Accessibility links

რასმუსენი: „ნატო არ აპირებს სირიაში ინტერვენციას“


ანდერს ფოგ რასმუსენი ქაბულში ვიზიტისას (2012 წლის 18 ოქტომბერი).

ანდერს ფოგ რასმუსენი ქაბულში ვიზიტისას (2012 წლის 18 ოქტომბერი).

აპირებს თუ არა ნატო სირიის საქმეებში ჩარევას? არის თუ არა რეალური ავღანეთში თალიბანის რეჟიმის დაბრუნების საფრთხე 2014 წლის შემდეგ, როდესაც ალიანსი შეწყვეტს ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციას (ISAF)? ამ და სხვა შეკითხვებზე ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს ესაუბრა ჩვენი რადიოს ავღანური სამსახურის თანამშრომელი სულთან სარვარი.

რადიო თავისუფლება: ავღანეთში შიშობენ, რომ ქვეყნიდან ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გასვლის შემდეგ თალიბანი პაკისტანში თავშესაფარს დატოვებს და ავღანეთში დაბრუნდება. რას აკეთებს ალიანსი იმისათვის, რათა გადაიჭრას პაკისტანში ექსტრემისტებისთვის არსებული „მშვიდი ნავსაყუდლის“ პრობლემა?

ანდერს ფოგ რასმუსენი: უპირველესად, უნდა აღვნიშნო, რომ „აისაფის“ მისიის დასრულების შემდეგ, 2014 წლის ბოლოსთვის, ჩვენ გავაგრძელებთ ავღანეთის 352-ათასკაციანი, ძლიერი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას. პირველ ყოვლისა, ავღანეთის ასეთი მტკიცე ძალები შეძლებენ უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის აღებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მეორე საკითხია ის შეშფოთება, რაც ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა რეგიონში ექსტრემისტთა თავშესაფრის გამო არსებობს და ჩვენი უდიდესი სურვილია, პაკისტანის მთავრობამ და ჯარმა გაატარონ ქმედითი ღონისძიებები რეგიონში ტერორისტთა წინააღმდეგ.

რადიო თავისუფლება: ბოლო ხანს ავღანეთის მედია ხშირად წერს, რომ უშიშროების ძალები დეზერტირებითა და დაბალი საბრძოლო სულისკვეთების ხალხითაა დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე გამოითქმის შეშფოთება, რომ ნატოს ჯარების გასვლის შემდეგ, ავღანეთის თავდაცვა დიდხანს ვერ გაძლებს.

ანდერს ფოგ რასმუსენი: არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში დაბალი საბრძოლო სულისკვეთების ხალხი მსახურობს. პირიქით. ვყოფილვარ მათთან და მისაუბრია ავღანელ სამხედრო პირებთან, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი სურვილი, საკუთარ თავზე აიღონ სრული პასუხისმგებლობა ქვეყანაში უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ავღანელ სამხედროთა წვრთნასა და სწავლებას და მათთვის პასუხისმგებლობის თანდათანობით გადაბარების პროცესს. და ასეთ წვრთნას 2014 წლის შემდეგაც გავაგრძელებთ. სულ ბოლოს რომ ვიყავი ავღანეთში, საშუალება მქონდა, მომენახულებინა იქაური უშიშროების ძალები და ნანახით მოვიხიბლე. ქვეყანაში თავდაცვით ოპერაციათა 80 პროცენტს ავღანელი სამხედროები ატარებენ. ეს ჩინებულია. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები 2014 წლიდან შეძლებენ საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობის აღებას.

რადიო თავისუფლება: კიდევ ერთი გამოწვევა, რაც ნატოსთვის შეიძლება არსებობდეს, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომია. თუმცა, ლიბიისაგან განსხვავებით, სადაც შარშან ნატომ გადამწყვეტი როლი ითამაშა კადაფის რეჟიმის დამხობაში, ნატო უარს ამბობს სირიაში ანალოგიური გეგმით მოქმედებაზე, მიუხედავად იმისა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იქ უფრო მეტად იტანჯებიან.

ანდერს ფოგ რასმუსენი: „ლიბიისა და სირიის შემთხვევებს შორის აშკარა განსხვავება არსებობს. ლიბიაში ნატო მოქმედებდა გაეროს მანდატით და იცავდა მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ მაშინ რეგიონის სხვა ქვეყნებიც გვიჭერდნენ მხარს. ამ გარემოებებიდან ვერც ერთს ვერ ვხედავთ სირიის შემთხვევაში. ნატოსთვის დახმარება არ უთხოვიათ არც საერთაშორისო და არც რეგიონულ დონეზე და ჩვენ არ ვაპირებთ სირიაში ინტერვენციას. თუმცა აღვნიშნავ, რომ ვგმობთ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას სირიაში და გვსურს, რომ ამ ქვეყნის ხელმძღვანელებმა იზრუნონ სირიელი ხალხის სრულიად ლეგიტიმური მისწრაფებების შესრულებაზე.“

რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ნატოს გენერალური მდივანი გლობალურ ტერორისტულ ქსელ ალ ყაიდისგან მომდინარე საფრთხესაც შეეხო. ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ალ ყაიდა კვლავინდებურად წარმოადგენს ტერორისტულ საფრთხეს, თუმცა ექსტრემისტული საერთაშორისო ორგანიზაციის ძალა და გავლენა ბოლო წლებში საგრძნობლად შესუსტდა.
XS
SM
MD
LG