Accessibility links

logo-print

"ენ-დი-აის" ბოლო გამოკითხვებთან დაკავშირებით "ამერიკის ხმის" კითხვებს ლორა ჯუიტი, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორი პასუხობს

"ამერიკის ხმა": რით არის მნიშვნელოვანი „ენ-დი-აის“ გამოკითხვები ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის?

ლორა ჯუიტი: ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რადგან ის მოქალაქეთა შეხედულებების შესახებ მიუკერძოებელ ინფორმაციას იძლევა. პოლიტიკური დისკუსიები საქართველოში ხშირად ემოციებით არის დატვირთული, რაც ცუდი არ არის. მაგრამ, ხანდახან ის პოლარიზებას და პოლემიკას იწვევს. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ფაქტებზე დაყრდნობილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა აწუხებს მოსახლეობას. შედეგებიდან გამომდინარე პოლიტიკოსებს ეძლევათ შესაძლებლობა მომავალი ნაბიჯები განსაზღვრონ.

"ამერიკის ხმა": რა იყო თქვენთვის საყურადღებო ბოლო გამოკითხვის შედეგებში?

ლორა ჯუიტი: კარგი შედეგებიც გვქონდა და იყო ისეთი თემები, რომელიც ყურადღებას ითხოვს. მთავრობისთვის კარგია ის, რომ ქართული ოცნების კოალიცია ერთმნიშვნელოვნად რჩება დომინანტურ პოლიტიკურ ძალად და მას საქართველოს მოსახლეობის 42 პროცენტი ენდობა. მათ ნამდვილად აქვთ ქართველების წინამძღოლობის მანდატი და ეს დიდ სტიმულს უნდა აძლევდეთ. დემოკრატიის მხრივ კარგია ის, რომ ქართველთა თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დემოკრატიულია... გამოკითხულთა სამი მეოთხედი ფიქრობს, რომ ადგილობრივი არჩევნები ძალიან კარგად, დემოკრატიულად ჩატარდა. 82 პროცენტი თვლის, რომ ძლიერი ოპოზიცია აუცილებელია, რაც ნიშნავს, რომ ხალხი პოლიტიკური პლურალიზმის ერთგულია. ეს ყოველივე დემოკრატიისთვის კარგი ნიშნებია. მეორეს მხრივ, რაც უფრო ვცილდებით 2012 წლის არჩევნებს, აშკარაა, რომ მოსახლეობა თანდათან უფრო კრიტიკული ხდება. მაგალითად: მთავარი საკითხები, რომელიც ახლა ქართველებს აწუხებთ, არის სამუშაო ადგილები, სიღარიბე და ტერიტორიული მთლიანობა. როცა მათ უსვამ კითხვას, საუბრობენ თუ არა პოლიტიკოსები საკმარისად ამ თემებზე, დიდი უმრავლესობა გპასუხობს, რომ - არა... აქ საყურადღებოა ის, რომ ერთგვარი დისონანსია იმასთან, თუ რა აწუხებს ხალხს და რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას, ან რა გადაწყვეტილებებს იღებენ პოლიტიკოსები.

"ამერიკის ხმა": აპრილის შემდეგ ქართული ოცნების ლიდერთა უმრავლესობის რეიტინგი 7-დან 10 პროცენტამდე დაეცა. რით შეიძლება ამის ახსნა?

ლორა ჯუიტი: ძალიან რთულია ზუსტად იმის თქმა, თუ რატომ ხდება ეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დაკავშირებულია იმ ზოგად ტენდენციასთან, რომელიც უკვე ვახსენე: რაც უფრო ვცილდებით 2012 წლის არჩევნებს, ხალხი უფრო და უფრო კრიტიკული ხდება. სრულდება თაფლობისთვე და ხალხი რეალური შედეგების დანახვას იწყებს.

"ამერიკის ხმა": რატომ გამოხატავს მმართველი გუნდის ზოგიერთი წევრი გამოკითხვის მიმართ უნდობლობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის მეთოდოლოგიას და გამჭვირვალობას?

ლორა ჯუიტი: ჩვენ ვიცავთ იმ მეთოდოლოგიას, რომელსაც ვიყენებთ; ყოველთვის გამჭვირვალე ვიყავით და ნებისმიერ კითხვაზე საპასუხოდ მზად ვართ. იმის მიუხედავად, ვინ რა განაცხადა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მმართველი კოალიცია და მთავრობა დიდი ენთუზმით იღებენ გამოკითხვის შედეგებს. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ კომპეტენტურად თვლიან „ენ-დი-აის“ ინფორმაციას და იყენებენ მას, რაც დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

"ამერიკის ხმა": ქართველებს აინტერესებთ, თუ რატომ დატოვა პოსტი ლუის ნავარომ?

ლორა ჯუიტი: „ენ-დი-აის“ 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს რეგიონული ოფისი. დირექტორის არცერთი პოზიცია მუდმივი არ არის. საქართველოში ძალიან გაგვიმართლა და არაჩვეულებრივი თანამშრომლები გვყავს. ლუის ნავარომ იქ 5 წელი იმსახურა, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერმა მისმა წინამორბედმა. ის ამერიკის პოლიტიკას უბრუნდება, იმას, რითიც დაიწყო და სადაც ძალიან გვჭირდება. ის დააკლდება საქართველოს, მაგრამ ამერიკა მოხარულია, რომ ის ბრუნდება.

"ამერიკის ხმა": რამდენად დააზარალა „ენ-დი-აის“ რეპუტაცია 2012 წლის წინასაარჩევნო გამოკითხვით გამოწვეულმა კრიტიკამ და თვლით თუ არა საჭიროდ ცვლილებების გატარებას, თუნდაც მეთოდოლოგიაში?

ლორა ჯუიტი: ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს პარტნიორებთან საქართველოში, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, თუ პოლიტიკურ ლიდერებთან. ჩვენი კავშირი მტკიცეა და ვიმედოვნებთ, ასე გაგრძელდება მომავალშიც. როგორც უკვე ავღნიშნე, მეთოდოლოგიის დაცვასაც გავაგრძელებთ. რაც შეეხება 2012 წელს, მაშინ ძალიან საინტერესო რამ მოხდა. ჩვენ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩავატარეთ გამოკითხვა, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო შედეგი იყო ის, რომ ამომრჩეველთა ყველაზე დიდ ბლოკს გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ ჰქონდა. ზოგმა ჯერ არ იცოდა, თუ ვის მისცემდა ხმას, ან პასუხზე უარს ამბობდა. დანარჩენებში ლიდერობას ნაციონალური მოძრაობა ინარჩუნებდა. შემდეგ მოდიოდა ქართული ოცნება. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა მოხდა, რაც ციხეებში ძალადობის სკანდალს უკავშირდებოდა. სულ მალე არჩევნებიც ჩატარდა. ვფიქრობ, ამ სკანდალმა ამომრჩეველზე დიდი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებით მათზე, ვისაც გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ ჰქონდა და მათ ხმა ქართულ ოცნებას მისცეს.

"ამერიკის ხმა": მხედველობაში სხვა ფაქტორები არ მიგიღიათ? მაგალითად, ის, რომ შესაძლოა რესპოდენტები სიფრთხილის, შიშის, ან რაიმე სხვა მიზეზით გულწფელი არ იყვნენ?

ლორა ჯუიტი: ჩვენი გამოკითხვის შედეგებს არ უჩვენებია, რომ ხალხს ეშინოდა იმის ხმამაღლა თქმა, რასაც ფიქრობდა. როგორც ვთქვი, იმ დიდ ბლოკში, რომელსაც გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, იყვნენ ადამიანები, რომელთაც პასუხზე თავის არიდება არჩიეს. სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც მეტი ინფორმაცია მიიღეს, მათ გადაწყვიტეს თუ ვისთვის მიეცათ ხმა. შესაძლოა ციხის სკანდალიც დაეხმარა მათ.

"ამერიკის ხმა": რა გეგმები გაქვთ მომავლისთვის? ხომ არ ფიქრობთ თემატიკის გაფართოებას, მაგალითად გენდერული საკითხების, ან გეების უფლებების შესახებ კითხვების ჩართვას?

ლორა ჯუიტი: ძალიან აღფრთოვანებულები ვართ იმ პროგრამებით, რომელიც პარლამენტთან, ადგილობრივ მმართველებთან, ქალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად იგეგმება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მათ გამდიდრებას ემსახურება. არის კითხვები, რომლებიც მუდმივად ისმება, მაგრამ ვცდილობთ ისეთი კითხვებიც დავსვათ, რომელიც მიმდინარე მოვლენებთანაა დაკავშირებული. მუდმივად თვალს ვადევნებთ ახალ პრობლემებს, რომელიც საქართველოს პოლიტიკაში იჩენს თავს. ამიტომ ბოლო დროს ჩავრთეთ კითხვები ქალებზე, უმცირესობების უფლებებზე. კვლევებს კვარტალში ერთხელ ვატარებთ და ვცდილობთ მოვლენებს ფეხი ავუწყოთ.

XS
SM
MD
LG