Accessibility links

logo-print

გასულ კვირაში დასრულდა ოლიმპიური თამაშები. პრესა რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის განსხვავებულ მხარეებზე წერდა. პორტუგალიის „პუბლიკო“ აღნიშნავდა, რომ ამ თამაშებით, საბოლოო ჯამში, მხოლოდ უძრავი ქონებით სპეკულანტებმა და სამშენებლო ფირმებმა ნახეს მოგება. ხალხი სხვა რამის მოლოდინში იყო, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში კორუფციის გამო სკანდალებს მღელვარება მოჰყვა. ახლა კი მთელმა ბრაზილიამ უნდა გადაიხადოს მეტროს ახალი ხაზის და სხვა ნაგებობების მშენებლობის საფასური, რომელიც ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ადრე გამოცხადდა და, ამასთან, “პუბლიკოს” ცნობით, არ არის გარკვეული, რაში გამოადგება ისინი ქვეყანას.

ჩეხეთის „ლიდოვე ნოვინი“ ოლიმპიადაზე ქებით წერს: „ისეთმა ქვეყანამაც შეძლო ოლიმპიადის მასპინძლობა, რომელიც ბოლო ხანებამდე განვითარებად სახელმწიფოდ ითვლებოდა. რიომ შთამბეჭდავად გვიჩვენა, რომ თამაშები მთელი სამყაროს კუთვნილებაა.

შვეიცარიის „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ ოლიმპიადასთან დაკავშირებით სხვაგვარ დასკვნას აკეთებს: თამაშებმა და მისმა მრავალფეროვნებამ, რითაც არის ოლიმპიადა განსაკუთრებული, რიო-დე-ჟანეიროში ვერ ჩამოაღწია. ბრაზილიელები ცდილობდნენ, კარგი მასპინძლები ყოფილიყვნენ, გადამდები იყო მათი ემოციურობა და კეთილგანწყობა, მაგრამ ასევე აშკარა იყო ის ინდიფერენტიზმი, რომლითაც ისინი ეგებებოდნენ ყველაფერს, რაც მათ სპორტულ კულტურას არ მოერგება. ეს კი ცოტა არ არის. რიოს, ამ მხრივ, მეტი დაეკისრა, ვიდრე შეეძლო, დაასკვნის ციურიხში გამომავალი გაზეთი.

ამავე ქვეყნის გაზეთი, „ტაგეს-ანცაიგერი“, თურქეთისა და სირიის გამო წერს: „ამ ეტაპზე ეს ქვეყანა საკუთარი თავის დაცვასაც ვერ ახერხებს. და ეს მართლა ასეა: ძნელი წარმოსადგენია მშვიდობა თურქეთში სირიაში მშვიდობის გარეშე. ამ ორ ქვეყანას 900-კილომეტრიანი საზღვარი ყოფს. მაგრამ ანკარა თავისას ცდილობს. არშემდგარი პუტჩის შემდეგ მთავრობამ დაითხოვა ათეულათასობით მოხელე, რომლებსაც პუტჩთან კავშირში ადანაშაულებენ. მთავრობა მთელ სახელმწიფო აპარატში მტრებს ხედავს. მოქალაქეები ერთმანეთს აღარ ენდობიან. მაგრამ თურქეთს აკლია ანტიტერორიზმში გამოცდილი ექსპერტები. ქურთთა კომუნისტურმა მუშათა პარტიამ კვლავაც მოაწყო გასულ კვირაში ტერაქტი. გაზიანთეფში მომხდარი აფეთქებების ავტორი შეიძლება „ისლამური სახელმწიფო“ იყოს. გაზეთის აზრით, მართალია, თურქეთმა ერთიანი ძალებით შეძლო პუტჩის ჩაშლა, მაგრამ ის ახლა ადრინდელზე უფრო სუსტია.

თურქეთის პრეზიდენტის პოლიტიკას აანალიზებს ბრიტანეთში გამომავალი პანარაბული გაზეთი „რაი ალ-იუმი“. გაზეთის თანახმად, ერდოანი ფიქრობს, რომ დასავლეთი აპირებს თურქეთის სამხრეთში, სირია-ერაყ- ირანის საზღვრებში, ქურთული სახელმწიფო შექმნას. ალბათ, ამან გადააწყვეტინა სხვა ბანაკში გადასულიყოო, ამბობს არაბული გაზეთი, რომლის ვარაუდითაც, რადგან ერდოანის აზრით, თურქეთის ტერიტორიულ მთლიანობას ისეთი საფრთხე შეექმნა, როგორც არასდროს, ახლა მან შეიძლება, ამ სამ სახელმწიფოსთან შეკავშირება სცადოს, ბოლო ხუთი წლის პოლიტიკური კურსი შეცვალოს, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადთან ბრძოლა შეწყვიტოს და სირიის ოპოზიციასთან ფლირტი დაასრულოს, ვარაუდობს ლონდონში გამომავალი გაზეთი.

„ვაშინგტონ პოსტი“ ეხმაურება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, თურქეთში ვიზიტს, რომელიც ამ კვირაში შედგა: „ბაიდენს მართებს აღიჭურვოს დიდი მოთმინებით და მოუხმოს ყველა თავის შესაძლებლობას იმისათვის, რომ თურქეთის პრეზიდენტს მკაფიო და დამარწმუნებელი რჩევები მისცეს. ერდოანმა უკან არ უნდა დაიხიოს, წერს გაზეთი, ერდოანი უნდა დარწმუნდეს, რომ მათ სახელმწიფოებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ - მათ შორის, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლა. მაგრამ, „ვაშინგტონ პოსტის“ აზრით, ერდოანი არ მოისურვებს ბაიდენს ბოლომდე მოუსმინოს. ერდოანი ავტორიტარულ რეჟიმს აყალიბებს, რაც ბევრ საზრუნავს აჩენს. ის ფაქტი, რომ თურქები პუტჩის შემდეგ ქუჩაში გავიდნენ, იმაზე მეტყველებს, რომ მათ დასუსტებული დემოკრატიისა მაინც სჯერათ. მაგრამ ერდოანმა დემოკრატიას და სამართლებრივ სახელმწიფოს სერიოზულად გამოუთხარა ძირი. მან ფეთულა გიულენს დააბრალა პუტჩის მოწყობა და აშშ-ისგან მის გადაცემას ითხოვს. ბაიდენმა მას უნდა განუმარტოს, რომ აშშ გიულენს არ დაუთმობს კუდიანებზე ნადირობის სამიზნედ. ერდოანს უნდა შეახსენონ, რომ ის თავის ქვეყანას არ გააძლიერებს, თუ პუტჩს მიზეზად გამოიყენებს და მედიას, მეცნიერებს და სხვა დამოუკიდებელ ხმებს ჩააჩუმებს, რჩევას იძლევა „ვაშინგტონ პოსტი“.

დასავლეთის პრესა საფრანგეთის ზოგიერთ თემსა და ქალაქში, ნიცასა და კანში, პლაჟებზე ბურკინის, ქალის საცურაო მთლიანი სამოსის, აკრძალვასაც გამოეხმაურა. ეს წერილები მაშინ დაიბეჭდა, როცა ჯერ არ ჰქონდა უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული, გაეუქმებინა აკრძალვა. ბრიტანეთის „გარდიანი“ ნიცისა და კანის მიერ ბურკინის აკრძალვას დასცინოდა და წერდა, ასეთია თავისუფლება - ოთხი შეიარაღებული პირი ქალისგან მოითხოვს საჯაროდ გაიხადოსო. შეიძლება ბურკინის აკრძალვის პოლიტიკური ფონი კომპლექსურია, მაგრამ თემა მარტივია: ქალის უფლებაა, ისე ჩაიცვას, როგორც მისთვის კომფორტულია და საჭიროდ მიაჩნია; ქალი დაცული უნდა იქნეს ყველასგან, ვინც მას აიძულებს თავი დაიბუროს ან გაიხადოს. ქალის სხეული მხოლოდ მისი საქმეაო, წერდა „გარდიანი“.

საფრანგეთში გამომავალი „ფიგარო“ წერდა, ბურკინი ყურანის მიერ კი არ არის დაწესებული, ის პოლიტიკური, აქტივისტური, გამანადგურებელი ისლამის მანიფესტაციაა, რომელიც ცხოვრების ჩვენეულ სტილს, ჩვენს კულტურას და ცივილიზაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს - 30 წელიწადია ცდილობს ის ჩვენი საზოგადოების დესტაბილიზებას, დროა, მას კარი ცხვირწინ მივუჯახუნოთო.

„ფიგაროს“ არ ეთანხმება „ლიბერასიონი“ და იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო საბჭო ამ დისკრიმინაციულ ფარსს, რომელიც, გაზეთის თანახმად, დემოკრატიას შოკში აგდებს და პოლიციას რთულ მდგომარეობაში აყენებს, ბოლოს მოუღებს. ლაიციზმის სულისკვეთების პატივისცემა ის იქნება, კანონმორჩილ მორწმუნეებს მივსალმებოდით ყოველგვარი მიდებ-მოდების გარეშეო, წერს „ლიბერასიონი“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG