Accessibility links

logo-print

რუბინი: ჩვენი განცხადებები მეგობრული რჩევებია და არა ლექცია


ერიკ რუბინი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაშინგტონი, 18 სექტემბერი, 2014.

ერიკ რუბინი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ვაშინგტონი, 18 სექტემბერი, 2014.

საქართველოს წინაშე მდგარ საშინაო და საგარეო გამოწვევებზე, „ამერიკის ხმამ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკ რუბინთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ჩაწერილ ინტერვიუს „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის ხელმძღვანელი ანა კალანდაძე უძღვება.

ამერიკის ხმა: დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. სახელმწიფო დეპარტამენტმა რამდენიმე განცხადება გაავრცელა და გააფრთხილა საქართველოს მთავრობა იმ რისკების შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, პოლიტიკურმა დევნამ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქმნას. რა იყო ნამდვილი განზრახვა და ამოცანა უკანასკნელი განცხადებისა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტმა წინა კვირას გამოაქვეყნა? თქვენ, როგორც საქართველოს მეგობარი, რას ურჩევთ საქართველოს მთავრობას? შეგახსენებთ, მთავრობა ამბობს, რომ დასავლელ პარტნიორებს არ გააჩნიათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს დემოკრატია საქართველოში.

ერიკ რუბინი: პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ მომეცით საშუალება, თქვენს პუბლიკას ველაპარაკო. მიხარია, რომ მათთან საუბრის საშუალება მომეცა. პირველ კითხვას ასე ვუპასუხებ: ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ. ჩვენ ქართული დემოკრატიისა და იმ ქართული პროექტის მეგობრები ვართ, რომელის ითვალისწინებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ოჯახში შეყვანას, აგრეთვე საქართველოს დახმარებას, რათა ის ამ ოჯახის სრულფასოვანი წევრი გახდეს. მიგვაჩნია, რომ საქართველომ ამ მიმართულებით უკვე დიდ პროგრესს მიაღწია. გვინდა, რომ წინსვლა გაგრძელდეს. განცხადებები, რომელიც გავაკეთეთ, გულისხმობდა მეგობრულ რჩევებს. ის არ იყო ლექცია, ინსტრუქცია, ან ჩარევა გადაწყვეტილებებში, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მისაღებია. ჩვენი მეგობრული რჩევა კი ის არის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის წინაშე დგას. ეს მნიშვნელოვანი მომენტია რეგიონისთვისაც. სრულფასოვნად ამოქმედებას იწყებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. დასახულია ბევრი ამბიციური ამოცანა ევროკავშირთან ასოცირებისა და ნატოსთან პარტნიორობის გამტკიცების, აგრეთვე ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია და მას, როგორც ყოველთვის, მტკიცედ ვუჭერთ მხარს. დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის საკითხი და რაც ყველაზე მთავარია, გადასადგმელია მორიგი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს აქტიურ, თავისუფალ და ღია საზოგადოებამდე მიიყვანს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ქართველებმა მიღწეულით უნდა იამაყონ.

მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც არსებობს პოლიტიკური პროცესი და დემოკრატია, არსებობს დებატებიც და შიდა პოლიტიკური ჭიდილი. ეს ნორმალურია. ესაა ის, რაც დემოკრატიაში ხდება და რაც უდაოდ ხდება აქ, ვაშინგტონში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მიუკერძოებელი სასამართლოს სისტემა, ვალდებულია, აღასრულოს კანონი. ამგვარად, ჩვენ არ ვცდილობთ, რაიმე მოგახვიოთ თავს. მაგრამ მნიშვნელოვანად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეთანხმებიან ქვეყნის არჩეულ კურსს და ქართველ ამომრჩეველთა აბსოლუტი უმრავლესობის ნებას, რაც გულისხმობს დასავლეთში ინტეგრაციას, ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას და ღია საზოგადოების შექნას, უკლებლიც ყველა ერთად უნდა დადგეს - იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ვერ თანხმდებიან სხვა საკითხებზე და არჩევნებზე ერთმანეთის პოლიტიკური ოპონენტები არიან. შემქნილ ვითარებაში, ესაა ერთადერთი გზა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმემ თავი მოგვაჩვენოს, თითქოს უთანხმოებები გაქრა და ყველა ყველას მეგობარია, მაგრამ მიგვაჩნია, რომ საჭიროა ეროვნული თანხმობა ზოგიერთ საკვანძო საკითხში.

მეორე საკითხია ის, რომ ნამდვილ დემოკრატიაში აუცილებელია ოპოზიცია და ნამდვილი დებატები პარლამენტში. გამოვხატეთ შეშფოთება, რომ თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას. როგორც აღვნიშნე, ესაა რჩევა - არა გაფრთხილება და არც არაფერი იმაზე მეტი, რაც ვთქვი. იმედი გვაქვს, ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწონ დასახულ მიზანს.

ამერიკის ხმა: რას გვეტყვით იმის შესახებ, რომ მთავრობამ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალი წაუყენა.

ერიკ რუბინი: არა მგონია, იმაზე მეტი სათქმელი მქონდეს, რაც უკვე მოგახსენეთ და რაც ჩვენს განცხადებაშია ნათქვამი. გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე საბოლოო ჯამში დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა.

ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობისას ძალიან ფრთხილობს. ხედავთ თუ არა ხელშესახებ შედეგებს საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობაში?

ერიკ რუბინი: როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი შესაფასებელი არ არის საქართველოს მთავრობის მოქმედება. დიდი ხნის წინ ვთქვით, რომ ეს თემა არ არის „თამაში ნულოვანი შედეგით“, რომ რეგიონის ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ კარგი ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, მათ სჭირდებათ ასეთი ურთიერთობა რეგიონის ყველაზე დიდ და ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოსთან. საკამათო საერთოდ არ არის, საჭიროა თუ არა ამგვარი ურთიერთობა ვაჭრობისა და ინვესტიციების თვალსაზრისით.

ამავე დროს, ჩვენ ყოველთვის ძალიან კრიტიკულად ვაფასებდით საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკას და ასე გაგრძელდება, სანამ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორია, სანამ რუსეთის ჯარი უნებართვოდ დგას საქართველოს ტერიტორიაზე, სანამ რუსეთი საზღვრებს ავლებს ადმინისტრაციულ ხაზზე და ცხოვრებას ურთულებს იქ მცხოვრებ მოქალაქეებს. ვხედავთ ურთიერთობის გარკვეულ გაუმჯობესებას და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. როდესაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეუერთდა, ვფიქრობდით, რომ საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მოწესრიგდებოდა. ჯერ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ, მაგრამ სახეზეა გარკვეული გაუმჯობესება. ვფიქრობთ, საქართველოს მთავრობა ბევრს ეცადა, პრაგმატული მიდგომით მიეღწია შედეგისათვის, რასაც ქვეყნისთვის ეკონომიკური სარგებელი მოაქვს. ამავე დროს, მან გარკვევით განაცხადა, რომ სურს, ურთიერთბა აღადგინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და იქ მცხოვრებ მოქალაქეებთან და ხელი შეუწყოს ხალხთა შორის კავშირებს. წელიწადში ოთხჯერ ჟენევის მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ. საქართველოს მთავრობას არჩეული აქვს ძალიან გონივრული, პრაგმატული მიდგომა, რომელსაც მხარს ვუჭერთ. საერთო ჯამში, შესაძლოა, არის რაღაც გაუმჯობესება, მაგრამ ბურთი რუსეთის მოედანზეა. მან უნდა უპასუხოს საქართველოს და მეტ პროგრესს შეუწყოს ხელი.

ამერიკის ხმა: რისი სწავლა შეეძლო საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რათა თავიდან აეცილებინა დღევანდელი კრიზისი უკრაინაში და აეძულებინა რუსეთი, დაეცვა [საერთაშორისო] კანონის უზენაესობა.

ერიკ რუბინი: ვფიქრობ, 2008 წლის გაკვეთილები ჯერ კიდევ შესასწავლია. მაგრამ იმხანად მტკიცედ მიგვაჩნდა, რომ ერთი საკითხი, რომელზეც აუცილებლად ხმამაღლა უნდა გველაპარაკა, იყო არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია - ამ ტერიტორიების უმეტესი ნაწილი, ფაქტობრივად, 20 წლის ოკუპირებული იყო - არამედ უნდა გველაპარაკა რეგიონის ინტენსიურ მილიტარიზაციაზე საქართველოს ნების საწინააღმდეგოდ და რა თქმა უნდა, რუსეთის მიერ ორი ტერიტორიის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის აღიარებაზე, რომელსაც ჩვენ არა მხოლოდ კატეგორიულად არ დავეთანხმეთ, არამედ აქტიურად ვიმუშავეთ, რათა არც სხვა ქვეყნებს ეღიარებინათ ისინი. საერთაშორისო თანამეგობრობამ გარკვევით განაცხადა, რომ მისი წევრების აბსოლუტური უმრავლესობა არ მიიღებს და არ აღიარებს ამ გადაწყვეტილებების კანონიერებას. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა ამ საკითხში რუსეთის მხარეს.

ერთი გაკვეთილი, რომელიც ვისწავლეთ, ის არის, რომ აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის მტკიცედ დაცვა, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების, გაეროს ქარტიის, ჰელსინკის აქტისა და ყველა სხვა დოკუმენტის დაცვა, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენ გლობალურ სისტემას. აუცილებელია კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო სისტემა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია ამ პრინციპების დაცვა. ის რაც დღეს უკრაინაში ხდება, აღნიშნულთან ძალიან მჭიდრო კავშირშია.

ამერიკის ხმა: რა დამატებით ზომებზე ფიქრობს ობამას ადმინისტრაცია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად?

ერიკ რუბინი: ვფიქრობ, ამ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან ძალიან პოზიტიურ, კონსტრუქტიულ და მე ვიტყოდი, პროდუქტიულ დიალოგს ვაწარმოებთ. ნატოს უელსის სამიტზე ბევრი სასარგებლო დისკუსია გვქონდა. საქართველოს ლიდერებთან დისკუსიას მომავალ კვირას, ნიუ იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის გახსნისას გავაგრძელებთ. მოგეხსენებათ, საქართველომ, როგორც ნატოს აქტიურმა პარტნიორმა, ფასდაუდებელი როლი ითამაშა ნატოს ძალების მხარდამხარ. საქართველო პარტნიორია თავდაცვის რეფორმის, რესტრუქტურიზაციისა და მოდერნიზაციის საკითხებშიც. საქართველო ძალიან წარმატებით აგრძელებს დასახული ამოცანების შესრულებას. ამას გარდა, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ჩვენ ორმხრივი დღის წესრიგიც გაგვაჩნია. ვიმედოვნებთ, მომდევნო თვეებში, თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით გაფართოვდება.

ამერიკის ხმა: შეერთებული შტატები სრულად და უპირობოდ გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას უკრაინის ტერიტორიაზე. სენატმა, ეს-ესაა, დაამტკიცა უკრაინის თავისუფლების მხარდაჭერის აქტი, რომელიც პრეზიდენტ ობამას უფლებას ანიჭებს, სამხედრო დახმარება აღმოუჩინოს კიევს. ფიქრობთ, რომ ეს პოლიტიკა საკმარისია რეგიონში რუსეთის აგრესიული მოქმედების საპასუხოდ?

ერიკ რუბინი: ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ კატეგორიულად დავგმეთ ყირიმის ანექსია. ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის ამ ქმედებას. იმედი გვაქვს, საერთაშორისო საზოგადოების პოზიციაც მტკიცე იქნება. ამას გარდა, ვერ შევეგუებით ადამიანის უფლებათა დარღვევის მზარდ შემთხვევებს ყირიმში, სადაც ძალადობრივი ნატურალიზაცია და პასპორტიზაცია, სხვა ენების დისკრიმინაცია, ყირიმელი თათრების უფლებების შელახვა ხდება. სახეზეა უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ ამბოხებული სეპარატისტების პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა და რუსეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევა. ეს ის საკითხებია, რომელსაც წერტილი უნდა დაესვას. იმედი გვაქვს, პრეზიდენტ პოროშენკოს ვაშინგტონში ვიზიტის პარალელურად, მსოფლიო გარკვევით აუხსნის რუსეთის ფედერაციას, რომ მან ყველაფერი უნდა იღონოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკში ხელმოწერილი შეთანხმების მხარდასაჭერად, რამაც სწრაფად უნდა დაასრულოს კონფლიქტი. მოგეხსენებათ, პრეზიდენტი პოროშენკო სიტყვით გამოვიდა კონგრესის გაერთიანებული სხდომაზე და ამ საღამოს პრეზიდენტ ობამას შეხვდება. განვიხილავთ გზებს, თუ როგორ აღმოვუჩინოთ უკრაინას უფრო მეტი დახმარება უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ რამდენიმე ახალი ნაბიჯის შესახებ. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ვეძებთ სხვა გზებსაც და არ გამოვრიცხავთ არაფერს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინის დასახმარებლად. მაგრამ როგორც პრეზიდენტმა ობამამ არა ერთხელ განაცხადა, არ გვჯერა, რომ კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარება შესაძლებელია. ეს კონფლიქტი, სხვა კონფლიქტების მსგავსად, დიპლომატიური გზებით და მოლაპარაკებებით, საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვით უნდა მოგვარდეს.

ამერიკის ხმა: დიდი მადლობა.

ერიკ რუბინი: მადლობა თქვენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG