Accessibility links

logo-print

დასავლეთის პრესა კვლავ ეხმაურებოდა ბრიტანეთში ჩატარებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც მოსამართლემ დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „სავარაუდოდ“, ნება დართო ყოფილი ჯაშუშის, ალექსანდრ ლიტვინენკოს, მკვლელობას. ლიტვინენკო 2006 წელს ლონდონში გარდაიცვალა, რადიოაქტიური ნივთიერებით მოწამვლის შედეგად - მას შემდეგ, რაც რუსეთის ორ მოქალაქეს შეხვდა. დასავლეთის პრესაში ისმებოდა შეკითხვა, გატარდება თუ არა ზომები მოსკოვის წინააღმდეგ გამოძიების დასრულების შემდეგ. ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი, რუსეთის საკითხების ექსპერტი ედვარდ ლუკასი რუმინულ ბლოგ-პორტალ „კონტრიბუტორსზე“ 27 იანვარს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, ლიტვინენკოს მკვლელობაში პუტინის როლის გამოძიებაზე ვარაუდების გამოთქმის ნაცვლად დასავლეთმა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას საიმისოდ, რომ მორალური სახე დაიბრუნოსო: „გაცილებით უფრო ეფექტიანი იქნებოდა რუსეთის ბინძური ფულის მიმოქცევის გამოძიება. ბრიტანეთის ბანკები, საადვოკატო კომპანიები, ბუღალტრები და სხვები დაუფარავ, უსირცხვილო სიხარბეს ავლენენ რუსეთთან ურთიერთობისას. ... ლონდონის ბიზნესწრეებში პროტესტი არ მოჰყოლია [რუსული კომპანია] „როსნეფტისთვის“ უფლების მინიჭებას, თავისი აქციები ბირჟაზე გამოეტანა გასაყიდად ბატონი ლიტვინენკოს მკვლელობამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე. ეს ზუსტად იგივეა, უცხოელებს რომ ლონდონის ქუჩებში მოპარული ქონების გაყიდვის უფლება მივცეთ. თუმცა, პოლიციის გამოძახების ნაცვლად, ჩვენი ბიზნესმენები რიგში ჩადგნენ თავიანთი წილის მოსაპოვებლად“.

მიმდინარე კვირაში ევროპის პრესის ყურადღების ცენტრში მოექცა დანია და მისი გადაწყვეტილება, გაამკაცროს თავშესაფრის მოპოვების კანონები. ამჟამინდელი გეგმით, მომავალში პოლიციას უფლება ექნება კონფისკაცია გაუკეთოს თავშესაფრის მაძიებლის ნაღდ ფულს და ძვირფას ნივთებს, ახალი შეზღუდვები უწესდება ოჯახების გაერთიანების პროცესს და მოკლდება ბინადრობის უფლების ვადები. ამ ნაბიჯებს მწვავე კრიტიკა მოჰყვა სხვა ქვეყნებიდან, რასაც აქტიურად გამოეხმაურა თავად დანიის პრესა. ეს კანონი არ უნდა დამტკიცდეს, რათა დანია არ წარმოაჩინონ ბოროტ, ქსენოფობ სახელმწიფოდო, წერდა 26 იანვარს მემარცხენე-ცენტრისტული „პოლიტიკენი“: „ჩვენი საზოგადოება უნდა შეჩერდეს და დაფიქრდეს. სამარცხვინო არაფერია იმის აღიარებაში, რომ ესა თუ ისიდეა არ უნდა განხორციელდეს, რადგან მან ისეთი განზომილება შეიძინა, რომელიც არანაირად არ ყოფილა თავდაპირველი მიზანი. საგანგებო კანონი არ გვჭირდება. აქ მცხოვრები ლტოლვილები, რომლებსაც სახელმწიფო ეხმარება, ისეთსავე რეგულაციებს დაექვემდებარებიან, როგორსაც ყველა სხვა. დანია ლტოლვილებს ხელს არ ჰკრავს, ის არ არის ქსენოფობიური ან ანტი-ისლამური განწყობებით გამორჩეული ქვეყანა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ კანონმა შესაძლოა დანარჩენ მსოფლიოს აფიქრებინოს, რომ ასეთები ვართ, ამ კანონის გარეშეც შევძლებთ ყოფნას. დაეჭვებას და გადასინჯვას კანონი არ კრძალავს და საამისოდ დრო კიდევ არის“.

დანიაში გამომავალი კონსერვატიული ორიენტაციის ყოველდღიური გაზეთი „ბერლინგსკე“ კი 25 იანვარს წერდა, ამ კანონის არ უნდა შეგვრცხვესო: „აჟიოტაჟი როცა ჩაცხრება, იმედია უმეტესობა მიხვდება, რომ დანია ცილისმწამებლური კამპანიის სამიზნე გახდა და არაფერი აქვს საიმისო, რომ რცხვენოდეს, მთავრობის მხრიდან კრიზისთან მოუქნელი ბრძოლის გარდა. დანია იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებმაც ყველაზე მეტი ლტოლვილი მიიღეს, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით. მსოფლიოს ხუთ ქვეყანას შორის ვართ ერთ-ერთი, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 0,7 პროცენტს თუ მეტს ახარჯებს განვითარებისთვის გამოყოფილ დახმარებას. დანია იცავს ადამიანის უფლებებს და ერთგულია საერთაშორისო შეთანხმებებისა. სურათი სწორედ ასეთია. მაგრამ ისეთ გამონაკლის ვითარებაში, რომელშიც ამჟამად დანია და ევროპა არიან, ლეგიტიმურია საკუთარი თავი დავიცვათ ლტოლვილთა და მიგრანტთა წამლეკავი მოზღვავებისგან“.

26 იანვარს ვატიკანში გაიმართა რომის პაპის ფრანცისკესა და ირანის პრეზიდენტ ჰასან როჰანის შეხვედრა. შეხვედრის ორგანიზატორები შეეცადნენ ვიზიტი კიდევ უფრო კომფორტული ყოფილიყო სტუმრისთვის: რენესანსის პერიოდის ზოგიერთი ქანდაკება - მათ შორის, ბევრი შიშველი ფიგურა - შეფიცრეს. ამ ცნობას აქტიური გამოხმაურება მოჰყვა პრესაში. იტალიის მემარცხენე-ცენტრისტული ყოველდღიური გაზეთი „რეპუბლიკა“ წერდა: „დღევანდელი პერსპექტივიდან ცხადია, რომ დასავლეთსა და ისლამს შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი ასპექტი შეურაცხყოფის საკითხია. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დასავლეთმა ისწავლა ამასთან გამკლავება. თუმცა იმასვე ვერ ვიტყვით ისლამზე ან, სულ მცირე, ისლამური სამყაროს დიდ ნაწილზე. ჩანს, რომ განსხვავებულის მიმართ შემწყნარებლობა არ წარმოადგენს იმ ხალხის თვისებას, ვისაც ჩვენ ზედმიწევნით ტაქტიანად უნდა მოვეპყროთ. მათი დახმარება არ არის იოლი საქმე, თუმცა მათ ვერც იმით დავეხმარებით, თუ ჩვენი კულტურის მნიშვნელოვან ნიმუშებს დავმალავთ - თითქოს იმ მიზნით, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენოთ მათ გრძნობებს. პირიქით, ეს მხოლოდ გაზრდის მათ უუნარობას, რომელიც, პირველ რიგში, მათვე ვნებს - დაინახონ მსოფლიოს მრავალფეროვნება და ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელსაც მისი სხვადასხვა კულტურა თუ მსოფლმხედველობა ქმნის“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG