Accessibility links

logo-print

მაკკეინი იმედგაცრუებულია საქართველოს მთავრობის მოქმედებებით


ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი

ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი

ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ამერიკის სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრ პოზიციას არ იჩენს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„მე მაღელვებს ის, რომ საქართველო რუსეთს არ დაუახლოვდეს. მთავრობას არ დაუგმია ვლადიმირ პუტინის მოქმედებები აღმოსავლეთ უკრაინაში. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია, ეს მიუღებელია,“ განაცხადა მაკკეინმა.

სენატორმა მაკკეინმა საქართველოში მიმდინარე სამართლებრივ პროცესებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ის იმედგაცრუებულია ხელისუფლების მოქმედებებით და რომ ამ პროცესებს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებზე გავლენა ექნება:

„ძალიან გამიცრუვდა იმედები. მე ახალმა მთავრობამ დამარწმუნა იმაში, რომ წარსულს უკან მოიტოვებდა. საქართველომ ძალიან გრძელი გზა გაიარა, ეკონომიკურად, დემოკრატიულად, ჩაატარა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და ახლა ეს მოქმედებები იმედგამაცრუებელია. მათ გავლენა ექნება ამერიკის ურთიერთობაზე საქართველოსთან,“ აღნიშნა მაკკეინმა.

სენატორი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის მარცხს უკავშირებს და ამბობს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინას წარმატების მიღწევაში ხელი შეუშალოს.

„ეს ამერიკის ხელმძღვანელობის მარცხია და ამისთვის ძალიან მაღალი საზღაურის გადახდა კიდევ დიდხანს მოგვიწევს. ჩვენ ვლადიმირ პუტინს ყირიმის მითვისების საშუალება რეაგირების გარეშე მივეცით. სანქციები, რომლებიც დავუწესეთ ძალიან სუსტია. სიტუაციას პუტინის გადმოსახედიდან რომ შევხედოთ, ის ძალიან წარმატებულია. უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზაციას აგრძელებს. მე მჯერა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაძაბულობა შეინარჩუნოს. მას არ უნდა უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს.“

ამერიკის ხმის შეკითხვაზე თუ როგორ შეიძლება რუსეთის აგრესიის შეჩერება რეგიონში, მაკკეინმა განაცხადა, რომ რეალური სანქციებისა და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების გარეშე პუტინის შეჩერება რთული იქნება. სენატორი ასევე ამაყობს იმით, რომ ის კრემლის შავ სიაშია შეყვანილი:

„უნდა დავაწესოთ ნამდვილი სანქციები, უნდა შევიმუშაოთ გეგმა, რომელიც მომდევნო ორი წლის შემდეგ უზრუნველყოფს ამერიკის ენერგო-რესურსების ექსპორტს უკრაინაში და ევროპაში და ევროპის რუსეთის ენერგიაზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ასევე უნდა მოვახდინოთ ვლადიმირ პუტინის გადაფასება და ის მივიღოთ იმად, რაც ის სინამდვილეში არის - სუკის პოლკოვნიკი, რომელსაც რუსეთის იმპერიის აღდგენა სურს. ამ გზით ჩვენ მას გავაგებინებთ, რომ მის მოქმედებებს საფასური ახლავს. ის გამოუცდელობა, რომელსაც ეს ადმინისტრაცია იჩენს მის მიმართ, ჩვენთვის ძალიან ძვირადღირებული გამოდგა. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ პუტინმა ჩემს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.“

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხო და ის თემა განმარტა, რომლის გამოც სენატორმა მაკკეინმა რამდენიმე დღით ადრე შეშფოთება მოთქვა. საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს იმის გამო არ უერთდება, რომ საქართველოს რუსეთთან იმ მასშტაბის ვაჭრობა არ აქვს, რომ სანქციებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ამასთან, ფანჯიკიძემ არ გამორიცხა რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ეკონომიკური სანქციები მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმაში საქართველოს წინააღმდე ემბარგოს დაწესების თემა იქნა განხილული. უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით კი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის დარეგულირება „დიპლომატიური ძალისხმევით უნდა მოხდეს.“

სენატორი მაკკეინი ამერიკის ოთხ სენატორს შორის იყო (ჯეიმს რიში, ჯინ შაჰინი, მარკო რუბიო და ჯონ მაკკეინი), რომლებმაც ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წარდგენის შემეგ საქართველოს მთავრობას წერილი გაუგზავნეს. სენატორებმა სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს მთავრობის „ძალისხმევა გაასამართლოს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე, რომ პროცესი პოლიტიკასთან უფროა კავშირში, ვიდრე დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებთან.“

პრემიერ-მინსიტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წერილს 11 აგვისტოს უპასუხა და განაცხადა: „მე მესმის და ვიზიარებ იმ მღელვარებას, რომ ეს ბრალდებები შეიძლება აღქმული იყოს, როგორც პოლიტიკური დევნა და ამან შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სტაბილურობასა და საგარეო ურთიერთობებზე [...]. მას შემდეგ, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საჯარო მოხელის მიერ კანონდარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისგებაში მიცემა იშვიათად ხდებოდა - ამას ბოლო უნდა მოეღოს და ჩვენ უნდა დავამკვიდროთ უფრო მაღალი სტანდარტი. მეც საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ თანამდებობაზე ყოფნისას ოდესმე დავარღვევ კანონს, მზად ვარ წავიდე ციხეში.“

პროცესების პირადად შესასწავლად და მათ სამართლიანობასა და განჭვირვალობაში დასარწმუნებლად ღარიბაშვილმა სენატორები საქართველოში მიიწვია. ამერიკის ხმა სენატორ მაკკეინს პრემიერ-მინისტრის წერილის მიღების შემდეგ ესაუბრა.

XS
SM
MD
LG