Accessibility links

დარჩიაშვილი: თვალთმაქცობა, რომელიც არცერთ ხელისუფლებას არ უნდა ახასიათებდეს


ნანა საჯაია და დავით დარჩიაშვილი

ნანა საჯაია და დავით დარჩიაშვილი

საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, "ამერიკის ხმა" საქართველოს პარლამენტის ოპოზიციის ერთერთ ლიდერს, დავით დარჩიაშვილს ვაშინგტონში გაესაუბრა. ინტერვიუ ნანა საჯაიამ ჩაწერა.

ამერიკის ხმა: 12 სექტემბერს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია რომ ოპონენტების პოლიტიკური დევნა რისკის ქვეშ აყენებს ქართულ დემოკრატიას. თქვენ რა ამოიკითხეთ ამ განცხადებაში და როგორ ფიქრობთ, რატომ გამოქვეყნდა განცხადება ახლა?

დავით დარჩიაშვილი: პირველად გაიჟღერა არა როგორც ვარაუდმა, არამედ მტკიცებულებითი ფორმით, რომ აქ არის პოლიტიკური დევნის ელემენტები. განცხადებები ვიცით მაკეინით დაწყებული, ბილდტით დამთავრებული, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტი ეს არის უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური უწყება მსოფლიოში, ბუნებრივია მას დრო სჭირდებოდა, რომ ასეთი განცხადება გაეკეთებინა.

ხელისუფლებას უნდა ესმოდეს რაოდენ მნიშვნელოვანია სწორედ სახელმწიფო დეპრატამენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, რაც თავის პოლიტიკაში უნდა ასახოს.

ამერიკის ხმა: ეს განცხადება წინ უსწრებს საქართველოს დელეგაციის ვიზიტს გაეროში, თქვენ აკავშირებთ ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან?

დავით დარჩიაშვილი: არ არის გამორიცხული, დიპლომატიური უწყებაა, თავისუფალი პოლიტიკოსისგან, თუნდაც პარლამენტარისაგან იმით განსხვავდება, რომ შინაარსობრივად ყოველ სიტყვას, წერტილ-მძიმეს აქვს მნიშვნელობა. დროსაც აქვს მნიშვნელობა „თაიმინგის“ თვალსაზრისით რომ მეტი ეფექტი ქონდეს და დააფიქროს ადრესატი.

ამერიკის ხმა: ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ, რომ პოლიტიკური ოპონენტების დევნა დამანგრეველია ქვეყნისთვის და არ შეიძლება ერთი პრეზიდენტი მეორეს დევნიდეს. თქვენ ფიქრობთ, რომ პრეზიდენტის სტატუსი არის გარანტი იმისა, რომ ჩადენლი დანაშაულებების გამო, თუ ასეთი არსებობს, მან პასუხი არ უნდა აგოს?

დავით დარჩიაშვილი: არა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება იყოს გარანტია, მაგრამ პრეზიდენტის პოზიციიდან გადადგმნული ნაბიჯების შეფასებას ცოტა მეტი პოლიტიკური კონტექსტისა და ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობების დიპლომატიის და ხელისუიფლების მემკვიდრეობის პრინციპის გათვალისწინება სჭირდება.

მეორე, უშუალოდ რაზე დევნი ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. დევნო იმაზე, რომ 2007 წელს სახელმწიფოს მეთაურმა ჩათვალა, რომ ქვეყანაში იყო დესტაბილიზაციის და მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება გამოეცხადებინა საგანგებო მდგომარეობა ან თუნდაც დაეხურა ტელეარხი, და მეორეს მხრივ, იგივე კანონის ფარგლებში მოქცეული საპრეზიდენტო ხარჯების ნიუანსების გარჩევით ეს არის რაღაცნაირი თვალთმაქცობა და ორმაგი სტანდარტები, რომელიც არ უნდა ახასიათებდეს არც ერთ ხელისუფლებას.

ამერიკის ხმა: რა შემთხვევაში ჩათვლიდით, რომ ვალიდურია პრეზიდენტის საქმის გამოძიება?

დავით დარჩიაშვილი: ან დემონსტრაცია დახვრიტა ცეცხლსასროლი იარაღით ან ათასობით ადმაიანი იქნა ციხეში ჩაყრილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების გამო. მსოფლიომ იცის ასეთი მაგალითები, როცა სააკაშვილს ადარებ მილოშევიჩს, საერთაშორისო დონეზე ეს სასაცილოა.

ამერიკის ხმა: როგორ აღწერთ ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ მდგომარეობას, როგორ აისახება პრეზიდენტის და პრემიერის ურთიერთობა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე და ამ ფონზე, რა როლს თამაშობს მთავარი ოპოზიციური ძალა, რა გზავნილები მიაქვს მას საერთაშორისო შეხვედრებზე?

დავით დარჩიაშვილი: თავიდანვე ვიტყვი, რომ როგორც პოლიტიკური პერსონაჟის მიმართ, გიორგი მარგველაშვილის მიმართ არანაირი მხარდაჭერა, პოლიტიკური სიმპატია არ გაგვაჩნია. აქ საუბარია პრეზიდენტის ინსტიტუტზე და თუ კი დღევანდელი პრეზიდენტი ცდილობს დაიცვას ეს ინსტიტუტი, მის მიმართ, რა თქმა უნდა, პოზიტიური დამოკიდებულება გვაქვს.

ძალიან გამიჭირდება რომ მსგავსი მაგალითი ამ ჩვენს ძალიან არეულ 20 თუ 25 წლიან ისტორიაში ვეძებო. დამოკიდებულებები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის პაროდიულ სახეს იღებს.

ამერიკის ხმა: და ამ ფონზე ნაციონალურ მოძრაობას რა გზავნილები მოაქვს საერთაშორისო შეხვედრებზე?

დავით დარჩიაშვილი: ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც ნებისმიერი ოპოზიციური პარტია და ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა იყოს ღია და თავის შეხედულებებს არ უნდა მალავდეს. ასე დაყენება საკითხის, როგორც ზოგჯერ აყენებენ, რომ სადღაც ამერიკაში რაღაცა ვიღაცამ თქვა და ამით ქვეყანას ზიანი მიაყენა... პირიქით, თუ ზიანს რამე აყენებს, ეს არის ქმედებები, რომლებიც არ შეესაბამება დიპლომატიის და პოლირიკური პლურალიზმის სტანდარტებს, იმათი დამალვა შეუძლებელია. ამაზე საუბარი ემსახურება იმას, რომ ეს სტანდარტები აღდგეს და გამოსწორდეს.

ამერიკის ხმა: რუსეთი, უკრაინის სერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, სამხედრო ოპერაციებს ატარებს. ასე იყო 2008 წელს საქართველოშიც. რას აკეთებს ქართული სახელმწიფო დღეს იმისთვის, რომ უკრაინა და საქართველო მსოფლიომ ერთ კონტექსტში განიხილოს?

დავით დარჩიაშვილი: მე მგონია ძალიან ცოტას, მხოლოდ საპარლამენტო დკელარაცია, ისიც ასე გვიან საქმეს არ შველის. ამ ვითარებაში ქართული დიპლომატიური კორპუსი მთლაიანდ და მისი ხელისუფლება ლამის ხელისუფლების ნაწილად უნდა განიხილავდეს თავს.

თუ იქ ცუდად წავიდა საქმე, თუ კი რუსეთმა თავის მიზანს მიაღწია, თუ უკრაინა დაასუსტა, გააჩინა იქ უკონტროლო კონფლიქტური, რეალურად ოკუპირებული ზონები, ჩათვალეთ რომ საქართველო განწირული იქნება ისტორიის ამ მონაკვეთზე.

ამერიკის ხმა: საქართველოში ხელისუფლების ცვლილებიდან ორი წლისთავი ახლოვდება. როგორი იყო ეს პერიოდი ქვეყნისთვის, როგორც შიდა ისე საგარეო პოლიტიკაში?

დავით დარჩიაშვილი: მე მესმის, რომ 9 წლის განმავლობაში შეცდომებიც იყო, დაღლაც იყო და ყველამ ვიცით რა იყო. მაგრამ იმის მერე რა კეთდება. ნამდვილად მიმაჩნია, რომ არ არის სახარბიელო ვითარება. აღარაფერს ვამბობ ეკონომიკაში არსებულ დაღმასვლის პარამეტრებზე, ზრდის შენელებაზე, ბიუჯეტის გარღვევებზე, აქედან გამომდინარე დიდი დაპირებების არშესრულებაზე, ვლაპარაკობ პოლიტიკურ-სამართლებრივ ჭრილში, ასეთი მიზანმიმართული დევნა ოპოზიციისა ძალიან ცუდ სტანდარტს ამკვიდრებს ან ცუდ სტანდარტებთან გვაბრუნებს ქვეყანაში.

ამერიკის ხმა: რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, საქართველოს პოზიციონირებაში რამე შეიცვალა?

დავით დარჩიაშვილი: ჩვენ ხელისუფლებას აბრალებდნენ, რომ საქართველოს ამბიცია ჰქონდა თავის გეოგრაფიულ პარამეტრებზე დიდი როლი ეთამაშაო, დიახაც ასეთი უნდა იყოს დემოკრატიულობის და თანამედროვე სახელმწიფოებრიობის თვალსაზრისით ახალგაზრდა ქვეყნის ამბიცია, რომ მან რეზონანსი მოახდინოს, დაანახოს მსოფლიოს თავისი თავი და ამით შეეცადოს, რომ მეტი ანგარიში გაუწიონ. ასევე ითქვა, რომ არ უნდა ხტუნაობდეს ეს ქვეყანა ბევრს და თავის რეგიონში დაეტიოს, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი კონცეპტუალური თვალსაზრისით.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG