Accessibility links

logo-print

18 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მარიამ ბაქრაძე, "პარტიზანი მებაღეობა თბილისში"-ს აქტივისტი. მან ილაპარაკა ხეების ჭრის პრობლემაზე. "ეს ქალაქი არის ჩვენი", - ამბობს მარიამ ბაქრაძე და თვლის, რომ ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებისთვის ადამიანებმა უნდა იმოქმედონ და თუ სხვა გამოსავალი არ არის, ფიზიკურად გააჩერონ ისინი, ვინც ანადგურებს გარემოს. "თუ ჩვენ მოვიქცევით ვაჟკაცურად და ჩვენს კომპლექსებს გადავაბიჯებთ, შევძლებთ ძალიან ბევრ რამეს", - უთხრა მარიამ ბაქრაძემ რადიო თავისუფლებას და ვაკის პარკის მაგალითი გაიხსენა, როცა პარტიზანი მებაღეებისა და მათი მხარდამჭერების აქტიურობით შესაძლებელი გახდა მწვანე საფარის გადარჩენა. 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრამ ადგილობრივი მოსახლეობისა და აქტივისტების პროტესტი გამოიწვია. "პარტიზანი მებაღეობა თბილისში"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნატა ფერაძემ თბილისის მერიასთან უვადო შიმშილობის აქცია დაიწყო ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის მიერ თანამდებობების დატოვების მოთხოვნით. ხეების მოჭრის ნებართვას სწორედ ეს სამსახური გასცემს. თვითმხილველთა თქმით, ადგილზე ჯანსაღი ხეები მოიჭრა და ამისთვის პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა პირებმა. "დილის საუბრებში" სატელეფონო ჩართვისას ნატა ფერაძემ განაცხადა: "აქციის მიზანი არის საფუძვლიანად გამოიცვალოს სტრუქტურა ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის და არა მარტო უფროსი". ნატა ფერაძე მოითხოვს სამსახურის ხელმძღვანელის - ნინო სულხანიშვილისა და მისი მოადგილის გათავისუფლებას, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ყაზბეგის გამზირზე ხეების ჭრის ნებართვის გაცემაზე. პარტიზანი მებაღე ამბობს: "ზუსტად ამ უფროსის ხელში გაგრძელდა ის, რამაც ქალაქი მიიყვანა იქამდე, რომ აღმოვჩნდით სასუნთქი გზების დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზე. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე იმიტომ, რომ ქალაქის ეკოლოგია არის ის, რაც ძალიან ნელა და შემუჩნევლად, მაგრამ ძალიან მძიმედ აისახება ჩვენზე, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზე". "დილის საუბრებში" მონაწილეობა მიიღო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორმა ნონა ქურდოვანიძემ, რომელმაც ილაპარაკა დანაშაულის ნიშნების არსებობაზე ყაზბეგის გამზირზე მომხდარში და თვლის, რომ ჯანსაღი გარემოს უფლების დარღვევისთვის პასუხისმგებელი უნდა დადგინდეს. ამისთვის საია მიმართავს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG