Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: მიხეილ (გელა) სალუაშვილი


მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "ზვიადის გზა - უფლის სახელით"

მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "ზვიადის გზა - უფლის სახელით"

21 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო მიხეილ (გელა) სალუაშვილი, თავმჯდომარე ორგანიზაციისა "ზვიადის გზა - უფლის სახელით" (N28). მან საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ ყველა საკითხი, რაც საარჩევნო პროგრამაში აქვთ შეტანილი, თავის დროზე საკანონმდებლო ინიციატივის სახით იყო წარმოდგენილი, თუმცა, ისინი არ გაიზიარა პარლამენტმა. „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ თავმჯდომარე პროგრამას სამ ძირითად სფეროდ წარმოადგენს: პირველი ეხება პოლიტიკური სისტემის მოწყობის პროცესს, მეორე - ეკონომიკასა და სოციალურ საკითხებს და მესამე - საგარეო პოლიტიკას. მიხეილ სალუაშვილი თვლის, რომ საქართველოში უნდა შეიცვალოს პოლიტიკური სისტემა, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე. ის აცხადებს, რომ 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალების შედეგად, „სახელმწიფოებრივი ხაზი ერთგვარად გამრუდებულია“. პარტიას -„ზვიადის გზა - უფლის სახელით“ გამზადებული აქვს დადგენილების პროექტი, რომლის თანახმადაც, უნდა შეფასდეს 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები, როგორც სახელმწიფოსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, პარტიის თავმჯდომარის აზრით, დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადდეს 2003-2012 წლებში მმართველი პოლიტიკური ელიტა. მიხეილ სალუაშვილი საჭიროდ თვლის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას და ამ საკითხს აბამს პარლამენტის ახლებურად მოწყობის საკითხს. კერძოდ, აცხადებს, რომ საქართველოში დღეს არსებული ხუთი „ძირითადი რელიგიის“ წარმომადგენლები უნდა იყვნენ საკანონმდებლო ორგანოში, კერძოდ - პარლამენტის მაჟორიტარი წევრების კვოტის ახლებურად განაწილებით. მიხეილ (გელა) სალუაშვილის დათვლით, 73-დან 34 მაჟორიტარის არჩევა უნდა მოხდეს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის მიხედვით: თბილისში - 5 დეპუტატი, აჭარასა და აფხაზეთში - 4-4 დეპუტატი, „ცხინვალის რეგიონში“ – 3, სხვა დანარჩენ ცხრა რეგიონში 2-2. 34 ადგილი უნდა დაიკაონ საქართველოს ეპარქიებში არჩეულმა მღვდლებმა. მიხეილ სალუაშვილის ვერსიით, კანდიდატების წარმოდგენისა და არჩევის უფლებაც მღვდელმსახურებს ექნებათ. გარდა ამისა, 1 მანდატი უნდა მიეცეს კათოლიკურ ეკლესიას, 1 - გრიგორიანულ ეკლესიას, 1 - იუდეურ თემს და რადგან ისლამური სამყარო სუნიტებად და შიიტებად იყოფა - 1-1 მანდატი მათ. „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ გამოდის ინიციატივით, შეიქმნას პარლამენტში კომიტეტი - „ეროვნული თანხმობის დარბაზი“, რომელშიც საპარლამენტო პარტიების წარმომადგენლებთან ერთად იქნებიან იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში და ვერ გადალახეს ბარიერი. გარდა ამისა, „დილის საუბრების“ სტუმარი აცხადებს, რომ წინასაარჩვნო პერიოდში ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბარი ფინანსური სტარტი უნდა ჰქონდეს - გამოიყოს ბიუჯეტიდან თანხა, რომელიც თანაბრად განაწილდებოდა ყველა საარჩევნო სუბიექტზე და მხოლოდ ამ თანხის დახარჯვა შეეძლებათ წინასაარჩევნო პერიოდში. მიხეილ (გელა) სალუაშვილმა სოციალურ ინიციატივებზეც ილაპარაკა, მათ შორის - მეანაბრეებისთვის დაკარგული თანხების დაბრუნების მექანიზმზე. მიხეილ (გელა) სალუაშვილმა ილაპარაკა საგარეო პოლიტიკაზე და თვლის, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს „მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის“ პოზიცია. ამისათვის საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მიმართოს გაეროს და უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები უნდა გახდნენ საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორები. გარდა ამისა, მიხეილ (გელა) სალუაშვილი ლაპარაკობს ნეიტრალური სახელმწიფოების რკალის (აზერბაიჯანი, საქართველო, უკრაინა, ბელორუსია) შექმნის იდეაზე. ეს რკალი იქნება ბუფერული ზონა რუსეთსა და ნატოს წევრ სახელმწიფოებს შორისო, აცხადებს მიხეილ (გელა) სალუაშვილი. მისი აზრით, უნდა ჩამოყალიბდეს რეგიონული ორგანიზაცია - „კავკასიის მშვიდობის სახლი“ (რუსეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო).

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG