Accessibility links

logo-print

3 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია ფაცურია, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ვაკის მე-2 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. „მე მინდა დავანგრიო მონოპოლიზმი როგორც ეკონომიკაში, ისე პოლიტიკაში!“, - აცხადებს გია ფაცურია. ის აკრიტიკებს არსებულ საარჩევნო გარემოს, რადგან თვლის, რომ საარჩევნო ველი არ არის ღია არაკვალიფიციური პოლიტიკური ძალებისა თუ პირებისთვის. გია ფაცურია ამბობს, რომ ის არ დაარეგისტრირეს დეპუტატობის კანდიდატად, ვიდრე სასამართლომ არ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი აკრიტიკებს და ბრალს სდებს ცესკო-ს თავმჯდომარეს, რადგან თავის დროზე მან დატოვა ძალაში საოლქო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება და გია ფაცურია არ დაარეგისტრირა კანდიდატად. „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ საარჩევნო ველზე პრობლემების არსებობა არ არის საარჩევნო კანონმდებლობის ბრალი. „ეს მონოპოლიზმი პოლიტიკაში ქმნის და პროვოცირებას უკეთებს და შედის კოჰაბიტაციურ და კორუფციულ გარიგებაში ჩვენს ეკონომიკურ „ტუზებთან“ და „ჯოკერებთან“. პოლიტიკური მონოპოლია და ეკონომიკური მონოპოლია მშვენიერ კოჰაბიტაციურ კონტაქტში არიან, ავსებენ ერთმანეთს. 25 წლის განმავლობაში ჩვენთან აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტიურად აკეთებს საკანონმდებლო ხელისუფლების ფორმირებას, ანუ: პოლიცია-მილიცია, სამინისტროები და მთელი ადმინისტრაციული აპარატი ჩართულია სხვადასხვა დროს მეტნაკლები სიმძაფრით იმაში, რომ მათთვის სასურველი დეპუტაცია იყოს პარლამენტში“, - ამბობს გია ფაცურია და ხაზს უსვამს, რომ პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და აკონტროლოს აღმასრულებელი ხელისუფლება და ეს არის მისაღწევი. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი თვლის, რომ საქართველოში ფაქტობრივად „მკვდარია თვითმმართველობა“. გია ფაცურიას სურს, რომ ვაკეში შეიქმნას „საზოგადოებრივი საკრებულო“, რომელშიც ყველა უბანს ორი წარმომადგენელი ეყოლება - „ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი პრობლემები“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG