Accessibility links

logo-print

გასული კვირის დასაწყისში პრესაში აქტიურად განიხილებოდა ე.წ. „პანამის დოკუმენტების“ ამბავი. ამ დოკუმენტებით, რომელზე დაყრდნობითაც კვირის დასაწყისში დიდი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, ირკვევა, რომ მრავალი ქვეყნის ლიდერი, პოლიტიკოსები თუ ბიზნესმენები, გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით, თანხას ოფშორულ ზონებში მალავენ.

ამ სიაში ერთ-ერთია ისლანდიის პრემიერ-მინისტრი დეივიდ განლაუგსონი, რომელსაც გამოძიების შედეგად დაწყებული აქციების შემდეგ თანამდებობის დატოვება მოუხდა.

შვეიცარიული მემარჯვენე გამოცემა „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ 7 აპრილს წერდა, „შესაძლებელია, პრემიერ-მინისტრს კანონით არც არაფრის უნდა ეშინოდეს, მაგრამ მისი საქციელი ნორდიკულ ღირებულებებს არ შეესაბამებაო. „თუნდაც მხოლოდ ის, რომ პრემიერ-მინისტრის მიმართ გადასახადების დამალვის შესახებ ეჭვი გაჩნდა, უპატიებელიაო“, წერს გამოცემა“.

ამავე სიაში აღმოჩენილ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს კი ამართლებს ადგილობრივი კონსერვატიული გამოცემა „ფაინენშალ ტაიმზი“. 8 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში გაზეთი ამ ამბავს უწოდებს „კემერონის სახელის შებღალვის უსუსურ მცდელობას“.

„პრემიერ-მინისტრის ოპონენტები ყოველთვის პოლიტიკურ სისუსტედ აფასებდნენ კემერონის წარსულს და, სავარაუდოდ, იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებსაც ის ღარიბი მეთევზის შვილი ეგონათ, ეს ამბავი შოკისმომგვრელი იქნებაო“.

ბრიტანული მემარცხენე გამოცემა „ინდეფენდენტი“ კი დევიდ კემერონს უპრინციპოს უწოდებს და მოუწოდებს თანამდებობა დატოვოს.

8 აპრილს გამოცემა წერდა, „თუ პრემიერ-მინისტრი თავისი ნებით არ გადადგება, მაშინ ის თანამდებობიდან, ხმის მიცემის წესით, საკუთარმა პარტიამ უნდა გადააყენოსო“.

გასულ კვირას დაიწყო მიგრანტების საბერძნეთიდან თურქეთში დაბრუნების პროცესი. მარტის დასაწყისში ევროკავშირსა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად, თურქეთი, მიგრანტების შეფარების სანაცვლოდ, ევროპისგან ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მიიღებს.

თურქული პროსამთავრობო გამოცემა „დეილი საბაჰ“ 5 აპრილს წერდა, რომ სამი მილიონი მიგრანტი ქვეყანაში ხანგრძლივი მოქმედების ბომბი იქნება, თუ მათ არ მიეცემათ ღირსეული მომავალი და ადამიანური საცხოვრებელი პირობები.

გამოცემა წერს, რომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს თურქეთის მთავრობას თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ქვეყანამ სირიელებს დახმარების ხელი გაუწოდოს:

„საქმე ფულს არ ეხება, საქმე ეხება პრინციპებს და ღირებულებებსო“.

ბრიტანულმა მემარცხენე გამოცემა „გარდიანმა“ კი ევროკავშირსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმება გააკრიტიკა.

4 აპრილს გამოცემა წერდა, რომ ეს არის მიგრანტებისათვის თავშესაფრის მიღების უფლების ჩამორთმევა.

„ბევრმა მიგრანტმა არც კი იცის ხელშეკრულების პირობების შესახებ. ასევე, გაურკვეველია, როგორ გაუმკლავდება თურქეთი ამ პროცესსო“, - ვკითხულობთ სტატიაში.

გასულ კვირას ნიდერლანდში გაიმართა რეფერენდუმი უკრაინისა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესახებ. მონაწილეთა უმრავლესობამ უკრაინის ასოცირებას მხარი არ დაუჭირა. ამ რეფერენდუმმა დასავლურ პრესაში კრიტიკა გამოიწვია.

ფინურმა ყოველდღიურმა გამოცემა „აამულეჰტიმ“ 8 აპრილს გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რეფერენდუმი სათამაშო არ არის“.

გაზეთი წერს, რომ ჰოლანდიელები პირდაპირ დემოკრატიასთან ცუდად თამაშობენ: „რეფერენდუმები კარგი მაშინაა, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოსთვის მნიშვნელვანი საკითხების გადაწყვეტას და ეს დემოკრატიის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა რაღაც ზღვარი უნდა არსებობდესო“.

ბელგიური გამოცემა „დე სტანდაარდი“ კი წერს, რომ ამ რეფერენდუმს არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან:

„გამოკითხვაში მონაწილეობა მოსახლეობის 32-მა პროცენტმა მიიღო, რომლის უმრავლესობამაც ხმა უკრაინის წინააღმდეგ მისცა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველთა უმცირესობა თავის აზრს თავს ახვევს ხმის უფლების მქონე იმ 70 პროცენტს, რომელსაც რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღია“.

ესპანური მემარცხენე გამოცემა „ელ პაის“ კი 8 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში გამოთქვამს აზრს, რომ ამ რეფერენდუმმა ასახა მოსახლეობის იმედგაცრუება ევროკავშირისადმი და მას უკრაინის ასოცირებასთან არაფერი აქვს საერთო:

„მოხდა ზუსტად ისე, როგორც ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში ევროპაში გამართულ რეფერენდუმებზე - ამომრჩევლებმა დასმული შეკითხვის ნაცვლად უპასუხეს იმ შეკითხვას, რომელსაც ისურვებდნენ, რომ მათთვის დაესვათ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG