Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კენეტ იალოვიცი: დარჩით დასავლეთის ერთგულ პარტნიორად


ამერიკის ხმა: რა ფაქტორები უწყობს ხელს აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებას საქართველოში და რა მიზნებს ითვალისწინებს ის?

კენეტ იალოვიცი: 1991 წელს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავა მიდგომა, რომლის თანახმადაც ის თითოეულ ახალ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს დაეხმარებოდა, რათა ისინი მართლაც დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნებად ჩამოყალიბებულიყვნენ, და რომ მათი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის უზრუნველყოფა მომხდარიყო. ეს მიზნები ძალაში რჩება დღესაც, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა, ბოლო წლებში, მაშინ როცა საქართველოში ხელისუფლებები იცვლებოდნენ, რამენაირად გადახალისდა. ჩვენ ახლაც გვსურს საქართველო მშვიდობიან, სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყნად განვითარდეს, ქვეყნად, რომელსაც სტაბილური ეკონომიკა აქვს, რომელიც ფეხზე დგას, და საკუთარ თავში დარწმუნებულია. საქართველომ არაერთი რთული პერიოდი გამოიარა დამოუკიდებლობიდან დღემდე, 2008 წელს იყო ომი რუსეთთან, ახლა კი უკრაინასა და სხვაგან, პოსტ-საბჭოთა ტერიტორიაზე, რუსეთის აგრესიის ფონზე შეერთებულ შტატებს ძალიან აშფოთებს ვითარების გამწვავების საშიშროება. და მაინც, როგორც უკვე გითხარით, ჩვენი პოლიტიკა და მიზნები უცვლელია, და ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს იხილოს ძლიერი, დემოკრატიული, ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი საქართველო.

ამერიკის ხმა: ასეთი მიდგომა წლებია ხორციელდება. საინტერესოა ხედავთ თუ არა მისი მოდიფიცირების შესაძლებლობას, მაშინ როცა აშშ-ს ახალი პრეზიდენტი ეყოლება და როცა საქართველოში ახალ ელჩს მიავლენთ?

კენეტ იალოვიცი: არ მგონია ეს ასე მოხდეს. ჩვენი პოლიტიკა რეგიონის ქვეყნების მიმართ არის ძალიან საღი მიდგომა. საბჭოთა კავშირის მშვიდობიანად დაშლა მეოცე საუკუნის ერთერთი ყველაზე ღირშესანიშნავი მოვლენა იყო. ამის შემდეგ, ჩვენ შევეცადეთ ევროპა გაგვეთავისუფლებინა და გაგვემთლიანებინა. მიუხედავად რუსეთის მიმდინარე აგრესიისა, არსებული სტრატეგია ბევრად არ შეიცვლება. მინდა გითხრათ, რომ ცივი ომის დასრულებას არავინ აღიქვამდა დიდ გამარჯვებად, თუმცა ეს შესაძლებლობა დასავლეთმა გამოიყენა ევროპის კონტინენტის ერთ, მთლიან და თავისუფალ ორგანიზმად გარდასაქმნელად. იმედი ჯერ კიდევ არის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მოსკოვი შეწყვეტს აგრესიულ პოლიტიკას, თუმცა ამის პროგნოზირება ახლა ძალიან ძნელია. ფაქტია, რომ რუსეთის ახლანდელი მიდგომა ცუდად არის გათვლილი, ის ქვეყნებს შორის ურთიერთობებს აზარალებს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, და ვნებს ეკონომიკას. საქართველოში კი ჩვენ დაწყებული სტრატეგიის ერთგულნი ვართ. ქართველებმა, ამ ფონზე, აღებული საგარეო ვექტორიდან არ უნდა გადაუხვიონ, შეასრულონ ვალდებულებები ევროკავშირთან და გააგრძელონ პარტნიორობა ნატოსთან, რასაც ვაშინგტონში ძალიან, ძალიან აფასებენ.

ამერიკის ხმა: მიუხედავად თანმიმდევრული სტრატეგიისა, იყო თუ არა ისეთი ეპიზოდები, როცა ამერიკა, აღიქვამდა რა განსხვავებულად სხვადასხვა მთავრობებს საქართველოში, ერთგვარად ცვლიდა არა სტრატეგიას, არამედ დამოკიდებულებას ქართველი ლიდერების მიმართ?

კენეტ იალოვიცი: გარკვეული პერიოდის წინ იყო ერთგვარი შიშები, რომ კოალიცია “ქართული ოცნება” ქვეყანას დრამატულად შეუცვლიდა საგარეო მიმართულებას და გეზს რუსეთისკენ აიღებდა. თუმცა ეს ეჭვები და შეშფოთება არ გამართლდა. მე დღეს არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ მმართველი ძალა საქართველოში პრო-დასავლური არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მართლაც ძალიან რთულ სიტუაციაშია-ჩრდილოეთით მას რუსეთი ესაზღვრება, რომელიც მტრულ პოლიტიკას იჩენს, მას კი დასავლეთით სურს განვითარება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება. ძალიან საღი ნაბიჯი იყო, როცა მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზაცია დაიწყო, თუმცა სამწუხაროდ მე ვერ დავინახე შემხვედრი ნაბიჯები.

მე ამდენად, არანაირი რადიკალური ცვლილება არ მინახავს საქართველოს პოლიტიკაში, რაც მე სხვანაირად განსჯის საშუალებას მომცემდა. თქვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს-თანამშრომლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და მონაწილეობს არაერთ სამშვიდობო მისიაში. ამით, ქართველები ერთგული პარტნიორები არიან, მათ ამისთვის აფასებენ, ქვეყანა ასევე ავითარებს კავშირებს ევროკავშირთანაც, რაც მთლიანობაში ძალიან მისასალმებელია.

ამერიკის ხმა: რა უნდა გააკეთოს საქართველომ იმისთვის, რომ მისი გამოწვევები მომავალში აქტიურად განიხილებოდეს ვაშინგტონსა და დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში?

კენეტ იალოვიცი: აშშ-ი აქტიურად არის ჩართული ბევრ გლობალურ საკითხსა და პროცესში. საქართველოს რთულ გარემოში უწევს ცხოვრება-​რეგიონში არაერთი დიდი პრობლემა დგას დღის წესრიგში-როგორც ეს აზერბაიჯანში, ან უკრაინაში ხდება. თუმცა უნდა გამოინახოს გზები და საქართველომ უნდა გააგრძელოს ყველაფერი ის, რასაც აკეთებს, დარჩეს კარგ და სანდო პარტნიორად ევროპისა და ამერიკისთვის, გააგრძელოს შიდა გამოწვევების მოგვარება და მოაწესრიგოს ეკონომიკური ვითარება, რომელსაც ახლა აშკარად არ ულხინს.

XS
SM
MD
LG