემენტები, როგორიცაა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე და „პატრიოტთა ალიანსის“ პოპულისტები, აღმავლობას განიცდიან. მათ ხელს უწყობს ეკონომიკური ვარდნა და საზოგადოების მზარდი იმედგაცრუება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ დაპირებების შეუსრულებლობის გამო“. მაიკლ ჩეჩირე ინფორმირებულია, რომ საქართველომ დააკმაყოფილა ნატოს წევრობისთვის საჭირო თითქმის ყველა სტანდარტი, მაგრამ ევროპაში კვლავ წინააღმდეგობას აწყდება რუსეთის რეაქციის შიშის გამო.

სულ მოკლედ გაგაცნობთ გერმანიაში, მიუნხენში, გამომავალი „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“ ერთ სტატიას, რომელიც საქართველოს დედაქალაქს, როგორც სტატიის ავტორი უწოდებს, „კავკასიის სამკაულს“, ეხება. წერილში მოთხრობილია, ჩანს,ყურმოკრულზე დაყრდნობით, საქართველოს ისტორია და ნათქვამია, რომ დაცემა და წინსვლა, რაც ასე ახასიათებს ამ ქალაქს, მას უფრო საინტერესოს ხდის. გერმანელი ჟურნალისტი სტატიას ასე ასრულებს: „როცა ჩრდილოეთიდან თბილისში შედიხართ, საგზაო ნიშანზე წაიკითხავთ: თეირანი- 1200 კილომეტრი. ორი დღე რომ იაროთ, ირანის დედაქალაქში, ღრმა აზიაში ჩახვალთ. ბერლინამდე სამი ათასი კილომეტრია. თბილისი კონტინენტებს შორის მდებარეობს, ეს აქცევს მას საინტერესოდ“. თბილისი, წერს სტატიის ბოლოს ავტორი, ისე ჩანს, რომ დაშლის პირასაა, მაგრამ შეიძლება სწორედ ახლა იწყებდეს აღზევებას.

ახლა იმაზე, თუ რა იწერებოდა უცხოეთის პრესაში, რა თემები იყო ყველაზე ხშირად გაშუქებული:ევროკავშირის და აფრიკის სამიტის გამო დაიწერა არაერთი კომენტარი. ჩეხეთის „ლიდოვე ნოვინი“ ფიქრობს, რომ ევროპას კარგი განზრახვა აქვს:გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, სურს ახალგაზრდა აფრიკელებს ევროპაში მუშაობის შესაძლებლობა მისცეს. კარგი სიტყვებია, მაგრამ ისინი სხვა რამესაც გულისხმობს - იმას, რომ აფრიკელები საკუთარი ძალებით ვერ ახერხებენ იმედი გაავრცელონ საკუთარ კონტინეტზე. ისეა, თითქოს, ანგელა მერკელი მიანიშნებდეს, რომ კოლონიალიზმისგან განთავისუფლების შემდგომ აფრიკელების უკვე მესამე თაობას არ ძალუძს პასუხიმგებლობა თვითონ იკისროს, წერს პრაღის „ლიდოვე ნოვინი“.

აფრიკა-ევროკავშირის მალტაში გამართულ სამიტს ეხება „ნოიე ციურხერ ცაიტუნგიც“. ამჯერად სირიიდან ხალხთა გადასახლება კი არა, აფრიკელები იყვნენ ყურადღების ცენტრში. მიზანი იყო გაცვლითი ოპერაცია: ევროკავშირი გაიღებს მილიარდ რვაასი ათას ევროს, როგორც განვითარებისთვის ხელშეწყობის ხარჯს, უკან დაბრუნებისთვის დახმარების ფორმით. ეს, „ციურხერ ცაიტუნგის“ აზრით, ალიბის ქონისა და შელამაზების პოლიტიკის ნარევია. აფრიკელები საჰარისა და ხმელთაშუაზღვის გავლით სახიფათო მოგზაურობას იმიტომ კი არ იწყებენ, რომ ღარიბები და იმედგაცრუებულნი არიან, არამედიმიტომ, რომ ევროპაში უკეთეს ცხოვრებას მოელიან, სამშობლოში კი - არა.

ბრიტანეთის „გარდიანიც“ ამავე თემაზე - მიგრანტთა პრობლემაზე - მსჯელობს და მხარს უჭერს კანონიერი მიგრაციისთვის გზის მომზადების მოთხოვნას. ევროპას სჭირდება მიგრანტები, ახალგაზრდები, მოტივირებული და სწავლის მოსურნე, გადასახადების მომავალი გადამხდელები, რომლებიც მოხუცებული მოსახლეობისთვის დახმარებას წარმოადგენენ. აფრიკიდან მიგრაციას სხვა მიზეზები აქვს, ვიდრე სირიიდან გაქცევას და ის არ დასრულდება, წერს „გარდიანი“ და განაგრძობს: ევროპელმა პოლიტიკოსებმა უნდა გაიგონ, რომ თანამშრომლობაა საჭირო ამ სფეროში - შეიძლება, აშშ-ის მსგავსად, მიგრანტებისთვის კვოტების ან ლატარიის შემოღება. კანონიერი მიგრაციის დაშვება გარდაუვალი იქნება, თვლის „გარდიანი“.

ორი მოკლე ფრაგმენტი დასავლეთის პრესიდან რუსი სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარების გამო წაყენებული ბრალდებების თაობაზე: „ვაშინგტონ პოსტი“ საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების მოთხოვნას სამართლიანად მიიჩნევს: დოპინგის მსხვერპლნი არ არიან მხოლოდ სპორტსმენები, რომელთა ჯანმრთელობას ზიანი მიადგა. „სუფთა“ სპორტსმენები არასასიკეთო ვითარებაში აღმოჩნდებიან, გამარჯვებულებს მოგება ჩაუშხამდებათ, შეჯიბრება ეჭვქვეშ დგება. ამიტომ გამოვიდა საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყება რეკომენდაციით, არ დაუშვან რუსეთი რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე, თუ უწყებები, ბოლოს და ბოლოს, არ დაიწყებენანტისადოპინგო წესების დაცვას. სასჯელის ეს ზომა ერთობ მკაცრი კი იქნებოდა, მაგრამ გამართლებული, რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ნორმების თავბრუდამხვევი დარღვევის ვითარებაში, თვლის „ვაშინგტონ პოსტი“.

იტალიის„ლა რეპუბლიკა“ ფიქრობს, რომ დოპინგის დებატები სპორტის სფეროს სცილდება. „დაპირისპირება პუტინის რუსეთსა და დასავლეთს შორის ფართოვდება. საზღვარი სირიიდან დონბასადმე გადის, ის ჩანს ეკონომიკურ ბოიკოტებსა და იმაში, რომ რუსეთის ბომბდამშენები ნატოს თვითმფრინავებს გვერდით ჩაუფრენენ ხოლმე. საერთაშორისო ანტისადოპინგო უწყების განაჩენი წინასწარ განზრახული არა, მაგრამ პოლიტიკურად გარდაუვალი იყო, წერს „რეპუბლიკა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG