Accessibility links

logo-print

გამოხმაურება და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმი ნიუ-იორკში


ნიუ-იორკი, კინო-ფესტივალი ლინკოლნის ცენტრში

ნიუ-იორკი, კინო-ფესტივალი ლინკოლნის ცენტრში

" New Directions - New Films" ფესტივალის ეგიდით ნიუ-იორკში, "მომა"-დ წოდებულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა და ლინკოლნის ცენტრში ქართველი რეჟისორის, ნუცა ალექსი-მესხიშვილის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის "კრედიტის ლიმიტის" ჩვენება გაიმართა. ეს არის ფილმი ბოლო დროის ყველაზე გავრცელებულ პრობლემაზე, რომელიც საბანკო სესხის მიღების სანაცვლოდ უძრავი ქონების დაბანდებას გულისხმობს და რომელიც ხშირად საქართველოსა და არა მხოლოდ იქ ამ ქონების დაკარვით სრულდება. ფილმში მოცემულია კონკრეტული ციფრიც: იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მონაცემებით, საქართველოში უძრავი ქონება 179 000-მდე ადამიანმა დაკარგა. "ამერიკულმა პუბლიკამ ქართული სოციალური პრობლემა სწორედ ისე დაინახა, როგორც ეს ფილმში იყო", აღნიშნა ფილმის რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში, რომელიც ლინკოლნის ცენტრში გამართული პრემიერის და მაყურებელთან გასაუბრების შემდეგ შედგა. უფრო ვრცლად ნიუ-იორკიდან თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

სცენარის ავტორისა და რეჟისორის ნუცა ალექსი-მესხიშვილის "კრედიტის ლიმიტი"-ფილმი, როგორც კარდიოგრამა, ამერიკაში დიდი ინტერესით მიიღეს.

ნუცა ალექსი-მესხიშვილი: ეს ჩემთვის მართლაც არის რაღაცნაირი კარდიოგრამა, ჩვენი ცხოვრების, საზოგადოების. ამ ფილმის გმირი შეიძლება ყველა ჩვენთაგანი იყოს. ნინო, რომელიც ვალს იღებს, ის ვინც ხელს გაუმართავს, ან ის, ვისაც წამლის ფული არ აქვს და კრედიტს იღებს. ჩვენ, თბილისში ყოველ წუთს ვართ ამ სიტუაციაში და ყველა ვართ ამ მდგომარეობაში.

რამდენად ესმის ამერიკელ მაყურებლს ფილმის მთავარი იდეა? მოსკოველი მაყურებელი ლინკოლნის ცენტრში ქართული ფილმის სიყვარულმა მიიყვანა.

ჯინ გოლანი: ადამიანი სირთულეებს ებრძვის, თუმცა ამის გამოცდილება არ აქვს. ბევრ ქვეყანაში ისინი არ არიან მზად ამ ახალ ინსტრუმენტებთან საბრძოლველად. ამერიკაში ბევრი ადამიანი კარგავს ქონებას, რადგან არ იცის ბანკთან ურთიერთობა, რუსეთშიც იგივე სიტუაციიაა, ფინანსური მარწუხები იქ წარღვნის ეფექტს ახდენს და ადამიანები ამ დროს ძალიან იბნევიან.

თინათინ წულაძე: საქართველოში ძალიან ბევრ ოჯახში არის ეს სიტუაცია, ამიტომ გვეღიმებოდა. სევდანარევი ღიმილი იყო, რადგან სამწუხაროდ მართლაც ასე ხდება. ასე ვუყურებდით და გვახსენდებოდა რეალობა მე და ჩემს მეგობარს.

ფილმის გადაღებაც, როგორც თავად ფილმშია, ერთმანეთის გვერდში დგომით მოხერხდა. ფილმის ბიუჟეტზე რეჟისორი არ საუბრობს. ეს კო-პრუდუქციაა, თუმცა რეჟისორის თქმით, ეს კინოცენტრის დაფინანსების გარეშე მოხდა. ლინკოლნის ცენტრში პრემიერა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა და ოპერატორმა ჟან ლუი პადისმა წარადგინეს. გამოსახულება აქ ძალიან მნიშვნელოვანია, ოჯახური პორტრეტი, კადრი მოქმედების დასრულებამდე არ წყდება და ნახატს ჰგავს, რაც დღევანდელი თანამედროვე სტანდარტებისგან ძალიან განსხვავებული და თვალშისაცემია. ფილმის კინოპრემიერია ვენეციის 71-ე ფესტივალზე, პროგრამაში "ჰორიზონტები" შედგა. ხოლო თბილისის 15-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე მას საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისთვის "ვერცხლის პრომეთე" გადაეცა. ქართულ მაყურებელს ფილმის ნახვა ეკრანებზე 2 აპრილიდან შეეძლება.

"კრედიტის ლიმიტზე" მისული ქართველი მამაკაცები მათ პასიურ როლს აუცილებლად შეამჩნევენ.

ნუცა ალექსი-მესხიშვილი: კარგია თუ ცუდია, ფაქტია, რომ ქართველმა მამაკაცემა ხშირ შემთხვევაში აიღეს ეს პასიური როლი. თავად მიუჩენს ეს როლი საკუთარ თავს, რადგან გაუჭირდათ ახალი ცხოვრების აღქმა. ძალიან ბევრი ქალი ვიცი, ვინც დაამთავრა კონსერვატორია და მერე გახდა დამლაგებელი.

შეიძლება თუ არა სოციალურ დრამას ბედნიერი დასასრული ჰქონდეს? "დიახ, ფილმს ბედნიერი დასასრული აქვს", ასე უპასუხა რეჟისორმა ნუცა ალექსი-მესხიშვილმა ფილმის განხილვის დროს ლინკოლნის ცენტრში ამერიკელი მაყურებლის კითხვას ფილმის ბოლო კადრებთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინიტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ბანკის სესხის დავალიანების გამო იოსელიანებს სახლიდან იმ პროფესორთან ერთად ასახლებს, რომელმაც დახმარების მიზნით თავის ორ-ოთახიანის ბანკში ჩადების უფლება მისცა ნინოს. ბედნიერი დასასრულიც ალბათ ეს არის: ოჯახის თითოეული წევრის შანსი დაიწყოს ცხოვრება თავიდან, კრედიტის გარეშე, რომლის ლიმიტიც საბოლოოდ მაინც ამოიწურა.

XS
SM
MD
LG