Accessibility links

logo-print

საპარლამენტო არჩევნებამდე 6 თვით ადრე საქართველოში სულ უფრო სადავო ხდება საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის საკითხი. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილი „ქართული ოცნების“ საბოლოო გადაწყვეტილებას ჯერ ისევ ელოდება, თუმცა იმედი ნელ-ნელა ფერმკრთალდება: ფაქტია, რომ გასულ კვირაში პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია. საკანონმდებლო ბრძოლის გარდა, ინტერპარტიულ ჯგუფში საპროტესტო აქციებზეც ფიქრობენ.

საარჩევნო სისტემის შეცვლა, საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა, საარჩევნო ბარიერების შემცირება და უფასო სარეკლამო დროის თანაბრად განაწილება – კვლავაც უცვლელია ინტერპარტიული ჯგუფის მოთხოვნათა 4-პუნქტიანი ჩამონათვალი, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ გასული კვირის ხუთშაბათს წარუდგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს და დარჩა შთაბეჭდილება, რომ, საარჩევნო სისტემის გარდა, შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო სხვა ყველა საკითხთან დაკავშირებით. თუმცა არ გამართლდა მოლოდინი, რომ მმართველი კოალიცია ინტერპარტიულ ჯგუფს პასუხს სწრაფადვე გასცემდა მას შემდეგ, რაც სადავო საკითხებს 16 აპრილს პოლიტსაბჭოს სხდომაზე განიხილავდა.

ამ შეხვედრაზე გამართული განხილვების შესახებ ინტერპარტიული ჯგუფის წევრები ჯერჯერობით მხოლოდ ცალკეული პოლიტიკოსების ცალკეული კომენტარების მიხედვით მსჯელობენ და, როგორც ხელმძღვანელმა ორგანიზაციისა „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“ ზურაბ ხარატიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას ის სკეპტიკურად უყურებს და თვლის, რომ ფინანსური შეღავათების თემა სრულიად არაადეკვატურად გამოიყურება:

ზურაბ ხარატიშვილი

ზურაბ ხარატიშვილი

„ლაპარაკია იმ წვრილი პარტიების რაღაც დაფინანსებაზე, რომლებმაც რაღაც მინიმალური შედეგი მაინც აჩვენეს არჩევნებზე... მაგრამ ძალიან არასერიოზულია ეს... და ბევრად ნაკლებია იმაზე, რასაც ჩვენ ვითხოვდით და მოველოდით, რომ საარჩევნო სისტემაზე ვილაპარაკებდით, კომისიის წევრებზე ვილაპარაკებდით... და ვილაპარაკებდით, საერთოდ, სამართლიან საარჩევნო გარემოზე. პატარა პარტიის წარმომადგენლების დაფინანსებით საარჩევნო გარემო სამართლიანი ვერ გახდება“.

მიუხედავად ამისა, ინტერპარტიული ჯგუფის ერთ ნაწილს და, მათ შორის, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერს მამუკა კაციტაძეს ორშაბათს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწურული იმედი, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ პასუხი გამოჩნდებოდა. ჯგუფის მეორე ნაწილის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ხმამაღლა ლაპარაკობდა მოსალოდნელ საპროტესტო აქციებზე და მათ შორის არის „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ნათელია, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ წავა და არ იზრუნებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე, რაც მას ძალიან ცუდად დაუბრუნდება:

„არ გამოვრიცხავ ქუჩის აქციებს, არ გამოვრიცხავ მანიფესტაციებს, არ გამოვრიცხავ ლოკალური ტიპის აქციებს... პირდაპირ გეუბნებით, რომ შევხვდებით ყველა საელჩოს... არ გამოვრიცხავ და გეუბნებით, რომ ჩავალთ ბრიუსელში და არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, რომ მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ზომას – შიმშილობას...“

ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, გავათანაბრეთ ყველა ამომრჩევლის ხმა და დღეიდან – რაც არასოდეს ყოფილა საქართველოში – ყველა მოქალაქე თანასწორი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას...

ინტერპარტიული ჯგუფის შეფასებებს ზოგადი განმარტებებით გამოეხმაურნენ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წარმომადგენლები. როგორც, მაგალითად, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, ოპონენტები პოლიტიკურ სპეკულაციას მიმართავენ და არაფრის დანახვა არ სურთ; დეპუტატ გია ჟორჟოლიანის განმარტებით კი, დადებითი ნაბიჯები გადადგმულია, ხოლო საარჩევნო სისტემასთან მიმართებით ახალი და გასაკვირი არაფერი მომხდარა:

„ჩვენ მივიღეთ ისტორიული გადაწყვეტილება, გავათანაბრეთ ყველა ამომრჩევლის ხმა და დღეიდან – რაც არასოდეს ყოფილა საქართველოში – ყველა მოქალაქე თანასწორი იქნება გადაწყვეტილების მიღებისას. რაც შეეხება იმას, რომ ახლავე ჩვენ ეს შევცვალოთ და გადავიდეთ მხოლოდ პროპორციული სისტემით არჩევნებზე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მყარია და ეს ძალიან კარგად იცოდა ინტერპარტიულმა ჯგუფმა თუ იქ მონაწილე პარტიებმა“.

იმის გამო, რომ სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას, ანუ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას (როდესაც დეპუტატები აირჩევიან ე. წ. სამხარეო პროპორციული წესითა და ერთიანი პროპორციული სიით), საკონსტიტუციო ცვლილება ესაჭიროება, ინტერპარტიული ჯგუფი შეეცდება ე. წ. შერეული „გერმანული მოდელის“ გატანას, რასაც არ სჭირდება საკონსტიტუციო კვოტა და ცვლილების დასამტკიცებლად მხოლოდ 76 დეპუტატის მობილიზებაა საჭირო. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ პროცესში არასაპარლამენტო ოპოზიციას საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი აქვს და აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

ე. წ. „გერმანულ მოდელი“ გულისხმობს არჩევნების ჩატარებას როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული წესით, თუმცა მოპოვებული მანდატების რაოდენობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შედეგს აჩვენებს ესა თუ ის პოლიტიკური ძალა პროპორციული სისტემით არჩევნებში. "გერმანული მოდელის" დაბალანსების მექანიზმი უპირისპირდება ბევრისთვის უსამართლო შესაძლებლობას, რომ ამა თუ იმ პარტიამ მაჟორიტარული არჩევნების ხარჯზე მოიპოვოს გაცილებით იმაზე მეტი დეპუტატის მანდატი, ვიდრე მან ეს პროპორციული არჩევნების შედეგებით მოიპოვა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG