Accessibility links

logo-print

ასიფ რაზა რანას ერთ დღეს საუკეთესო მეგობართან განხეთქილება მოუვიდა და ამის შესახებ ფეისბუკზე დაწერა. ფოტოც დაურთო საილუსტრაციოდ, სადაც ამ ძველი საუკეთესო მეგობრის სურათები იყო გადახაზული და ასიფიც თავის ფეისბუკმეგობრებს ატყობინებდა, რომ ახალი საუკეთესო მეგობარი ჰყავს. ამ ისტორიაში განსაკუთრებული არაფერია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ როგორღაც პოსტი ნახა ვიღაცამ, ვინც ეს ისტორია საინტერესოდ ან სახალისოდ მიიჩნია და გაუზიარა ვიღაცას, რომელმაც კიდევ ვიღაცას გაუზიარა. მერე ამის შესახებ დაწერეს ბაზფიდმა, „დეილი დოტმა“, „ნიუ-იორკ პოსტმა“ და ა.შ. ასიფი რამდენიმე დღეში ინტენრეტვარსკვლავად იქცა და მსოფლიოს მედიის ყურადღება მიიპყრო. დათო ჩიხლაძე მას ფეისბუკით ესაუბრა პაკისტანში და ჰკითხა პოპულარობის, ვარსკვლავობის ტვირთისა და მისი მეგობრების შესახებ.

რადიო თავისუფლება: პირველ რიგში, თუ შეგიძლია გვიამბო შენს შესახებ - რას საქმიანობ, სად ცხოვრობ.

ასიფ რაზა რანა: კარგი, პირველ რიგში, ჩემ შესახებ მოგიყვებით. მე ვარ 25 წლის, პაკისტანიდან, ქალაქ გუჯრანვალადან. მე აქ ვცხოვრობ, აქ ვმუშაობ. 5 წლის წინ შევხვდი ჩემს საუკეთსო მეგობარს, მუდასირ ისმაილ აჰმედს. ერთი თვის წინ ცოტა ვიკამათეთ და მუდასირი მოულოდნელად გახდა თავკერძა და აროგანტული. მას აღარ ჰქონდა საკმარისი დრო ჩემთვის, ჩვენი მეგობრობისთვის. მე კი გადავწყვიტე, რომ დამესრულებინა ეს და ფეისბუკზე დავწერე, რომ ჩვენი მეგობრობა დასრულდა. ამასთან, გამიჩნდა ახალი საუკეთესო მეგობარი, სალმან აჰმად ნაქაში, რომელიც ასევე ჩემს ქალაქში ცხოვრობს.

რადიო თავისუფლება: ამის შემდეგ კი მთელმა მსოფლიომ შეამჩნია შენი პოსტი და მოულოდნელად გახდი ინტერნეტის ვარსკვლავი.

ასიფ რაზა რანა: პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ როცა ამ პოსტს ვწერდი ფეისბუკზე, არ მეგონა, თუ ასეთი გამოხმაურება მექნებოდა. არ მეგონა, თუ ჩემი პოსტი ასეთი ვირალური გახდებოდა. მერე კი აღმოვაჩინე, რომ პოსტს ბევრი ადამიანი ნახულობს, მემატება ლაიქები, მწერენ ინბოქსში და მომდის უამრავი მეგობრობის თხოვნა ფეისბუკზე. იმ დროიდან დღემდე უამრავ წერილს და თხოვნას ვიღებ. მე ძალიან გაკვირვებული და გახარებული ვარ იმით, რომ ინტერნეტის ვარსკვლავი გავხდი.

რადიო თავისუფლება: მართალია, ახლა შენ ვარსკვლავი ხარ ინტერნეტისთვის, მაგრამ რას ნიშნავს ეს რეალურ ცხოვრებაში? შენი ცნობადობა შენს ქვეყანაში და შენს ქალაქშიც გაიზარდა?

ასიფ რაზა რანა: კი, ჩემს ქვეყანაშიც, ჩემს ქალაქშიც და არამხოლოდ ჩემს ქალაქში. პაკისტანის ბევრ ქალაქში ადამიანებს უნდათ ჩემი გაცნობა და მთხოვენ, რომ მათთან სელფი გადავიღო და ჩემს ფეისბუკზე დავდო. თუმცა ჩემი თაიმლაინი არაა საზოგადოებრივი სივრცე, ეს ჩემი პირადი სივრცეა.

რადიო თავისუფლება: შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვალა მას შემდეგ, რაც ინტერნეტმა და მსოფლიო მედიამ ასეთი ყურადღება დაგითმო და ამდენი დაწერა შენ შესახებ?

ასიფ რაზა რანა: კი, შეიძლება, იმიტომ რომ ამ ყველაფრის შემდეგ მე უამრავი თხოვნა მივიღე მეგობრობაზე, უამრავი წერილი. მე 5 000 მეგობრის ლიმიტს გადავაჭარბე ფეისბუკზე და იძულებული გავხდი შემექმნა ოფიციალური ჯგუფი ჩემი ფანებისთვის - პრინცი ასიფ რაზა რანა. თუმცა ძალიან ძნელია ყურადღება დაუთმო ამდენ ადამიანს მთელ მსოფლიოში.

რადიო თავისუფლება: შეგიძლია გვიამბო შენი მეგობრების შესახებ? ისინიც გახდნენ ინტენრეტვარსკვლავები თუ მხოლოდ შენ?

ასიფ რაზა რანა: მე ორი საუკეთესო მეგობარი მყავს: მუდასირი, რომელიც მუშაობს ჩემთან ერთად, ჩემს დეპარტამენტში, და სალმანი. სალმანი მოდელია და ისიც ჩვენს ქალაქში, გუჯარვალაში, მუშაობს. ხალხს ჩვენი ნახვა სულ უნდა და ჩვენგან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულს ელიან.

რადიო თავისუფლება: რას აპირებ ახლა, როგორ ფიქრობ შენი ახალი სტატუსი გამოიყენო?

ასიფ რაზა რანა: ამაზე ბევრს ვფიქრობ. მინდა, რომ რაც შეიძლება სწორად მოვიქცე. ხშირად ვპოსტავ ჯგუფში ჩემი ფანებისთვის და ჩემს ფეისბუკგვერდზეც. მგონია, რომ ბევრი ხალხი ელის, რომ მათთვის რაღაც კარგს გავაკეთებ.

რადიო თავისუფლება: თუ გაქვს რამე კონკრეტული იდეა, რას გააკეთებ მომავალში?

ასიფ რაზა რანა: მომავლისთვის ძალიან ბევრი გეგმა და იდეა მაქვს. ყველასთვის, ვინც კარგს მისურვებს და ვუყვარვარ, მე ასევე ბევრს გავაკეთებ. მე მინდა მთელ მსოფლიოში მშვიდობა დამყარდეს და სამყარომ დაძლიოს სიძნელეები, რასაც ახლა უპირისპირდება. მე მინდა ჩემი სათქმელი მივაწვდინო მთელ მსოფლიოს, მსოფლიოს ლიდერებს და ვუთხრა, რომ ყველა ეცადოს მშვიდობა დაამყაროს საკუთარ ქვეყანაში და მერე მსოფლიოში, რომ ყველამ შეძლოს მშვიდობიანად ცხოვრება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG