Accessibility links

ინტერნეტიზაციით, პროექტის ფარგლებში, კახეთში პირველ ეტაპზე 20 სოფელი ისარგებლებს


„ინტერნეტი ყველა სოფელს“ - პროექტის პირველი ეტაპი იწყება. უკვე შერჩეულია 150 სოფელი, მათ შორის 20-მდე - კახეთში, სადაც მომავალი წლიდან ეტაპობრივად მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებით ისარგებლებენ. პროექტზე დიდ იმედებს ამყარებენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, მოსახლეობა კი ფიქრობს, რომ შეიძლება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ძვირი ღირდეს.

ახმეტა, ზემო ხოდაშენი, გამარჯვება, ჯაფარიძე, წითელწყარო, ჩალაუბანი, ძირკოკი, გურგენიანი, წნორი - ეს იმ დასახლებების არასრული ჩამონათვალია, სადაც, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, მოსახლეობას ინტერნეტს მიაწვდიან. მოსახლეობას პროექტის შინაარსი მოსწონს, თუმცა ეჭვობენ, რომ მომსახურების ტარიფი, სავარაუდოდ, მაღალი იქნება:

„ჯერ არ არის ჩემს სოფელში შემოყვანილი ინტერნეტი, თუმცა, როგორც კი შემოვა, ყველა გამოიყენებს“;

„იაფი და ხელმისაწვდომი თუ იქნება, მოვიხმარ. კომპიუტერი არ მაქვს, მაგრამ ჩემს ტელეფონს აქვს ფუნქციები, რომლის საშუალებითაც გამოვიყენებ ინტერნეტს“;

„ძალიან კარგი იქნება ჩვენი ინფორმირებისთვის. შევალთ და ყველაფერს ვნახავთ, რაც გვაინტერესებს, მაგრამ მგონია, რომ ძალიან ძვირი ეღირება“.

რამდენიმე სოფელი, სადაც, პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უნდა მიიყვანონ, დედოფლისწყაროში მდებარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გვეუბნება, რომ ინტერნეტზე მოსახლეობის მოთხოვნა მაღალია. ჯანიაშვილი იხსენებს, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში სოფელ გამარჯვების მოსახლეობამ გამგეობას სამჯერ მიმართა და სოფელში ინტერნეტის შეყვანა მოსთხოვა:

„ჩემი გამგებლობის პერიოდში, თითქმის წელიწადი და ცხრა თვეა, სოფელ გამარჯვებიდან არაერთი წერილი და თხოვნაა შემოსული ინტერნეტთან დაკავშირებით. მოსახლეობის მხრიდან სრული მზაობაა პროექტის განხორციელების კუთხით“.

„ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის ინფორმაციის გაცვლას ხელს შეუწყობსო“, - ასეთია სიღნაღის გამგებლის პოზიცია. დავით ჯანიკაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის სოფლები, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ამ დრომდე არ აქვთ, რაც „სხვადასხვა სახის პრობლემას იწვევს“.

„ჩვენ ჩვენი საიტი გვაქვს და ყველაფერს გაეცნობა მოსახლეობა. მემორანდუმები გაფორმდება ახალგაზრდებთან. ძალიან ბევრ რამეში გვჭირდება ინტერნეტი, მაგრამ ბევრ სოფელში არ გვაქვს და ამ დრომდე ხელმიუწვდომელია“.

პროექტს „ინტერნეტი ყველა სოფელს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს. სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე ამბობს, რომ, ბოჭკოვანი ქსელის პარალელურად, რეგიონებში ბიბლიოთეკების ბაზაზე „ინოვაციური ცენტრების“ მოწყობაც იგეგმება:

„ჩვენი ამოცანაა ყველა ოჯახში შევიდეს ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და მსხვილი ინტერნეტპროვაიდერების ბიზნესის განვითარებასაც. ჩვენ ამ პროექტით უზრუნველვყოფთ ქვეყნის მოსახლეობის 91%-ს ინტერნეტზე ხელი მიუწვდებოდეს“.

პროექტი მთელი ქვეყნის ინტერნეტიზაციას ითვალისწინებს. მათ შორისაა მაღალმთიანი რეგიონებიც. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, რომ პროექტის პირველადი სამუშაოები მიმდინარე თვეს დაიწყება და სამი წლის განმავლობაში განხორციელდება. ინტერნეტიზაციის მასშტაბური პროექტი, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, „ფონდ ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG