Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში უცხოეთის პრესაში იწერებოდა კლიმატის ცვლილებების საერთაშორისო შეხვედრასა და მაჰმადიან სახელმწიფოთა ალიანსის შექმნაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

პარიზში დასრულებულ შეხვედრას, რომლიც კლიმატის ცვლილებებს ეძღვნებოდა და რომელზეც საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს, გამოეხმაურა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“. მართალია, თითოეულ სახელმწიფოს თავისი მიზანი აქვს დასახული და უმეტესად ეს განზრახვის გამოხატვაა მხოლოდ, პარიზის შეთანხმებას „საერთაშორისო სამართლებრივი ბუნება აქვს და ის წევრებს აიძულებს მიზნები ჩამოაყალიბონ და ხუთი წლის განმავლობაში მათ გამძაფრებაზე ილაპარაკონ. ამის შედეგად, ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოსო“, თვლის შვეიცარიის გაზეთი.

შეთანხმებას აქებს ბრიტანეთის „გარდიანიც“: კლიმატის სამიტმა აჩვენა, რა დამაჯერებელი ძალა აქვს მომთხოვნ დიპლომატიას, როცა ის იმ ქვეყნებს შორის მოქმედებს, რომლებიც სუვერენიტეტს ეგოისტურად იცავენ. პარიზმა სამყაროს პრაგმატული პოლიტიკის წარმატების იმედი მისცაო, შედეგისშეფასებას იძლევა „გარდიანი“.

სლოვაკეთში გამომავალი „პრავდა“ ასეთი აზრისაა: როცა მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები იკრიბებიან, მათ მიერ მიღწეულ შედეგებს იშვითად აფასებენ სხვა სიტყვებით, თუ არა „ისტორიული“ და „ნოვატორული“. პარიზშიც შეძლეს მათ ჩვენი შვილების მომავლის გადარჩენა. ცხადია, შედეგები მნიშვნელოვანია და ისინი სამომავლო მიზნებისთვის ამოსავალი წერტილია. საკითხავი მხოლოდ ის არის, გაზეთ „პრავდის“ თანახმად, ასე გაიგეს თუ არა ეს მონაწილე ქვეყნებმა.

ვენის „პრესე“ კრიტიკულიც კია პარიზში მიღწეულის მიმართ: „პარიზის შეთანხმებას სუბსტანცია აკლია იმისთვის, რომ საკუთარ მიზანს მიაღწიოს, ანუ დედამიწაზე დათბობაწინასამრეწველო დონეზე ორი გრადუსით მაღლა შეზღუდოს. გაზეთის აზრით, დიდია ნაპრალი პრეტენზიასა და რეალობას შორის. შეუძლებელია ლაპარაკი ყველასათვის კლიმატის დაცვის ნორმაზე, თვლის ავსტრიის „პრესე“.

საფრანგეთის ადგილობრივ არჩევნებს და იქ ეროვნული ფრონტის წარმატებასა და წარუმატებლობაზეწერს „ნიუ იორკ ტაიმსი“, რომელიც მარინ ლე პენს, ნაციონალისტების ლიდერს, აშშ-ში საპრეზიდენტო რესპუბლიკურ კანდიდატს ტრამპს ადარებს: „ლე პენი ახლა სერიოზული კანდიდატია 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მართალია, ის ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში წარუმატებელი იყო, მაგრამ, ტრამპის მსგავსად, ბევრისთვის ის, სავარაუდოდ, მეტ უსაფრთხოებასთან ასოცირდება.

ისრაელის გაზეთი „ჰაარეცი“ ამავე თემაზე კომენტარს აკეთებს: „ულტრამემარჯვენეებს საფრანგეთში, ეჭვგარეშეა, ბევრი მომხრე ჰყავთ, მაგრამ დემოკრატიული ბანაკი დიდია და ეს გამოჩნდა კიდეც. ფრანგებს სტრატეგიული არჩევანი არ გაუკეთებიათ, თავიანთი ფასეულობები დაიცვეს. ეს იყო არჩევანი რესპუბლიკასა და მათ შორის, ვინც ამ რესპუბლიკის განადგურებას ცდილობს, ფიქრობს ისრაელის გაზეთი და ამით ეხმაურება ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში მემარჯვენე ექსტრემისტების მარცხს.

ტერორიზმის წინააღმდეგ მაჰმადიანური ქვეყნების ალიანსზე წერს ლუქსემბურგის გაზეთი „ტაგებლატი“: 34-მა მაჰმადიანურმა ქვეყანამ დადებითი მიზანი დაისახეს - ერთად შეებრძოლონ ტერორიზმს. თუმცა ანტიტერორისტულ კოალიციას სათავეში უდგას საუდის არაბეთი, ვაჰაბისტური ქვეყანა, რომელიც ადამიანებს, როგორც ბლოგერს, რაიფ ბადაუის შოლტის ცემით სჯის, მოქალაქეებს გულცივად ხოცავს და, ირანის, თურქეთისა და ისრაელის მსგავსად, ტერორისტულ გაერთიანებებს უჭერს მხარს, თუ ამას პოლიტიკურად გამართლებულად მიიჩნევს. და გაზეთს უკვირს, სწორედ ამ კოალიციას უნდა შეებრძოლოს ტერორიზმს, თავისი შინა წინააღმდეგობრიობის, ასევე იმის მიუხედავად, რომ ირანი გამორიცხულია და ასევე იმისა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის სხვადასხვა პროგრამები აქვთო. ამაზე უფრო დიდი აბსურდი წარმოუდგენელიაო, წერს „ტაგებლატი“.

ავსტრიის „შტანდარტი“ შიშობს, ამ კოალიციაში არ მოხვდნენ ქვეყნები, სადაც ძალაუფლება შიიტების ხელშია.

გაზეთი „ირან დეილი“ კრიტიკულია ალიანსის მიმართ და წერს, აშშ და დასავლეთი უკვე რა ხანია მიხვდნენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ დიდი მხარდაჭერა აქვს თავისი მოკავშირეებისგან, საუდის არაბეთისა და თურქეთისგან. ამ დროს კი, ირანი ამგვარ ტერორისტულ გაერთიანებებთან ბრძოლაში ბუნებრივი პარტნიორი იქნებოდაო“, თვლის „ირან დეილი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG