Accessibility links

logo-print
12 მარტი კიბერცენზურასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საერთაშორისო ორგანიზაციის ”რეპორტიორები უსაზღვრებოდ” ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტზე კონტროლის თვალსაზრისით, მსოფლიოში 5 ქვეყანა ლიდერობს. ესენია: ირანი, ჩინეთი, სირია, ვიეტნამი და ბაჰრეინი. ისინი ინტერნეტის მტრებადაც კი არიან მოხსენიებულნი. როგორ კონტროლდება ქართული ინტერნეტსივრცე? რა უფლებები აქვთ ინტერნეტმომხმარებლებს, რა ეზღუდებათ მათ და, ამასთან, როგორ ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან ეროვნული უსაფრთხოების დონეზე ინტერნეტსივრცე?

ქართველი ინტერნეტმომხმარებლებისთვის სახელმწიფოს მიერ გარკვეული შეზღუდვების დაწესების პირველ მცდელობად შეიძლება იქცეს კანონპროექტი, რომელიც ინტერნეტსივრცეში აზარტულ თამაშებს აკრძალავს. პარლამენტარ კობა დავითაშვილის ამ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტმა პირველი მოსმენით უყარა კენჭი, მიუხედავად იმისა, რომ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები ფიქრობენ, რომ კობა დავითაშვილის ამ ინიციატივით აზარტული თამაშების მოყვარულ ინტერნეტმომხმარებლებს ვერ დაიცავენ და ისინი სხვა ქვეყნების ინტერნეტსაიტებზე შევლენ სათამაშოდ. კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ თამაშებზე დამოკიდებულ აზარტულ ადამიანებს დაბრკოლებებსა და დისკომფორტს შეუქმნის და ამით დაიცავს მათ. ამასთან, კობა დავითაშვილი ამბობს, რომ მას არ აინტერესებს, მიადგება თუ არა ამით ზარალი ბიუჯეტს, რადგან მიაჩნია, რომ ყველაფრით ფულის კეთება არ შეიძლება:
სანქციის გარეშე ყველანაირი იმეილის წაკითხვა და ფეისბუკის პაროლის მორგება და ა.შ. არის უკანონო ყველა შემთხვევაში...

”რომის იმპერატორმა ვესპასიანემ კი უთხრა თავის შვილს, ტიტეს, ”ფულს სუნი არ აქვსო”, მაგრამ მე ვთვლი, რომ ნარკოტიკების ვაჭრობიდან, პროსტიტუციიდან, სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტის შევსება ამორალურია და ასე თვლის ძალიან ბევრი ქვეყანა და არა მარტო საქართველო, ძალიან ბევრი განვითარებული ქვეყანა, სადაც ადამიანის უფლებების დაცვა ძალიან მაღალ დონეზეა, და არ მიიჩნევს ადამიანის უფლებად სათამაშო ბიზნესს, როდესაც მას აქვს მიჩვევის ტენდენცია, როდესაც ეს დაავადებაა და ფსიქოლოგებმა ეს შესანიშნავად იციან”.

საქართველოში ინტერნეტსივრცე აქამდე თავისუფალი იყო კანონის ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ინტერნეტმომხმარებლების ქცევას გლობალურ სივრცეში კანონი არეგულირებს. საქართველოს შემთხევავში, ეს არის ევროსაბჭოს კონვენცია კიბერდანაშაულის შესახებ, რომელსაც საქართველო 2012 წელს მიუერთდა, და სისხლის სამართლის კანონმდებლობა. ინტერნეტმომხმარებელი თავისუფალია, სანამ მის მიმართ არ გაჩნდება სამართალდამცავი სტრუქტურების ინტერესი, ამ სტრუქტურებს კი ინტერესის დასაკმაყოფილებლად სასამართლოს სანქცია სჭირდებათ. სასამართლოს სანქციის არსებობის შემთხვევაში, ინტერნეტპროვაიდერები კონკრეტული მომხარებლის აქტივობას ინტერნეტსივრცეში საკუთარ სერვერზე ინახავენ, ამბობს ექსპერტი კიბერდანაშაულთან დაკავშირებულ საკითხებში უჩა ზაქაშვილი. ის იმასაც განმარტავს, თუ რა ეკრძალება სახელმწიფო ან სხვა სტრუქტურებს ინტერნეტმომხმარებელთან მიმართებით:

”რაც შეეხება უკანონო მოსმენებს, მიყურადებას, ეს ზოგადად კანონმდებლობით არის აკრძალული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა არსებობს შესაბამისი სანქცია, ანუ სანქციის გარეშე ყველანაირი იმეილის წაკითხვა და ფეისბუკის პაროლის მორგება და ა.შ. არის უკანონო ყველა შემთხვევაში. ამას იცავს კანონი როგორც ინტერნეტში, ასევე ინტერნეტს გარეთაც”.

კანონმდებლობით ინტერნეტმომხმარებელს ეკრძალება ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელება და საავტორო უფლებების დარღვევა, თუმცა ერთია კანონმდებლობა და მეორე ის, თუ როგორ მუშაობს კანონი პრაქტიკაში. უჩა ზაქაშვილი, რომელიც სადისერტაციო ნაშრომს სწორედ ამ თემაზე ამზადებს, ამბობს, რომ მის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2010 წლის სექტემბრიდან, ანუ მას შემდეგ, რაც კანონი შევიდა ძალაში, 25-მდე კიბერდამნაშავეა გამოვლენილი, თუმცა ყოველ მათგანს გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, მათი საქმე სასამართლოს არ განუხილავს:
ძირითადი მიზანი ამ დროს კიბერშეტევების იყო, ჩაეხშოთ ჩვენთვის ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით მოვლენებს და გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია შევაჩერეთ არა იმდენად სამხედრო პოტენციალით, რამდენადაც ინფორმაციის დროული გაცვლით...

”არც ერთ კიბერდანაშაულზე რეალური განხილვა არ გამართულა. როგორც მოგეხსენებათ, როცა საპროცესო გარიგება ფორმდება, სასამართლო განხილვა და გამოძიება აღარ ხორციელდება, ანუ ძალიან რთულია შევაფასოთ, გამოძიებამ დასაბუთებულად დაიჭირა ის ხალხი, დასაბუთებულად წაუყენა ბრალი თუ დაუსაბუთებლად, ძნელია თქმა, ანუ არ გვაქვს საინტერესო სასამართლო პრაქტიკა, ამის თქმა მინდა. ყველა ადამიანი აღიარებდა დანაშაულს, ყველას უფორმებდნენ საპროცესოს და უშვებდნენ”.

ამასთან, უჩა ზაქაშვილის სიტყვებით, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო უწყებები თავად არღვევენ კანონმდებლობას. დღემდე ზოგიერთი სახელმწიფო უწყება არალიცენზირებულ პროგრამებს იყენებს. ამ პრაქტიკიდან გამომდინარე, ძნელია ქვეყანამ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე საკუთარი კიბერუსაფრთხოების სისტემა შექმნას, მიიჩნევს უსაფრთხოების ექსპერტი, კავკასიის აკადემიის დირექტორი ლაშა პატარაია. მისი თქმით, ის, თუ როგორი მოუმზადებელი აღმოჩნდა საქართველი კიბერშეტევების მოსაგერიებლად, დაადასტურა 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებმა. ლაშა პატარიას სიტყვებით, ეს იყო პრაქტიკულად კიბერომი და დღეს რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტი იმ მოვლენებს აცნობს თავის სტუდენტებს, როგორც კიბერომის ერთ-ერთ მკაფიო მაგალითს:

”ძირითადი მიზანი ამ დროს კიბერშეტევების იყო, ჩაეხშოთ ჩვენთვის ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, ანუ ჩვენ თუ დავაკვირდებით მოვლენებს და გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ 2008 წლის სამხედრო აგრესია შევაჩერეთ არა იმდენად სამხედრო პოტენციალით, რამდენადაც ინფორმაციის დროული გაცვლით. მოწინააღმდეგის მთავარი სამიზნე ამ დროს იყო საინფორმაციო არხების ბოლომდე დაბლოკვა, მაგრამ საელჩოებმა, საინფორმაციო საშუალებებმა მაინც შეძლეს რაღაცნაირად ინფორმაციის გაცვლა. ამას მოჰყვა ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რის შედეგადაც ომის გარკვეულ დონეზე შეჩერება მოხერხდა”.

ლაშა პატარაიას სიტყვებით, არც ეს აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის სათანადო გაკვეთილი და დღეს შეიძლება ვთქვათ, რომ ეროვნული უსაფრთხოების დონეზე კიბერდანაშაულთან ბრძოლის სათანადო გამოცდილება არ გვაქვს.
XS
SM
MD
LG