Accessibility links

logo-print

საყოველთაო ინტერნეტიზაცია: მნიშვნელოვანი, მაგრამ არც ისე ღია პროცესი


ერთი თვის წინ, 14 აგვისტოს, გერმანული „დოიჩე ტელეკომის“ ჯგუფის წევრ კომპანია „დეტეკონთან“ ხელშეკრულების გაფორმებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვესტრუქტურამ, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ, დააანონსა საქართველოში საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარების დაწყება. ხელშეკრულების თანახმად, გერმანული მხარე პროექტის წინამოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს, თუმცა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროცესი - იმ ფორმით, როგორც ის დაიწყო - კერძო თუ არასამთავრობო სექტორს კითხვებს უჩენს.

საყოველთაო ინტერნეტიზაციის გრანდიოზული პროექტის მიხედვით, ფართოზოლიანი ინტერნეტით დაიქსელება დახლოებით 2 ათასი დასახლებული პუნქტი. ახალ ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა. მთავრობის ხედვით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს ქსელზე, არადისკრიმინაციულად, წვდომა ექნება. პროექტს „ქართუ ბანკი“ დაახლოებით 120 მილიონი ლარით დააფინანსებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პროექტის განხორციელებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაინტერესების შედეგად გამოცხადებული კონკურსი ჩაიშალა.

ჩვენთან არის რამდენიმე ჩინოვნიკი, რომელიც აცხადებს, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ ფურცელზე დაწერილი სტრატეგია არ არის. რაც გააკეთეს, იმან არ იმუშავა. კონკურსი იყო კონკურსისთვის და არა შედეგებისთვის...

სამინისტროს წინადადებას არავინ გამოეხმაურა, რადგან, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი უჩა სეთური ამბობს, საკონკურსო პირობებში არ იყო მითითებული სტრატეგია - სხვა სიტყვებით, პოტენციურმა ინვესტორმა არ იცოდა, რატომ და რა სამუშაოებში უნდა დაეხარჯა ფული:

„ჩვენთან არის რამდენიმე ჩინოვნიკი, რომელიც აცხადებს, რომ ეს ასე იქნება, მაგრამ ფურცელზე დაწერილი სტრატეგია არ არის. რაც გააკეთეს, იმან არ იმუშავა. კონკურსი იყო კონკურსისთვის და არა შედეგებისთვის. ამხელა საჩუქარია, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ეს ფული გამოვიყენოთ, ქსელი ავაშენოთ და შედეგი არ გვქონდეს ან გვქონდეს ძალიან პატარა შედეგი, რაც ასევე არის დიდი პრობლემა...ჩვენთან არის [ქსელის ] უსაფრთხოების პრობლემა, რის თაობაზეც ასევე არ არსებობს არანაირი ხედვა“.

კონკურსის ჩაშლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ დაიქირავა საკონსულტაციო კომპანია, გერმანული „დეტეკონი“, რომელიც გამოცდილებისა და შემოთავაზებული ფასის მიხედვით შეირჩა.

სრული საკონსულტაციო სამუშაო მოიცავს 7 ფაზას, კერძოდ: მოთხოვნის ანალიზს, ქსელის დიზაინს, ღირებულების შეფასებას, განხორციელების დაგეგმვას და სხვა, მაგრამ იმთავითვე დაანონსდა, რომ საქართველო ინტერნეტიზაციის ლიტვურ მოდელს ემხრობა, რაც, უჩა სეთურის აზრით, საუკეთესო არჩევანი არაა. მოდელი არ ითვალისწინებს ინტერნეტის მომხმარებლის ფაქტორს, კერძოდ, კომპიუტერის და ინტერნეტის გამოყენების ცოდნა-უნარს. სეთურის თქმით, რეგიონებში მცხოვრებთა დიდ ნაწილს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ გადაიხადოს ინტერნეტის ფული, არათუ შეიძინოს კომპიუტერული ტექნიკა:

„ფინანსური ნაწილის გარდა, მომხმარებელს არ აქვს კომპიუტერთან ურთიერთობის ცოდნა... მნიშვნელოვანია, იპოვოს თავისი ნიშა. ძალიან საჭიროა, რომ მოქალაქე მიერთებული იყოს ინტერნეტთან: რაღაც მონაცემები გაცვალოს, იმეილები მიიღოს, ინფორმაცია მოძებნოს და გაავრცელოს. ერთი სიტყვით, იყოს აქტიური. იგივე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ნაწილში, მათი რეალიზაციის ნაწილში, თავისი ბაზრის პოვნის ნაწილში...“

ლევან ავალიშვილი

ლევან ავალიშვილი

IDFI-ის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ასეთი სერიოზული პროექტი, რომელიც არა მხოლოდ საკომუნიკაციო ბიზნესთან, არამედ ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებასთანაც არის დაკავშირებული და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს, მაქსიმალური ჩართულობის პირობებში უნდა ხორციელდებოდეს. აი, რას ამბობს ლევან ავალიშვილი, ინფორმაციის განვითარების ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე:

„არ უნდა მოხდეს ისე, სხვა მთავრობა რომ მოვიდეს ან პოლიტიკა შეიცვალოს, [ინტერნეტიზაციის] დაწყებული პროცესი შეფერხდეს, გადასხვაფერდეს - სტრატეგიულ მიმართულებაზეა საუბარი. ამიტომ აუცილებელია ყველა დონეზე ეს პროცესი იყოს საჯარო, მაქსიმალური კონსულტირების პირობებში, მაგალითად, ისე, როგორც ციფრულ მაუწყებლობაზე გასვლის დროს, რომელიც წარმატებულად განვითარდა სწორედ იმის გამო, რომ პროცესში ჩართული იყო ყველა მოთამაშე“.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელიც ინტერნეტის რეგულირების სფეროს განაგებს, პრემიერ-მინისტრთან არსებულ ინტერნეტიზაციის სპეციალურ საბჭოშია წარმოდგენილი. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე ამბობს, რომ სასურველია პროექტის განხორციელება უფრო გამჭვირვალედ მიმდინარეობდეს:

„[საყოველთაო ინტერნეტიზაცია] ძალზე ძვირად ღირებული სიამოვნებაა - შეიძლება ასეულობით მილიონ ლარზე იყოს საუბარი. სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მხარდაჭერის და მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამები უნდა განხორციელდეს. ამაზეც დაიწყება მსჯელობა. სასურველია უფრო გამჭვირვალე იყოს, რომ ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ამაში მონაწილეობის შესაძლებლობა“.

კი ვამბობთ, რომ არის რამდენიმე კომპანია, მაგრამ, ფაქტობრივად, არ არის და არის მონოპოლისტი. ასე აღარ იქნება. ყველა ინტერნეტპროვაიდერი დაიშვება და ნებისმიერ მომხმარებელს, თბილისსა თუ სოფელში, რამდენიმე ალტერნატივა ექნება...

მობილური კომუნიკაციების კომპანია „ალტერნატის“ დირექტორი მიხეილ გოთოშია კი ამბობს, რომ მცირე პროვაიდერი კომპანიები სრულ გაურკვევლობაში არიან. მათ არ იციან, თუ როგორ აპირებს ხელისუფლება საყოველთაო ინტერნეტიზაციას, სად არის ამ პროცესში ისეთი მცირე კომპანიების ადგილი, როგორიც „ალტერნატია“. მიხეილ გოთოშია მთავარ საფრთხედ ახალ ქსელზე მონოპოლიის შესაძლებლობას მიიჩნევს:

„თავად იდეა გენიალურია. ძალიან კარგია. მაგრამ თუ ერთი შეცდომა დაუშვეს, რაიმე ტიპის, ვთქვათ, რომ ახალი ინტერნეტინფრასტრუქტურა აიღო დიდმა ოპერატორმა, ან თავად ინტერნეტი მიაწოდა ერთმა ოპერატორმა, ან შემდეგ გაიყიდა როგორც ერთი ლოტი...უამრავი პრობლემაა, უამრავი საკითხი. თუ ერთი რამე არასწორად მოხდა, ჩათვალეთ, რომ ეს 150 [მცირე] კომპანია დაიხურება“.

მიხეილ გოთოშიასგან განსხვავებით, ასეთ საფრთხეს გამორიცხავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი კახა ბექაური:

„შეგიძლიათ თბილისის ზოგიერთ უბანში ნახოთ, და ძალიან ბევრია ასეთი უბანი, რომ ერთ უბანში არის მხოლოდ „სილქნეტი“ და არ არის სხვა პროვაიდერი. მეორე უბანში, ვთქვათ, არის „კავკასუსი“ და არ არის სხვა პროვაიდერი. კი ვამბობთ, რომ არის რამდენიმე კომპანია, მაგრამ, ფაქტობრივად, არ არის და არის მონოპოლისტი. ასე აღარ იქნება. ყველა ინტერნეტპროვაიდერი დაიშვება და ნებისმიერ მომხმარებელს, თბილისსა თუ სოფელში, რამდენიმე ალტერნატივა ექნება. ძალიან მარტივად: თუ მისთვის ფასი და ხარისხი შეუსაბამო იქნება, არჩევანს სახლიდან გაუსვლელად გააკეთებს და გადაერთვება სხვა პროვაიდერზე“.

კახა ბექაურისვე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ინტერნეტიზაციის დიზაინზე, რომელიც დაახლოებით სამ თვეში უნდა დასრულდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG