Accessibility links

logo-print
საქართველოში 2 წლის შეიქმნა ინოვაციური განათლების ფონდი, რომელმაც მიზნად დაისახა საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური მეთოდების გამოყენების ხელშეწყობა. ფონდის დამაარსებლები მიიჩნევენ, რომ განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გავრცელების პირობებში უნდა შეიქმნას ახალი რესურსი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს განათლების გაღრმავების, პიროვნული განვითარების და სამომავლოდ კარიერის შექმნის მეტ შესაძლებლობას მისცემს. ინოვაციური განათლების ფონდის ერთ-ერთი პროექტი ვირტუალური ”კოდალას აკადემიაა”. მის ვებსაიტზე განთავსებული, ანიმაციის ელემენტების შემცველი ვიდეორგოლი მოსწავლეს ამცნობს, რომ სახლიდან გაუსვლელად, ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან ერთად შეუძლია ვიდეოგაკვეთილებს უყუროს და ისწავლოს მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიის და ისტორიის გაკვეთილები. ასევე, ნახოს უამრავი ვიდეოექსპერიმენტი, რომელსაც შემდეგ თავად გააკეთებს. ”ჩვენ გვინდა, რომ თქვენ იცოდეთ!” - ეს ”კოდალას აკადემიის” დევიზია.
ეს არის სალმან ხანის აკადემია. არის აშშ-ში ასეთი ენთუზიასტი, რომელიც ცდილობდა დისშვილისთვის რთული საკითხების ასახსნელად ინოვაციური გზა ეპოვნა და ვიდეოჩაწერა დაიწყო...


ვირტუალური აკადემიის ვებსაიტზე ვკითხულობთ, რომ ”ბოლო წლებში განათლების სფერო სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და მნიშვნელოვნად იკლო ინტერესმა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართ, როგორც სკოლაში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში.” ამ გამოწვევის დაძლევის ერთ-ერთ გზად ინოვაციური განათლების ფონდმა თანამედროვე ტექნოლოგიების გზით განათლების გავრცელების ხელშეწყობა მიიჩნია და ბავშვებისთვის, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპიუტერმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, ვიდეოგაკვეთილების მომზადება გადაწყვიტა. ვირტუალური აკადემიისთვის სახელის შერჩევისას ფონდის დამფუძნებლებმა კორპორაცია Apple-ის მაგალითი გაიხსენეს, როდესაც ერთი შეხედვით უცნაური სახელწოდება ასე პოპულარული გახდა. ვირტუალურ აკადემიასთან კოდალას ერთგვარ კავშირზე საუბრისას ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი მერაბ ლაბაძე ამბობს, რომ ”კოდალა ხის ზოგჯერ არცთუ რბილ მერქანს უკანკუნებს და იქიდან რაღაც ცოდნას იღებს. ყოველ შემთხვევაში, ეს აქტივობა ცოდნის მიღებასთანაა დაკავშირებული.” ვიდეოგაკვეთილების კოლექციის შესაქმნელად ინოვაციური განათლების ფონდს კარგი მაგალითი ჰქონდა.

მერაბ ლაბაძე

მერაბ ლაბაძე

”ეს არის სალმან ხანის აკადემია. არის აშშ-ში ასეთი ენთუზიასტი, რომელიც ცდილობდა დისშვილისთვის რთული საკითხების ასახსნელად ინოვაციური გზა ეპოვნა და ვიდეოჩაწერა დაიწყო. ამასთან, ტექნოლოგიურმა პროგრესმა ის მოიტანა, რომ ვიდეოს და Youtube-ის ფორმატი ძალიან პოპულარულია, მით უმეტეს, ახალგაზრდა თაობისთვის. ამ კარგი მაგალითით ვისარგებლეთ და მსგავსი პროექტი დავიწყეთ საქართველოში”, - უამბო რადიო თავისუფლებას მერაბ ლაბაძემ. თუმცა განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ვიდეოგაკვეთილების დუბლირება ტიტრებით ხდება, ინოვაციური განათლების ფონდმა ორიგინალური, ქართული ვარიანტის შექმნა გადაწყვიტა და პედაგოგებისთვის კონკურსი გამოაცხადა. აუცილებელ პირობებს შორის იყო სკოლის პროგრამასთან თავსებადობა და ჩაწერისთვის აუცილებელი ტექნოლოგიით სარგებლობა. მერაბ ლაბაძე მიიჩნევს, რომ ”ამან იმუშავა, რადგან ფორმატი მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებს და სარჩევში, რომელიც საიტზე არსებობს, საკითხების მიხედვით მოსწავლეს, ან სხვა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ის სფერო, რომელიც კონკრეტულ დროს აინტერესებს, ან გრძნობს, რომ მოიკოჭლებს და უნდა ცოდნის შევსება.”

ვირტუალური აკადემიისთვის შექმნილი ქიმიის გაკვეთილების ავტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი, ”მწვანე სკოლის” პედაგოგი ხათუნა გოგალაძეა. მისი დაკვირვებით, ეროვნული სასწავლო გეგმით ზოგჯერ რთულია, რომ გაკვეთილისთვის განკუთვნილ 45 წუთში ბავშვმა ყველა ნიუანსი კარგად აითვისოს.

ხათუნა გოგალაძე

ხათუნა გოგალაძე

”ამიტომ, ვიდეოგაკვეთილი მას ეხმარება თუნდაც იმაში, რომ სახლში, 10 წუთიან გაკვეთილში მოისმინოს იგივე, ეს იქნება ბიოლოგია, თუ ქიმია და გადახედოს თუ რამე გამორჩა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის კეთება თუნდაც იმიტომ, რომ როგორც პრაქტიკოს პედაგოგს სკოლაში გამომეყენებინა” - უთხრა რადიო თავისუფლებას ხათუნა გოგალაძემ.

ამჟამად ”კოდალას აკადემიის” ვებსაიტზე მათემატიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და გეოგრაფიის 180-ზე მეტი ვიდეოგაკვეთლია და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება. როგორც ინოვაციური განათლების ფონდში განმარტავენ, ვიდეოგაკვეთილების მატებასთან ერთად იზრდება მნახველთა რაოდენობაც, რომელიც ამჟამად 100 ათასამდეა. ვირტუალური აკადემიისთვის მომზადების პროცესშია ვიდეოგაკვეთილები ფიზიკაში, ისტორიასა და პროგრამირებაში, რასაც მოგვიანებით ზოგადი უნარჩვევებიც დაემატება. ამასთან, ვებსაიტზე განთავსებულია ვიდეოექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში. ინოვაციური განათლების ფონდის მიერ ქართულ ენაზე დუბლირებული ექსპერიმენტები ორგანიზაციის პარტნიორების მიერ პოლონეთში, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრშია შექმნილი. მერაბ ლაბაძის თქმით, ვირტუალური აკადემიის რესურსის გამოყენება პედაგოგებს გაკვეთილის დროს, ახსნის პროცესშიც შეუძლიათ. როგორც ინოვაციური განათლების ფონდის დირექტორი ამბობს, ”რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტულია და თავისთავად წიგნის მთლიანად შეცვლას და მხოლოდ ვიდეოზე გადასვლას არ გულისხმობს. მაგრამ კარგი დამატებით საშუალებაა, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში, ან სკოლის ფორმატში გამოიყენოს.”
ამ შემთხვევაში მინდა სწორად გამიგოთ. წიგნს ბუნებრივია, თავის ფუნქცია აქვს და წიგნთან კონტაქტი სულ სხვა თემაა. უბრალოდ, მოხდეს ბავშვების ადაპტირება და ის, რაც მათ ასე მოსწონთ, გავაკეთოთ სასწავლო პროცესშიც...


ვირტუალური აკადემიის რესურსს ქიმიის და ბიოლოგიის გაკვეთილებზე იყენებს პედაგოგი ხათუნა გოგალაძე. მისი შეფასებით, ბავშვებს, რომლებიც კომპიუტერთან არცთუ ცოტა დროს ატარებენ, ”კოდალას აკადემია” ცოდნის გაღრმავების საშუალებას აძლევს. ”ამ შემთხვევაში მინდა სწორად გამიგოთ. წიგნს ბუნებრივია, თავის ფუნქცია აქვს და წიგნთან კონტაქტი სულ სხვა თემაა. უბრალოდ, მოხდეს ბავშვების ადაპტირება და ის, რაც მათ ასე მოსწონთ, გავაკეთოთ სასწავლო პროცესშიც”, - ამბობს ხათუნა გოგალაძე.

”კოდალას აკადემიის” შექმნა ინოვაციური განათლების ფონდის დამფუძნებელთა კერძო ინიციატივაა, სოციალურ პროექტს წარმოადგენს და ასეთად დარჩება. ამასთან, პროექტის განვითარებისთვის ფონდის დამაარსებლებს გარკვეული დაფინანსების მოპოვების იმედი აქვთ. თუმცა, როგორც მერაბ ლაბაძე ამბობს, ბუნებრივია, არა იმ მასშტაბის, როგორსაც მაგალითად, Microsoft-ის დამფუძნებლის ბილ გეიტსისგან იღებს სალმან ხანის აკადემია.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG