Accessibility links

26 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარი კორკოტაძე, ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" (FAD) ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა აუტიზმის მქონე ბავშვების საჭიროებებსა და პრობლემებზე, რომლებსაც ისინი და მათი მშობლები აწყდებიან.

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა ორიოდე დღის წინ სოციალურ ქსელში მოაწყვეს ფოტო-აქცია, რომლითაც გააპროტესტეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №33-129-ე დადგენილების ის პუნქტი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა 2015 წლის 1 ივლისამდე თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია. ამ რეგულაციის გამო აუტიზმის მქონე 30-მდე ბავშვს უარი ეთქვა თბილისის მერიის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში მონაწილეობაზე. "დილის საუბრებში" ტელეფონით ჩაერთო დიანა ჯანაშია, რომლის ოჯახიც სწორედ რეაბილიტაციის მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვის მიზნით იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო საცხოვრებლად და რეგისტრაციის დადგენილი თარიღის გამო ვერ მოახერხა შვილის პროგრამაში ჩართვა. რეაბილიტაციის პროგრამა მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვისთვის, რომ მოგვიანებით მოხდეს მისი უკეთესი სოციალიზაცია სკოლამდელი და სკოლის განათლების სისტემაში ჩართვით, საბოლოოდ კი მაქსიმალურად შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრება. მარი კორკოტაძემ ილაპარაკა იმაზეც, რომ სასურველია აუტიზმის მქონე ბავშვების რეაბილიტაციის სერვისები ფინანსდებოდეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომ მისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვისაც ეს სჭირდება და არა მხოლოდ თბილისში რეგისტრირებულებისთვის. "დილის საუბრების" სტუმარმა ილაპარაკა იმ პრობლემებზეც, რომლებსაც აუტიზმის მქონე ბავშვები საგანმანათლებლო დაწესებულებებში აწყდებიან და ხშირად დისკრიმინაციული ხასიათისაა. ორგანიზაციას - "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ" სურს მიაღწიოს თბილისში რეგისტრაციის პუნქტის ამოღებას საკრებულოს დადგენილებიდან, გარდა ამისა ელოდება შეხვედრას განათლების მინისტრთან, რომ მიიღოს პასუხები კითხვებზე, რაც ინკლუზიური განათლების პრაქტიკას უკავშირდება.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG