Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეზღუდული შესაძლებლობის მქონენი - თანასწორუფლებიანობისთვის


3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ 1992 წელს დააარსა. 3 დეკემბერს ბოლო ხანებში მრავალფეროვანი ღონისძიებებით აღნიშნავენ საქართველოშიც, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური ხელმისაწვდომობის პრობლემა ჯერაც მწვავედ დგას.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მსოფლიოს მოსახლეობის 10-15 პროცენტს შეადგენენ. ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში მათი რაოდენობა 200 000 ადამიანია, ხოლო არაოფიციალური მონაცემებით, 2-ჯერ მეტი. ძნელი სათქმელია, ამ ადამიანთა შორის რამდენი ახერხებს სოციალურ ადაპტაციას და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, მაგრამ ფაქტია, რომ მათი რიცხვი დიდი არ არის.

”ბევრია დაკომპლექსებული, ფიზიკურად ვერ გამოდიან გარეთ და ჩვენ ვცდილობთ ყველანაირად, რომ გამოვიყვანოთ. დღესაც უმეტესი თხოვნით წამოვიყვანეთ. ზოგიერთს, ახალგაზრდებს, ერიდებათ საზოგადოებაში გამოჩენა. მე მგონი, რომ წამოვიდნენ, კმაყოფილები არიან”, გვითხრა ასოციაცია ”გორის ინვალიდთა კლუბის” მენეჯერმა მაია ოქროპირიძემ, რომელმაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აქციაში ” სოლიდარობის მატარებელი”. ეს აქცია თბილისში ვაკის ეკლესიიდან ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზამდე გადაადგილდებოდა ეგრეთ წოდებული პრობლემური გაჩერებებით:

”გაჩერებები გვქონდა, სადაც ინფრასტრუქტურაზე ვილაპარაკეთ, განათლებაზე ვილაპარაკეთ, დასაქმებაზე ვილაპარაკეთ. და ახლა აქ მოვედით, რომ ვილაპარაკოთ ტურიზმის განვითარებაზე, ინვალტურიზმის განვითარებაზე, ვილაპარაკოთ დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაზრდაზე. ეტლით სიარულიც შეიძლება იმ დაბრკოლებებში, რაც დღეს საქართველოშია. შეიძლება ამ დაბრკოლებების გადალახვა”, აღნიშნა გიორგი ძნელაძემ, ხელმძღვანელმა კოალიციისა „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”.

ამ კოალიციის ერთ-ერთმა რიგითმა წევრმა კი, გელა ლაღიძემ, იმ დაბრკოლებებზე გვიამბო, რომლის გადალახვა მას უკვე აღარ უჭირს, მაგრამ ეტლზე მჯდომი სხვა ადამიანებისთვის რისკსა და ხიფათს ნიშნავს:

”მე მეტროშიც ჩავდივარ და ამოვდივარ ესკალატორზე. ტექნიკურად ამის შესაძლებლობა არ არის, მაგრამ მე თვითონ მაქვს დამუშავებული და ავდივარ და ჩავდივარ. პრინციპში იქ არაფერი სირთულეც არ არის, ესკალატორი მოძრაობს და შენ ეჭიდები. არავის დახმარება არ მინდა. თავიდან მიშლიდნენ კიდეც, მაგრამ რომ დამინახეს, კარგად ვდგავარ და დაცულად, იმის მერე მატარებდნენ.”

გელა ლაღიძე გვეუბნება იმასაც, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანის საზოგადოებაში ადაპტაციისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ არის და ეს კრიტიკა თანაბრად ეხება სპეციალური ინფრაქსტრუტურის მოუწყობლობას შენობებში, ტრანსპორტში, ქუჩაში და ასე შემდეგ.”თავი დავანებოთ კინოთეატრს, პანდუსები აფთიაქებში შესასვლელადაც კი არ არის“, დასძენს გელა.

აქვე გაგაცნობთ მარიამ წალდაძესაც, 17 წლის გოგონას, რომელიც სკოლაში ვეღარ დადის:

”მეოთხე სკოლაში ვსწავლობდი. სკოლაში ამბობდნენ, ვინმე უნდა გამოჰყვესო. ჩემს ნათესავებს არ ეცალათ და ამიტომ გამოვედი. თვითონ სართულებზე არ იყო ლიფტი, ცოტა ხანი ვიარე. ჩემს კლასელებს ავყავდი ხოლმე მეორე სართულზე.”

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღე ძირითადად იმ პრობლემების თავმოყრის დღეა, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები სისტემატურად აწყდებიან. ამ დღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან ერთად ყურადღების ცენტრში ექცევიან ის სახელმწიფო უწყებებიც, რომლებიც მათი უფლებების დაცვასა და განვითარებისთვის თანასწორი გარემოს შექმნაზე არიან პასუხისმგებელი. არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლმა”, მაგალითად, 3 დეკემბერს საგანგებო განცხადებით მიმართა თბილისის მერიას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქალაქის ქუჩებისა და შენობების რეკონსტრუქციის პროცესში შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებებიც უნდა იყოს გათვალისწინებული; აღნიშნულია აგრეთვე, რომ არ იგება პანდუსები ტროტუარებიდან ქუჩაზე გადასასვლელად ან შენობაში შესასვლელად, ზოგიერთ შემთხვევაში კი პანდუსების მშენებლობა არ შეესაბამება სტანდარტებს და გამოუყენებელია. თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა, მამუკა ქაცარავამ, რომელიც ასევე აქტიურად მონაწილეობდა საგანგებო ღონისძიებებში, თავის მხრივ, მედიის საშუალებებს განუცხადა, რომ ბოლო წლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საჭიროებების მოგვარების კუთხით ბევრი რამ კეთდება:

”ჯერ ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ საქართველოში დანერგილია საერთაშორისო ნორმები, საერთაშორისო ხედვები, მაგრამ სახელმწიფო შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს.“

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 3-7 დეკემბრს საქართველოში სპეციალური კვირეული ეწყობა. კვირეულის განმავლობაში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის კონვენციისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართება.
XS
SM
MD
LG