Accessibility links

logo-print

4 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო დათო ჭიპაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი. მან ილაპარაკა ნენსკრაჰესის მშენებლობის პროექტსა და მის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტზე. 3 ივლისს ჭუბერში გაიმართა მორიგი საპროტესტო აქცია. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო ჭუბერის მცხოვრები ნატო სუბარი. მან ილაპარაკა კვირას გამართული აქციის შესახებ, აგრეთვე კითხვებზე, რომლებზე პასუხებსაც ადგილობრივი მოსახლეობა დღემდე ელოდება პროექტის მესვეურებისგან. მოსახლეობის დიდ ნაწილს აღელვებს რა ზეგავლენას იქონიებს ნენსკრაჰესის პროექტი მათი საცხოვრებელი გარემოს უსაფრთხოებაზე. კითხვებს აჩენს აგრეთვე პროექტის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ხელისუფლება არათანმიმდევრულად, ეპიზოდურად და რიგ შემთხვევაში, ურთიერთგამომრიცხავად ავრცელებს. დათო ჭიპაშვილმა და ნატო სუბარმა აღნიშნეს, რომ დღემდე მიმდინარეობს მშენებლობის სავარაუდო ადგილზე გეოლოგიური პირობების შესწავლა, როცა უკვე გაცემულია გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტი და ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თითქოს, ჰესის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო. რაც შეეხება პროექტის საჯარო განხილვებს, გადაცემის მონაწილეთა თანახმად, რამდენიმე და ფორმალურად ჩატარდა. ადგილობრივების ერთ-ერთი მოთხოვნაა საჯარო განხილვების მეტი ჩართულობით მოწყობა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG