Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ელბაქიძე სტრასბურგის სასამართლოსთვის კანდიდატების შერჩევის პროცესზე


4 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ელბაქიძე, "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან კანდიდატების წარდგენის პროცესზე. ნინო ელბაქიძემ აღნიშნა, რომ თავის დროზე პროგრესული ნაბიჯი იყო კანდიდატების შერჩევისთვის კომისიის შექმნა (მთავრობის 2015 წლის 14 დეკემბრის დადგენილება), რომლის შემადგენლობაშიც, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების გარდა, სახალხო დამცველი, აგრეთვე: ადვოკატთა ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოალიციის - "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თითო წარმომადგენელიც შედიოდა. 28 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურა ევა გოცირიძით შეეცვალა. იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში განმარტებულია, რომ კანდიდატურის შეცვლა განაპირობა ევროსაბჭოდან მიღებულმა რეკომენდაციებმა, რომელთა გათვალისწინებაც არ არის სავალდებულო. ნინო ელბაქიძემ განმარტა, რომ დაცული უნდა ყოფილიყო კანდიდატებზე რეკომენდაციების კონფიდენციურობა და მეორე - თუკი კანდიდატის შეცვლა იყო საჭირო, შემცვლელი ისევ კომისიის მონაწილეობით უნდა შერჩეულიყო და არა მთავრობის მიერ ერთპიროვნულად. მთავარი კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატების შერჩევის პროცესი, არის სამართლიანობა და გამჭვირვალება, რაც, ნინო ელბაქიძის აზრით, დარღვეულია.

XS
SM
MD
LG