Accessibility links

logo-print

ჰანი: იმედი მაქვს, მომავალი წლის დასაწყისისთვის საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებენ ევროპაში


იოჰანეს ჰანი რადიო თავისუღფლების პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას

იოჰანეს ჰანი რადიო თავისუღფლების პრაღის შტაბბინაში სტუმრობისას

ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხზე გვესაუბრება ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი. მასთან ინტერვიუ ჩაწერა რადიო თავისუფლების ბრიუსელელმა კორესპონდენტმა რიკარდ იოზვიაკმა.

რადიო თავისუფლება: რას გვეტყვით ევროკავშირის ელჩთა კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საქართველოსთან მიმართებით?

იოჰანეს ჰანი: ეს კომიტეტის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომლითაც მან საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა, რომ გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ პრინციპულად მიღებული და შეთანხმებულია ევროსაბჭოს მიერ. ასეთივე გადაწყვეტილება მიღებული აქვს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და საშინაო საქმეების კომიტეტს. ასე რომ, არსებითად, საკითხი დადებითად არის გადაწყვეტილი. სამწუხაროდ, ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ შეთანხმებას, რომელიც უკავშირდება ეგრეთ წოდებულ „შეჩერების მექანიზმს“. მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, დავუდასტუროთ საქართველოს მოქალაქეებს, რომ შეთანხმება მიღწეულია და პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

რადიო თავისუფლება: როდის არის მოსალოდნელი შეთანხმების მიღწევა „შეჩერების მექანიზმზე“?

იოჰანეს ჰანი: ამ საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. ეს ინსტიტუციური საკითხია, რომელიც გავლენას არ ახდენს საქართველოსთან სავიზო ლიბერალიზაციის შემოღებაზე. ევროპის საბჭოშიც და ევროპარლამენტშიც ყველა იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველომ უნდა მიიღოს სავიზო ლიბერალიზაცია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის დღევანდელი დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობა.

რადიო თავისუფლება: მაინც, როდის მიეცემათ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში?

იოჰანეს ჰანი: მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილებას ოფიციალურად გააფორმებს მისი ორივე მიმღები - ევროსაბჭო და ევროპარლამენტი - გარკვეული დრო დასჭირდება ყველა დოკუმენტის თარგმნას ევროკავშირის ოფიციალურ ენებზე. ეს რამდენიმე კვირას წაიღებს. მაგრამ, თუ ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებელი გახდება მომავალი წლის დასაწყისისთვის.

რადიო თავისუფლება: რას ნიშნავს ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის?

იოჰანეს ჰანი: ეს კიდევ ერთი ნიშანია თუნდაც იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს დაპირებებს (ცხადია, იმიტომაც, რომ საქართველომაც შეასრულა თავისი სიტყვა). საბოლოო მიზანია, საქართველო და მისი მოქალაქეები დავუახლოვოთ ევროპის კავშირს, მკაფიოდ მივანიშნოთ ყველას, რომ საქართველოსა და ევროკავშირს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, რომ, მაგალითად, ახალგაზრდებს შეეძლებათ გამოიყენონ შესაძლებლობა, იმოგზაურონ ევროპაში, ისარგებლონ „ერაზმუსის“ სასწავლო პროგრამის სიკეთეებით და სხვა. ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ან იქნებ საუკეთესო მაგალითია იმის საჩვენებლად, რამდენად ახლობლად მიიჩნევს საქართველოს ის ხალხი, ვინც ევროპაში გადაწყვეტილებს იღებს და, ზოგადად, ევროპის რიგითი მოქალაქეებიც.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG