Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში მოკლეს ყოფილი რუსი პარლამენტარი, რომელიც ყირიმის ანექსიას აკრიტიკებდა


უკრაინის პოლიციის ცნობით, დღეს კიევში მოკლეს ყოფილი რუსი პარლამენტარი დენის ვორონენკოვი, რომელიც აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას, რუსეთს ნაცისტურ გერმანიას ადარებდა და 2016 წელს უკრაინაში გადასახლდა. კიევის პოლიციის უფროსმა, ანდრეი კრიშჩენკომ უთხრა ჩვენს რადიოს, რომ ვორონენკოვი მოკლეს კიევის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე სროლის დროს. 45 წლის ვორონენკოვი კომუნისტური პარტიის დეპუტატი იყო რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში 2011-დან 2016 წლამდე. ის მეუღლესთან, ასევე ყოფილ რუს დეპუტატ მარია მაქსაკოვასთან ერთად ოქტომბერში გადასახლდა უკრაინაში მას შემდეგ, რაც რუსეთში სამართალდამცველებმა მოითხოვეს გამოძიების დაწყება მის თაღლითობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. თებერვალში უკრაინის მედიასთან ინტერვიუს დროს, ვორონენკოვმა ნაცისტურ გერმანიას შეადარა თანამედროვე რუსეთი, სადაც, მისი თქმით, ყველაფერს უშიშროების ფედერალური სამსახური აკონტროლებს. მანვე „შეცდომა“ უწოდა ყირიმის ანექსიას.

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო რუსეთის მხრიდან „სახელმწიფო ტერორიზმის აქტად“ მიიჩნევს კიევში ყოფილი რუსი დეპუტატის მკვლელობას. პოროშენკომ ეს შეფასება გამოთქვა ტვიტერში და ფეისბუკში მას შემდეგ, რაც კიევის ცენტრში 23 მარტს მოკლეს დენის ვორონენკოვი - რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი, რომელიც შარშან გადასახლდა უკრაინაში და აკრიტიკებდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას. პოროშენკოს შეფასებით, ვორონენკოვის მკვლელობას აშკარად ეტყობა რუსეთის სპეცსამსახურების ხელწერა. „ვორონენკოვი იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მოწმე“ - წერს პოროშენკო სოციალურ მედიაში. უკრაინის პრეზიდენტს შემთხვევითად არ მიაჩნია, რომ მკვლელობა მოხდა იმავე დღეს, როცა ხანძარი გაჩნდა და აფეთქებები მოხდა საბრძოლო მასალის საწყობში ხარკოვის ოლქში. პოროშენკომ „საბოტაჟი“ უწოდა საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG