Accessibility links

logo-print

11 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო შატბერაშვილი, "საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის" თავმჯდომარე. მან ილაპარაკა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც დღედღეზე ამუშავდება და რომლითაც სოციალურ მუშაკს ენიჭება უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება მოძალადე ოჯახიდან ბავშვის განცალკევებაზე. კანონში ჩანაწერის თანახმად, ცვლილებები 2016 წლის 10 აგვისტოდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა, პროცედურული შეფერხების გამო სულ მალე ამოქმედდება. საქართველოს კანონში "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" რამდენიმე მუხლია, რომელშიც პარლამენტის 22 ივნისის კენჭისყრით ცვლილება შევიდა და რომელიც 10 აგვისტოს უნდა ამოქმედებულიყო. ერთ-ერთია მე-14 მუხლი, რომლის პირველი პუნქტი განმარტავს: "არასრულწლოვანზე ძალადობის დროს არასრულწლოვანი პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერის საფუძველზე, ხოლო ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებით განსაზღვრულ შემთხვევებში - სოციალური მუშაკის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე განცალკევდება მოძალადე მშობლისგან (მშობლებისგან), სხვა კანონიერი წარმომადგენლისაგან ან ნებისმიერი სხვა მოძალადისგან". სოციალური მუშაკისთვის ასეთი უფლების მინიჭებაზე დისკუსია მიმდინარეობს იდეის წარმოშობიდან მოყოლებული. ცხარე დისკუსია იყო კანონპროექტის განხილვისას. ნინო შატბერაშვილი თვლის, რომ საზოგადოებაში გაბატონებული შეხედულება - რომ ოჯახის საქმეში არავინ უნდა ჩაერიოს, ხშირად ისეთ გარემოს ქმნის, რომელიც მოძალადის მიმართ ბევრად შემწყნარებლურია, ვიდრე ძალადობის მსხვერპლზე მზრუნველის მიმართ. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვნის მოძალადე ოჯახისგან განცალკევება არის უკიდურესი ზომა, რომელიც კანონის თანახმად, "მხოლოდ იმ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც გამოყენებულ იქნა ყველა სხვა, ნაკლებად მკაცრი ზომა (მათ შორის, გასაუბრება და გაფრთხილება) და ამ ზომებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, ან როდესაც შექმნილ ვითარებაში აშკარაა, რომ ნაკლებად მკაცრი ზომის გამოყენება ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას". ნინო შატბერაშვილი განსაკუთრებით აღნიშნავს ოჯახური ძალადობის პრევენციის მნიშვნელობას. ის თვლის, რომ უდიდესი როლი ამ საკითხში განათლებას ენიჭება. ნინო შატბერაშვილმა ხაზი გაუსვა ბავშვის ძალადობისგან დაცვის სქემაში მოქმედი უწყებებისა და სუბიექტების ეფექტიანი კოორდინაციის მნიშვნელობასაც. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ ძალადობისგან არასრულწლოვნის დაცვა არა მხოლოდ კანონით განსაზღვრული დავალდებულებული პირების პასუხისმგებლობაა, არამედ - ყველას მოქალაქეობრივი ვალი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG