Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: ალეკო ცქიტიშვილი


5 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ალეკო ცქიტიშვილი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" ხელმძღვანელი. გადაცემის დასაწყისში ის გამოეხმაურა 4 ოქტომბერს თბილისში მომხდარ აფეთქებას და თვლის, რომ ამ დანაშაულის (და მანამდე მომხდარი ფაქტებისაც) დროულად გამოძიებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს და "ეს თვითონ საქართველოს სახელმწიფოსთვის არის ზოგადად პრინციპული. ასევე, ყველაზე მეტად პრინციპულია მმართველი პარტიისთვის, დღევანდელი ხელისუფლებისთვის, რამდენადაც, ვინც არ უნდა იყოს ამ დანაშაულების ჩამდენი, პასუხისმგებლობა მშვიდობიანი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პირველ რიგში ხელისუფლებას", - ამბობს ალეკო ცქიტიშვილი. "დილის საუბრები" კი დღეს ეხებოდა რეგიონებში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხს. კერძოდ, ალეკო ცქიტიშვილმა ილაპარაკა გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში სახელმწიფოში ულტრანაციონალისტური განწყობებისა და გარკვეული ჯგუფების ქმედებების შედეგად დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ახორციელებს პროექტს - "ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში". ამ პროექტის ფარგლებში ცენტრის წარმომადგენლები ხვდებიან კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს. 5 ოქტომბრის გადაცემაში ალეკო ცქიტიშვილმა ილაპარაკა ეთნიკური ოსებისა და დაღესტნელების ისტორიებზე, რომლებიც სწორედ გასული საუკუნის ბოლოს მომხდარს უკავშირდება და სახელმწიფოს ვალდებულებაა იზრუნოს მათი უფლებების დაცვაზე. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, "ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეიმუშავებს რეკომენდაციებს იმისათვის, რომ სახელმწიფოს მიდგომა ყველა ეთნიკური უმცირესობისადმი იყოს თანაბარი. პრობლემის ნათელსაყოფად მან მაგალითად მოიყვანა "რესტიტუციის შესახებ კანონი", რომელიც ყოფილი სამხრეთის ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან დევნილი ქართველებისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე დაზარალებული ეთნიკური ოსების უფლებების აღდგენას ეხება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG