გასულ კვირაში, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, საბოლოოდ გაირკვა საქართველოში ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის აშენების საკითხი. გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსის ათზე მეტი სახელმწიფო მზად არის მიიღოს მონაწილეობა ამ საწვრთნელი ცენტრის მუშაობაში. გარდა ამისა, საქართველოში იგეგმება დამკვირვებელთა მუდმივმოქმედი 10-15-კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის გაგზავნა, გაფართოვდება ნატოს სამოკავშირეო ოფისი, ხოლო ქართველი მსმენელები უფრო ფართო შეღავათებით ისარგებლებენ ნატოს წამყვანი ქვეყნების სამხედრო სასწავლებლებში. ითქვა ისიც, რომ ერთობლივი ცენტრის იდეა საქართველოდან წამოსულა და სწორედ თბილისმა უნდა გაიღოს ფინანსები ამ ობიექტის მშენებლობისათვის. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ცხადია, სწორედ საქართველოს თავდაცვის მინისტრისაგან ვეცადეთ გაგვეგო უფრო მეტი იმის შესახებ, თუ ვინ, ვის მიერ, როგორ და რა მიზნით გაიწვრთნება ნატო-საქართველოს სამომავლო ერთობლივ ცენტრში.