რუმინეთის ინტერნეტგამოცემა „კონტრიბუტორი“ წერს პოლიტიკურ ცხოვრებაში ინტუიციის საჭიროებაზე. მის სტატიაში საუბარია იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან მატეო რენცის გადადგომის შესახებ:
„ევროპის ყველა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი, ნიჭთან, ღირებულებებსა და კომპეტენციასთან ერთად ინტუიციასაც უნდა ფლობდეს. მოქმედებამდე საჭიროა სიცხადე, თუ რატომ და როგორ ვიმოქმედოთ, ან საერთოდ უნდა ვიმოქმედოთ თუ არა. ღილაკს თითს შემთხვევით არ უნდა აჭერდე იმ მიზნით, რომ გაიგო, რა მოხდება შემდეგ. რენცი, ისევე როგორც ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, დევიდ კამერონი, ზუსტად ასეთ პოლიტიკოსებს შორისაა. მათ აკლდათ ინტუიცია...ვერც ერთი მათგანი ვერ წარმოიდგენდა, რომ რეფერენდუმში დამარცხდებოდა...“.
რენცის მარცხს ეხმაურება იტალიის ყოველდღიური გამოცემა „რეპუბლიკა“, რომლის თანახმად, რენცის მთავარი პრობლემა სიტუაციის ზედმეტად გამარტივება იყო. წერილის ავტორის აზრით, რენცი საკუთარ სტრატეგიას ემსხვერპლა.
სხვა თემაზე - რუსეთის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში გავრცელებულ საბჭოთა ნოსტალგიაზე - წერს ესპანური გამოცემა „ლა ვანგარდია“. ის მიმდინარე კვირის ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღს, საბჭოთა კავშირის დაშლის 25-ე წლისთავს ეხმიანება. ყოველდღიური გამოცემა საუბრობს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, პასუხისმგებლობაზე მაშინ, როდესაც საქმე ეხება საბჭოთა ნოსტალგიას, რომელიც რუსეთის მოსახლეობაში ჯერ კიდევ ხშირად შეგხვდება. წერილის ავტორის თქმით, ყირიმის ანექსია, თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაზე, სახიფათო გეგმები ბალტიისპირეთის ქვეყნებში, პროვოკაციები ნატოს მისამართით, სამხედრო ოპერაცია სირიაში - ეს ყველაფერი არის სწორედ იმ აგრესიული საგარეო პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტი საბჭოთა ნოსტალგიას კვებავს.
ამ კვირაში დიდი ყურადღება მიიპყრო შეერთებულ შტატებში დაფუძნებულ ჟურნალ „ტაიმის“ არჩევანმა - წლის ადამიანად დაესახელებინა ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. გავლენიანი გამოცემა უკვე 90-ე წელია მისდევს ამ ტრადიციას. არჩევანის მიზეზებს გამოცემის რედაქტორი ნენსი გიბსი განმარტავს:
„2016 წლის ადამიანად დონალდ ტრამპის დასახელებას რამდენიმე მიზეზი აქვს. მათ შორისაა შემდეგი: შევახსენოთ ამერიკას, რომ დემაგოგია სასოწარკვეთით იკვებება, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მაშინ არის ძლევამოსილი, როდესაც იმის გვჯერა, ვინც მასზე საუბრობს. ჩვენი მიზანია საჯაროდ გავაძლიეროთ ამომრჩევლები. ამაში დაგვეხმარება საჯაროდ ვაჩვენოთ მათი სიგიჟეები და შიშები. ჩვენი მიზანია წარსულის განადგურებით შევქმნათ მომავლის პოლიტიკური კულტურა“.
დონალდ ტრამპს ეხება შემდეგი სტატიაც, რომელიც უცხოეთის პრესის მიმოხილვისათვის შევარჩიეთ: გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“ როგორც აღნიშნავს, ტრამპი არ აპირებს ბიზნესსაქმიანობისთვის თავის დანებებას მას შემდეგ, რაც ის ოფიციალურად დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს. მიუხედავად იმისა, რომ არჩეულ პრეზიდენტს ინტერესთა კონფლიქტის საფრთხეზე მიუთითებენ, ტრამპი ამბობს, რომ კანონი მის მხარეზეა და მისი კომპანიების საქმიანობა სულაც არ შეუშლის ხელს ქვეყნის მართვაში. „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აღნიშნავს, რომ მოსალოდნელია ქონების მართვა ტრამპსა და მის შვილებს შორის გადანაწილდეს.
სტატიაში მოყვანილია თეთრი სახლის ყოფილი მთავარი იურისტის, რიჩარდ პეინტერის, მოსაზრებაც. ის იშველიებს შეერთებული შტატების კონსტიტუციის ერთ-ერთ მუხლს, რომლის თანახმადაც, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებს არ აქვთ უფლება მიიღონ საჩუქრები ან მომსახურება სხვა ქვეყნის მთავრობისგან. ამ კანონით, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიქმნება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი დიპლომატები ტრამპის კუთვნილ სასტუმროში გაჩერდებიან.
ტრამპი აპირებს მომდევნო კვირაში პრესკონფერენციაზე გამოაცხადოს საბოლოო გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეწყვეტს თუ არა ბიზნესსაქმიანობას პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ.
საფრანგეთის, ესტონეთის, გერმანიის, ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის გამოცემებში განიხილავენ შედეგებს, რომლებიც 2015 წელს ათობით ქვეყნის სასკოლო განათლების კვლევას მოჰყვა. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA-ს) ფარგლებში ჩატარებული კვლევის მიზანი იყო მოსწავლეების შემოწმება მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და წაკითხულის გააზრებაში. კვლევის შედეგებით, პირველი სამი ადგილი ერგოთ სინგაპურს, იაპონიასა და ესტონეთს.
6 დეკემბერს საფრანგეთის გამოცემა „ფიგაროში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი, რომელიც ამ საერთაშორისო კვლევას ეთმობა. საფრანგეთის განათლების სისტემის ერთ-ერთ მთავარ ხარვეზად სახელდება სოციალური უთანასწორობა, რომლის გამოც, წერილის ავტორის აზრით, საფრანგეთს არცთუ სახარბიელო 27-ე ადგილი ერგო. „ფიგაროს“ სარედაქციო წერილში მოყვანილია მახასიათებლები, რომლებიც განათლების კუთხით წარმატებულ ქვეყნებს გამოყოფს:
„მკვლევრები საერთაშორისო დონეზე შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები, წარმატებული მოსწავლეეების წახალისებასთან ერთად, ზრუნვას არ აკლებენ არც იმათ, ვისაც სწავლის პერიოდში გარკვეული სიძნელეები შეექმნა. მკვლევრები შეთანხმდნენ საერთო მახასიათებლებზე, რომლებმაც მნიშვნელოვნად აამაღლა განათლების სისტემის ხარისხი. ამ მახასიათებლებს შორისაა: შეფასების სისტემის გაუქმება დაწყებითი განათლების საფეხურზე, დამატებითი სასწავლო წელი, ორენოვანი კლასები და ლათინური ენის სწავლება. ნუთუ საერთაშორისო კვლევა იყო საჭირო ამაში დასარწმუნებლად?“ - ამ რიტორიკულ შეკითხვას სვამს გაზეთ „ფიგაროში“ სარედაქციო წერილის ავტორი.
დაწერეთ კომენტარი