Accessibility links

logo-print

იურისტი ალექსი შოშიკელაშვილი და აივ-ინფიცირებული სამართალდამცველთა ძალადობაზე საუბრობენ


13 სექტემბერს რადიო თავისუფლების თბილისის სტუდიის სტუმარი იყო ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის იურისტი ალექსი შოშიკელაშვილი. დღეს ის საქალაქო სასამართლოში დაიცავს ინტერესებს აივ-ინფიცირებული ქალისა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია ადმინისტრაციული საქმე. სამართალდამცველები ქალს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნას აბრალებენ.

დილის გადაცემის პირდაპირ ეთერში ისაუბრა თავად დაზარალებულმაც. როგორც მან გვითხრა, 3 აგვისტოს ის და მისი მეგობრები სარფის საბაჟოზე დააკავეს სამართალდამცველებმა. ჩხრეკის დროს, რომელიც მანქანაში განხორციელდა, ისინი გააშიშვლეს. აივ-ინფიცირებულს ჩამოართვეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს მისი მკურნალობისთვის აუცილებელი მედიკამენტები, რომლებიც მიჩნეულ იქნა ნარკოტიკულ საშუალებებად. სამართალდამცველები ქალისგან მოითხოვდნენ, ეთქვა, ვისგან შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერებები: პირდაპირ მეუბნებოდნენ, შენ განწირული ხარ, შენს წამლებში აუცილებლად იქნება ნარკოტიკური ნივთიერებაო, ჰყვება ჩვენი თანამოსაუბრე და განაგრძობს: „მე მათ ვუთხარი, რომ მხოლოდ ერთ სამართალდამცველს ვეტყოდი, თუ რა მედიკამენტები აღმოაჩინეს ჩემს ჩანთაში. თუმცა, ამის უფლება არ მომცეს. როცა განვუმარტე, რისთვისაც მჭირდებოდა ეს წამლები, მათ ხმამაღლა დაიწყეს ძახილი, ამას სპიდი აქვსო“, - იხსენებს ქალი. აივ-ინფიცირებულს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარდებოდა სამედიცინო შემოწმება: „ეს ყველაფერი ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. ჩაგვიტარეს გინეკოლოგიური და პროქტოლოგიური გამოკვლევები“ - ამბობს დაზარალებული. მისივე თქმით, დაკავების პერიოდში, რომელიც 32 საათს გაგძელდა, მას არ მიეცა საშუალება, მიეღო მისი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი მედიკამენტები. წამლები მას მხოლოდ გათავისუფლების მეორე დღეს, მკურნალი ექიმის ჩარევის შემდეგ დაუბრუნეს.

იურისტ ალექსი შოშიკელაშვილის თქმით, აივ-ინფიცირებულმა ქალმა ჯერ კიდევ სამი კვირის წინ მიმართა პოლიციას საჩივრით, მაგრამ პასუხი არ მიუღია. რეაგირება არ მოჰყოლია არც მის მიმართვას პროკურატურისადმი. როგორც ალექსი შოშიკელაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ყოფნის თაობაზე ექსპერტიზა აივ-ინფიცირებულს არაკვალიფიცირებულმა და არაუფლებამოსილმა ექსპერტებმა ჩაუტარეს.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები თავისუფლებისათვის“ მართავს აივ-ინფიცირებულთა უფლებების მხარდასაჭერ აქციას. აქცია აივ-ინფიცირებულის სასამართლო პროცესამდე ერთი საათით ადრე დაიწყება. როგორც აივ-ინფიცირებული ქალი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, მისთვის და სხვა აივ-ინფიცირებულთათვის ეს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია: „ჩვენი ავადმყოფობა კონფიდენციალურია და არავის აქვს უფლება, ამაზე ხმამაღლა იყვიროს. ჩვენ მიმართ, სამწუხაროდ, ისევ არსებობს სტიგმა და არ გვინდა დისკრიმინაცია. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამ თემაზე საუბარი და მხოლოდ იმიტომ გავახმოვანე ეს ყველაფერი, რომ მინდა, საზოგადოებამ გაიგოს, რომ ეს ფაქტები ხდება“, - ამბობს აივ-ინფიცირებული ქალი.
XS
SM
MD
LG