Accessibility links

logo-print

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა ინტერნეტის თავისუფლების ანგარიში, რომელშიც ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, ცენზურისა და ინტერნეტში მომხმარებელთა უფლებების თვალსაზრისითაა შეფასებული მდგომარეობა მსოფლიოს 65 ქვეყანაში. საქართველო თავისუფალ ქვეყანათა რიგსაა მიკუთვნებული და, 24 სარეიტინგო ქულით, უნგრეთის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამეზობლოში იმყოფება. შვიდ-შვიდი ქულით საუკეთესო მაჩვენებელი მინიჭებული აქვთ ისლანდიასა და ესტონეთს, ყველაზე უარესი მდგომარეობა კი ჩინეთში, ირანსა და სირიაშია. რა განაპირობებს ინტერნეტთავისუფლების მაღალ მაჩვენებელს საქართველოში?

ინტერნეტის თავისუფლების თვალსაზრისით, საქართველომ პოზიცია ორი პუნქტით გააუმჯობესა და, წინა ანგარიშის 26 ქულის ნაცვლად, 24 ქულა მიიღო. ანგარიში მოიცავს 2014 წლის ივნისიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც საქართველოში არ დაფიქსირებულა სოციალური მედიისა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აპლიკაციების, ასევე პოლიტიკური და სოციალური შინაარსის ინფორმაციის დაბლოკვის ფაქტები, ისევე როგორც არ დაუკავებიათ ბლოგერები თუ მომხმარებელები, თუმცა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტის უჩა სეთურის თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ყველა პრობლემა აღმოფხვრილია.

„გარკვეული კონტროლი იმავე ფეისბუკში, კომენტარების წაშლა... - ეს ყველაფერი, პრინციპში, ხორციელდებაგანსაკუთრებით სამთავრობო საიტებზე, სადაც არასასურველი კომენტარები, უბრალოდ, ქრება, იშლება ადმინისტრატორების მიერ, რომლებიც ფეისბუკგვერდებსაც მართავენ. წესით, ეს ყველაფერიც უნდა მოხვედრილიყო ანგარიშში“, უთხრა უჩა სეთურმა რადიო თავისუფლებას.

კონტენტის შეზღუდვის კუთხით კი, საქართველომ 35-დან 6 ქულა მიიღო. შედარებისთვის, აქაც ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელი ნულია. შესაბამისად, 2014-2015 წლებში არ ყოფილა საჯაროდ დაფიქსირებული ცენზურის შემთხვევები მთავრობის ან ინტერნეტპროვაიდერების მხრიდან. სახელმწიფო დაწესებულებები ვებკონტენტს სისტემატური მანიპულაციების მიზნით არ იყენებენ. მეორე მხრივ, ონლაინკონტენტი ქვეყანაში სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, ინტერნეტმომხმარებლები კი სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალური მედიის ინსტრუმენტებს, საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ინფორმაციის გავრცელების მიზნით. ამ გარემოების შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე ამბობს:

„კანონმდებლობა ირიბადაც კი არ ზღუდავს ხელმისაწვდომობას. პირიქით, ხელშეწყობა უფრო ხდება ისეთი სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა ე.წ. ელექტრონული მმართველობის ჩარჩოში შემავალი სერვისი, იუსტიციის სამინისტროს მხრიდან რეესტრის მომსახურება, პირადობის მოწმობის აღება, შესყიდვების ელექტრონული სისტემა და ა.შ., რაც, პირიქით, ელექტრონული მომსახურების გამოყენების სტიმულს აძლევს მომხმარებელს. ასევე ამ მიმართულებად უნდა ჩაითვალოს სოფლების საზოგადოებრივი ცენტრების გახსნა, სადაც მოსახლეობისთვის შეთავაზებულია უფასო ინტერნეტი, რომელიც, პირველ რიგში, ამ სერვისების გამოყენებისთვისაა განკუთვნილი“.

გიგი ჩიხლაძის თქმით, მთავარ პრობლემად რჩება ინტერნეტის ხელმისაწვდომობის დამაბრკოლებელი ფაქტორები. ამ თვალსაზრისით, საქართველოს „ფრიდომ ჰაუსმა“ 25-ბალიან სისტემაში 7 ქულა მიანიჭა. საქართველოში ინტერნეტი მოსახლეობის მხოლოდ 49 %-ს აქვს, ანგარიშში კი ვკითხულობთ:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტ და მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა კვლავ იზრდება, სერვისის მაღალი საფასური, "შეუსაბამო" ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ რჩება დამაბრკოლებელ ფაქტორებად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგიონებში ცხოვრობს ან დაბალი შემოსავალი აქვს. მთავრობამ განაცხადა, რომ ამ პრობლემებს მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს, თუმცა ციფრული ბარიერის გადალახვისკენ მიმართული ზუსტი სტრატეგია ჯერ არ წარუდგენია".

მართლაც, ინტერნეტის სიჩქარის, ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით, გაცილებთი მძიმე მდგომარეობაა რაიონებში, რომელთა დიდი ნაწილი, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი ბექა გოგსაძე ამბობს, ინტერნეტის ქსელითაც კი არაა დაფარული:

„ასეთ შემთხვევაში უნდა შევიძინოთ სპეციალური მოდემები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს მივიღოთ ინტერნეტი უკაბელოდ. ცხადია, ხარისხის შესაბამისად, მოდემის ფასიც სხვადასხვაა. მაგთის აქვს, მაგალითად, 180-ლარიანი, 50-ლარიანი. ხარისხი და სიჩქარეც შესაბამისია. LTE ინტერნეტიც, რომელიც ახლა შემოიყვანეს, ძალიან სწრაფია“.

თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის განვითარება. საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის მიხედვით, ფართოზოლიანი ინტერნეტით უნდა დაიქსელოს დახლოებით 2 ათასი დასახლებული პუნქტი. ახალ ინფრასტრუქტურას მიუერთდება ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა სკოლა და ბიბლიოთეკა. მთავრობის ხედვით, ყველა პროვაიდერს და ოპერატორს ქსელზე, არადისკრიმინაციულად, წვდომა ექნება, თუმცა, როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ექსპერტი უჩა სეთური ამბობს, ამ მრავალათეულმილიონიანი პროექტის განხორციელების შემთხვევაშიც კი პრობლემა სრულად ვერ გადაიჭრება:

„გასაგებია, რომ სახელმწიფო აპირებს განავითაროს ფართოზოლოვანი წვდომა, თუმცა ესაა მედლის ერთი მხარე. მეორე ისაა, თუ რა ხდება მომხმარებლის მხარეს, ანუ რას აკეთებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ინტერნეტის მომხმარებელი გაზარდოს, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ინტერნეტი იყიდოს; გარდა ამისა, ჰქონდეს იმის საშუალება, რომ შეიძინოს ის მოწყობილობები, რომლებიც მას სჭირდება ინტერნეტში სამუშაოდ. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ კომპიუტერებს. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა გაჯეტები. და კიდევ, რაც მთავარია, - ცნობიერება, ანუ რამდენად მომზადებულია ადამიანი, რომ ჰქონდეს ინტერნეტი, მოწყობილობა და ეს ყველაფერი გამოიყენოს ადეკვატურად ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად“.

„ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის საქმიანობასა და მონაცემთა დაცვის საკითხზე. კერძოდ, პოზიტიურადაა შეფასებული ინსპექტორის დამოუკიდებლობის გაზრდილი ხარისხი და საქართველოს კანონმდებლობის ევროპულთან შესაბამისობის საკითხი. პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატის წარმომადგენლის ნინო ცაგარეიშვილის კომენტარი:

„ანგარიშში ყურადღება არის გამახვილებული ინსპექტორის გაზრდილ მანდატზე, სამართალდამცავი ორგანოების მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე საზედამხედველო ფუნქციის თვალსაზრისით და, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ინსპექტორის უფლებამოსილების სრულ გავრცელებაზე კერძო სექტორის საქმიანობაზე“.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ 2014 წელს სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის მარეგულირებელ კანონებში შესწორებები შეიტანეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით კვლავ რჩება მოსაგვარებელი საკითხები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG