Accessibility links

ატლანტიკური საბჭოს ექსპერტი: რუსეთის ბოლოდროინდელი აქტივობები სამხედრო მუქარის ტოლფასია


ჯორჯ ბენიტესი, ატლანტიკური საბჭო

ჯორჯ ბენიტესი, ატლანტიკური საბჭო

მოსკოვის სამხედრო წვრთნებს არქტიკაში, შორეულ აღმოსავლეთსა და კავკასიაში, სადაც ათობით ათასი ჯარისკაცი მონაწილეობს, არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა ბალტიისპირეთში, სკანდინავიაში, პოლონეთსა და რუსეთის სხვა მეზობელ სახელმწიფოებში. „ატლანტიკური საბჭოს“ სკოუკროფტის ცენტრის მკვლევარი ჯორჯ ბენიტესი აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მანევრები ფინეთის საზღვართან, ისევე როგორც კრემლის მიერ კალინინგრადსა და ყირიმში, ბალტიისა და შავი ზღვის ფლოტების სიახლოვეს, სტრატეგიული იარაღის განთავსება, ევროპის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზადებას უდრის. „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ბენიტესი ადასტურებს, რომ რუსეთის ბოლოდროინდელი აქტივობები სამხედრო მუქარის ტოლფასია:


“რუსეთის მასშტაბური და ხშირი მანევრები ძალიან სახიფათო და პროვოკაციულია. ნატოს წევრი სახელმწიფოების სამხედრო მწვრთნებში, როგორც წესი, რამდენიმე ასეული ჯარისკაცი მონაწილეობს. მოსკოვმა კი ცივი ომის შემდეგ გამართულ ყველაზე მასშტაბურ მანევრებში სახელწოდებით „ვოსტოკი 2014“ 100 ათასი ჯარისკაცი, 1,500 ტანკი და 5,000-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა გამოიყვანა. რუსეთი რეგულარულად წვრთნის ათობით ათას ჯარისკაცს და ნათელია, რომ მის წვრთნებს თავდაცვითი მიზანი არ აქვს. მარტში დაწყებული მანევრები ნატოსთვის გაგზავნილი კონკრეტული სიგნალი იყო. პრეზიდენტი პუტინი ალიანსს ფაქტობრივად ეუბნება: მე თქვენ მოკავშირეებთან თქვენზე ახლოს ვარ და შემიძლია, იოლად გავუმკლავდე მათ.“


ბენიტესის თქმით, ნატო თვეებისა და ხანდახან წლებით ადრე აცხადებს სამხედრო წვრთნების გეგმებს. კრემლი კი ინფორმაციას 24 საათით ადრე ასაჯაროებს ხოლმე. ბალისტიკური იარაღისა და ბომბდამშენი ავიაციის რუსეთის დასავლეთ საზღვართან განთავსება, შესაძლოა, ნატოს წინააღმდეგ პრევენციული თავდახმას მოასწავებდეს, ირწმუნება ექსპერტი: “რუსეთს კარგად უნდა განვუმარტოთ, რომ ბალტიისპირეთზე ნებისმიერი აგრესია დასავლეთთან სერიოზულ დაპირისპირებას ნიშნავს და რომ ნატოს რომელიმე წევრზე გალაშქრებას ამ ქვეყნების დასაცავად ბრძოლა მოჰყვება.”


ატლანტიკური საბჭოს ექსპერტის თქმით, რუსეთს კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ნატოსთან კონფლიქტის პროვოცირება ბირთვული ესკალაციის საფრთხეს შეიცავს. ბალტიის სახელმწიფოები და პოლონეთი სამხედრო ხარჯებს ზრდიან და ამავე დროს, ვაშინგტონს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ. ნატოს კიდევ ერთი წევრი სახელმწიფო, ნორვეგია, რომლის ყოფილი პრემიერი იენს სტოლტენბერგი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანია, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ერთნახევარ პროცენტს ხარჯავს, ნორვეგიის მეზობელი ფინეთი და შვედეთი კი ნატოში შესაძლო გაწევრიანებაზე ალაპარაკდნენ.

XS
SM
MD
LG