Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში ჩატარებულ სამიტზე ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა კავშირის საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე კიდევ ერთხელ დაამტკიცეს დონალდ ტუსკი, პოლონეთის ყოფილი პრემიერი. ის კიდევ 30 თვეს დარჩება ამ თანამდებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ქვეყანა, პოლონეთი, ერთადერთი იყო, რომელიც კენჭისყრისას ტუსკს არ მიემხრო და ევროპარლამენტარ იაცეკ სარიუშ-ვოლსკის კანდიდატურას უჭერდა მხარს. ევროპის პრესა აქტიურად გამოეხმაურა ამ ამბავს. პოლონეთში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის “გაზეტა ვიბორჩა” 10 მარტის ნომერში წერდა, ტუსკის ხელახალი არჩევა სამარცხვინო მარცხია პოლონეთის მმართველი კონსერვატიული “კანონისა და სამართლის” პარტიისთვისო: “ეს არ არის მხოლოდ მთავრობის მარცხი… ამავე დროს, საქმე გვაქვს ახალ ეტაპთან ბრიუსელისა და ევროკავშირის პარტნიორების ურთიერთობაში. … პოლონეთის მთავრობის მანევრის ერთადერთი მიზანი იყო ტუსკის თავიდან მოშორება და არა უკეთესი კანდიდატის არჩევა. შესაბამისად, მთელი ეს ამბავი დიპლომატიური კატასტროფაა. … ნაცვლად დიპლომატიისა, რასაც სჭირდება უნარები, კონტაქტები და კომპრომისები, ვარშავა შეეცადა გამოეყენებინა იგივე ტაქტიკა, რომელსაც პოლონეთის მთავრობაში იყენებს: ოპონენტების მუხლებზე დაჩოქება. მაგრამ მან ვითარება ვერ გათვალა. ეს უნდა გვახსოვდეს, როცა შემდეგ ჯერზე მოვისმენთ პროპაგანდას იმის შესახებ, რომ პოლონეთის სუვერენიტეტს ავიწროებენ და პოლონეთს უფრო ძლიერი ძალები კარნახობენ როგორ მოიქცეს”.

შვეიცარიაში გამომავალი ლიბერალურ-კონსერვატიული “ნოიე ციურიხერ ცაიტუნგი” 10 მარტის ნომერში წერდა, პოლონეთის მთავრობა საკუთარ არაკომპეტენტურობას შეეჯახაო: “ბრალდებები უნგრეთს და ბრიტანეთსაც კი არ ესმოდათ - ქვეყნებს, რომლებსაც პოლონეთი უახლოეს მოკავშირეებად განიხილავს. ვიქტორ ორბანმა და ტერეზა მეიმ ხმა არ მისცეს პოლონეთის კანდიდატს, იაცეკ სარიუშ-ვოლსკის, რამაც ვარშავის მარცხი სილის გაწნას გაუტოლა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ სირცხვილის წინასწარ განჭვრეტა შესაძლებელი იყო. ტუსკის დამხობის მცდელობაში ვარშავა არა მხოლოდ დანარჩენ ევროპასთან შეუთანხმებლად მოქმედებდა, არამედ სერიოზულად არც კი მომზადებულა, რათა დამაჯერებელი ალტერნატივა წარმოედგინა. სარიუშ-ვოლსკი ავტორიტეტიანი ევროპარლამენტარია, მაგრამ იმდენად შეუფერებელია ევროკავშირის პრეზიდენტის პოსტისთვის, რომ მისმა კანდიდატურამ მცირედი დისკუსიაც კი ვერ გამოიწვია. და ეს მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირის წინ ტუსკის ხელახალ არჩევას ნამდვილად არ ჰქონდა ცხადი პერსპექტივა, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის წამყვანი პოსტების პარტიული პრინციპით განაწილების ფაქტორს”.

მიმდინარე კვირაში პრესა ბევრს წერდა საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაზეც - პრეზიდენტობის კანდიდატის, ემანუელ მაკრონის, პოპულარობის რეიტინგმა ამ კვირაში 26 პროცენტს მიაღწია და მან პირველად გაუსწრო “ეროვნული ფრონტის” ლიდერს, მარინ ლე პენს. კითხვა, თუ რამდენად შეძლებს მაკრონი ულტრამემარჯვენე ძალების აღზევების შეჩერებას, ბევრჯერ გაისმა პრესაში. ესპანეთში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული “სინკო დიასი” 10 მარტს წერდა: “მაკრონმა საარჩევნო კამპანია დაიწყო რეგიონებში, სადაც უპირატესობა ეროვნულ ფრონტს აქვს, - მუშათა კლასით დასახლებულ ადგილებში, სადაც უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალია და იმიგრანტი მოსახლეობა მრავალრიცხოვანი. მაგრამ იგი თავისი კამპანიით ფრანგი ხალხის პირველად შიშებს კი არ აძლიერებს, არამედ მაკრონი იყენებს სრულიად ახლებურ დისკურსს: ამბობს, იმიგრანტების ბრალი არ არის თქვენი დღევანდელი პრობლემები და მათი გაყრით არაფერი გაუმჯობესდებაო; ეფექტიანი იქნება სოციალური სამსახურების, ადმინისტრაციული სტრუქტურების და კორპორაიული ინტერესების დამცველი წესების რეფორმაო. … ამ ეტაპზე არსებული სურათით ის შეძლებს ლე პენის დამარცხებას მეორე ტურში. გადაჭარბება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ევროპის მომავალი ამაზეა დამოკიდებული”.

დასავლური პრესა აქტიურად გამოეხმაურა 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს. ავტორები აკრიტიკებდნენ სქესებს შორის თანასწორობის ნაკლებობას და წერდნენ, მეტი უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ ყველა კარი გაიღოს ქალთა მომავალი თაობებისთვის, რათა ადრე თუ გვიან ამ დღის საჭიროებაც აღარ იყოსო. ბელგიაში გამომავალი “ლიბრ ბელგიკი” 8 მარტის ნომერში წერდა: “ჩვენს დასავლურ საზოგადოებებში ქალისა და კაცის თანასწორობა ფუძემდებლურ ტექსტებშია ჩაწერილი. მაგრამ ვინ იტყვის, რომ ეს თანასწორობა რეალურადაა დაცული? ყველა კვლევა ადასტურებს, რომ კვლავაც საქმე გვაქვს აუხსნელ და გაუმართლებელ სხვაობასთან, ერთი და იგივე სამუშაოსთვის გადახდილი ხელფასების თვალსაზრისით. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სინანულით უნდა ვაღიაროთ, ქალები ბევრად მეტ სახლის საქმეს აკეთებენ, ვიდრე კაცები - მაშინაც კი, თუკი მათი კარიერა და სამსახური იმდენივე ენერგიას ითხოვს, როგორსაც მათი მეუღლეების. ამდენად, თანასწორი უფლებებისთვის ბრძოლა კვლავ უნდა გაგრძელდეს, ყოველდღიურად. ეს ეხება ქალებსაც და კიდევ უფრო მეტად -კაცებს, საიმისოდ, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქალთა დღის საჭიროებაც გაქრეს, რადგან ყველა ქალი რეალურად ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელიც მინიჭებული აქვს”

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG