Accessibility links

„ტრანსატლანტიკური რენესანსი“ და საქართველო


რიჩარდ ნორლანდი

რიჩარდ ნორლანდი

ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან რიჩარდ ნორლანდთან

რადიო თავისუფლება: ბატონო ელჩო, საქართველომ სულ რამდენიმე დღის წინ მოახდინა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება, უკრაინას კი პარაფირების ეტაპი განვლილი ჰქონდა და ვილნიუსის სამიტზე უკვე ხელი უნდა მოეწერა ხელშეკრულებისათვის. ახლა ხშირად გაისმის, რომ სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების შემდეგ რუსეთი გააქტიურდება, რათა საქართველოსა და მოლდავეთსაც შეაცვლევინოს აზრი. ჯუდი დემპსი „ნიუ იორკ ტაიმსის“ მიმომხილველი, წერს: „საქართველომ და მოლდავეთმა ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს თავისი ენერგეტიკული რესურსები და დიდი ბაზრები როგორც იარაღი, და ისინიც უკრაინის გზას გაუყენოს, არც მათი ეკონომიკაა საკმარისად დამოუკიდებელი რუსეთისაგან და არც ენერგეტიკული რესურსები საკმარისად დივერსიფიცირებული იმისათვის, რომ შეძლონ რუსეთის შანტაჟს გაუმკლავდნენ.“ რამდენად სეროზულია ეს ბერკეტები საქართველოს შემთხვევაში და თუ არის, რით შეიძლება ამის განეიტრალება.

რიჩარდ ნორლანდი: რა თქმა უნდა, ეს ის საკითხია, რომელიც დღეს ბევრს აწუხებს, მაგრამ მე მაინც არ დავეთანხმებოდი მოვლენების შესაძლო განვითარების ყველაზე პესიმისტურ ვერსიას. ვფიქრობ, ეს საკმაოდ რთული და გამოწვევებით აღსავსე პერიოდია, მაგრამ საქართველო, შეძლებს გაუმკლავდეს მას თავის მეგობრებთან და მხარდამჭერებთან ერთად. უპირველესად, მინდა აღვნიშნო, რომ ვილნიუსში ასოცირების შეთანხმების პარაფირებით, საქართველომ მკაფიოდ გამოხატა ევროპულსა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების სწრაფვა. ეს ამბავი მოჰყვა მეტად წარმატებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც იმას შეგვახსენებს, რომ საქართველოსა და მისი მომავლის ყველაზე დიდი დამცველი დემოკრატიაა და რომ დემოკრატიული პროცესი უნდა გაგრძელდეს. თავისი მომავალი საქართველომ ეკონომიკის განვითარების გზითაც უნდა მართოს. ვფიქრობ, ეს არის ახლა მთავრობის პრიორიტეტი. სოფლის მეურნეობის დარგი აღდგენასა და გამოცოცხლებას საჭიროებს და არსებობს სერიოზული გეგმები ამ საქმის გამოსასწორებლად. არის შესაძლებლობა, რომ საქართველომ სარგებელი ნახოს თავისი მდებარეობით „აბრეშუმის ახალი გზისა“ და სატრანზიტო ვაჭრობის თვალსაზრისით.


რადიო თავისუფლება: ეს ძალიან მნიშვნელოვანია, „აბრეშუმის ახალ გზასა“ და სატრანზიტო გზებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით...

რიჩარდ ნორლანდი: დიახ, ამგვარი შესაძლებლობის გამოყენების გზები არსებობს და მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აამოქმედოს ის სერიოზული პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია და რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს სიძლიერისა და უსაფრთხოების გამყარებაში. კიდევ ერთი რამ, რაც, ჩემი აზრით, საქართველომ კარგად აამუშავა, არის რუსეთთან ორმხრივი დიპლომატიის წარმართვა. ელჩის, ბატონ ზურაბ აბაშიძის ძალისხმევა მიმართული იყო რუსეთის მთავრობასთან გარკვეული საკითხების გარშემო დიალოგის აწყობისაკენ. აქ საუბარია მხოლოდ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე - რასაკვირველია, არა ნორმალიზებაზე, რადგან ვფიქრობ, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, რთულია, ისაუბრო ურთიერთობების ნორმალიზებაზე. ეს არის ის პრაგმატული დიპლომატია, რომელიც საქართველომ ამ შემთხვევაში აირჩია და ვფიქრობ, რომ ეს გონივრული გადაწყვეტილებაა. რა თქმა უნდა, მეტად გულდასაწყვეტია, რომ მეორე მხარის რეაქცია ვერ აკმაყოფილებს ამ დიპლომატიის მოთხოვნებს, თუმცა, მთავარია, რომ პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია ამ პროცესის გაგრძელება. აქვე აღვნიშნავდი, რომ გარდა იმ საკითხებისა, რაზეც საქართველოს თავად შეუძლია მუშაობა, არსებობს საკითხები, რომლებზეც სხვებთან ერთად უნდა იმუშაოს, რათა პოზიციები გაიმყაროს. ცხადია, ევროკავშირთან შეთანხმების პარაფირება მნიშვნელოვან პარტნიორობას ნიშნავს, რომელიც წინსვლაში დაეხმარება საქართველოს. და აქ ასევე შევახსენებდი მსმენელს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც საქმიანობის მთელ სპექტრს მოიცავს, და რომელზედაც ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას. დაბოლოს, არსებობს კავშირებისა და დახმარების დიდი და მრავალმხრივი ქსელი, რომელსაც საქართველოც მიეკუთვნება. ახლახან გახლდით სუამის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე. საქართველოს მეგობრები რეგიონში - უკრაინა, აზერბაიჯანი და მოლდავეთი იზიარებენ საერთო ინტერესებს და ერთობლივი მუშაობის პერსპექტივას. შავი ზღვის თანამშრომლობის სტრუქტურები, „აბრეშუმის ახალი გზის“ პერსპექტივები გამოხატავს მრავალმხრივი თანამშრომლობის იდეას, რომელიც საქართველოს მომავალსაც წაადგება. ვფიქრობ, ამ გამოწვევებთან გამკლავება, საქართველოს კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს. მე ყველაზე მუქ ფერებში არ დავხატავდი არსებულ ვითარებას, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია სიტუაციის ფრთხილი და მშვიდი გაანალიზება, ხოლო შემდგომ პოზიციების გამყარების გზების დაძებნა. უმთავრესია, რომ ხალხი მიხვდეს - საქართველო მარტო არ არის ამ პროცესში. არსებობს ბევრი საერთაშორისო მხარდამჭერი, ვინც საქართველოსთან მუშაობს.

ბოლო ოც წელიწადზე მეტია ჩვენ საქართველოს დემოკრატიის განვითარების უწყვეტი პროცესის მოწმეები ვართ. შედეგად კი, დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მყარ საფუძვლებზე. შეგვიძლია ვისაუბროთ ძლიერი საარჩევნო მანდატის მქონე მთავრობაზე, რომელიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში...
რადიო თავისუფლება: საქართველოში სულ ახლახან ჩატარდა არჩევნები, რომელსაც თქვენც მაღალი შეფასება მიეცით. ამჯერად აღარ არის საუბარი იმაზე, რომ ხალხმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი. გაამყარებს თუ არა ეს იმ არგუმენტს, რომ ქვეყნის სწრაფვა დასავლეთთან დაახლოებისკენ საკმარისად ნათლად გამოხატა ქართველმა ხალხმა თავისუფალ არჩევნებში, რომ სწორედ ქართველი ხალხი იქნება განვითარების ამგვარი გზის თავდები თავისუფალი და დემოკრატიული გარემოს პირობებში? აამაღლებს თუ არა ეს ნდობას საქართველოს, როგორც საიმედო სტრატეგიული პარტნიორის, მიმართ?

რიჩარდ ნორლანდი: ვფიქრობ, ეს კითხვა გარკვეულად პასუხიც არის. ქართველი ხალხი დასავლეთისკენ სწრაფვაზე, თავისი ისტორიის და ტრადიციების შესაბამისად საუბრობს. დემოკრატიის პირობებში კი, ანგარიში უნდა გაუწიო ხალხის სურვილს. თქვენი შეკითხვა ქართული დემოკრატიის ხარისხსაც ეხება. რაზეც შემიძლია გიპასუხოთ, რომ ბოლო ოც წელიწადზე მეტია ჩვენ საქართველოს დემოკრატიის განვითარების უწყვეტი პროცესის მოწმეები ვართ. შედეგად კი, დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ მყარ საფუძვლებზე. შეგვიძლია ვისაუბროთ ძლიერი საარჩევნო მანდატის მქონე მთავრობაზე, რომელიც უმაღლესი სტანდარტების დაცვით ჩატარებული არჩევნების შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. შეგვიძლია ვისაუბროთ გამოცდილ და ჩამოყალიბებულ ოპოზიციაზე. ჩვენ ახლა შეგვიძლია ვისაუბროთ ისეთ პარლამენტზე, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ როლს ასრულებს. თქვენ გაქვთ სასამართლო, სადაც ყველა მოსამართლე წინა მთავრობის მიერ დაინიშნა და ახლა აქვს შესაძლებლობა მისთვის მინიჭებული დამოუკიდებლობა გამოიყენოს. და ბოლოს, თვენ გაქვთ მედია, თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი, რომელიც საკმაოდ აქტიური და მოქმედია. თუ ჩვენ ამ ყველაფერს შევაჯამებთ, მივხვდებით, რომ საქმე გვაქვს მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებთან, რომლებიც სულ უფრო და უფრო ძლიერდება. ხოლო როდესაც დემოკრატიული პროცესი იმ მიმართულებით მიდის და იმის პარაფირებით მთავრდება, რის პარაფირებაც ვილნიუსში მოხდა, ვფიქრობ, ეს ყველაფერზე მეტყველებს.

რადიო თავისუფლება: თავის პირველივე გამოსვლაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ახლად დანიშნულმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ვიქტორია ნულანდმა, ისაუბრა ამერიკა-ევროპის თანამშრომლობის ახალი ეტაპის, ერთიანი ეკონომიკური სივრცის ფორმირების დაწყების შესახებ, რომელიც მან მოიხსენია, როგორც „ტრანსატლანტიკური რენესანსი“. ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ვაჭრობისა და ინვესტირების ხელშეკრულების თაობაზე (T-TIP). როგორ შეუძლია ამ „ტრანსატლანტიკურ რენესანსს“, ხელი შეუწყოს და გააძლიეროს აღმოსავლეთის პარტნიორობის პროცესი?

აქ მცირე გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. იმის გამო, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდის, ფიქრობენ, რომ ჩვენ დავკარგეთ ინტერესი ევრაზიის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართ. სინამდვილეში კი იცვლება მხოლოდ ჩვენი მონაწილეობის ფორმა...
რიჩარდ ნორლანდი: თქვენ ერთდროულად რამდენიმე საკითხს შეეხეთ. ერთია, „ტრანსატლანტიკური რენესანსი“, რაზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილე ნულანდმა ისაუბრა. მეორე საკითხია ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობა. ის ხედვა, რომელზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ილაპარაკა, სათავეს იღებს მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეაში, სადაც აღორძინება, უსაფრთხოება, მშვიდობა და პროგრესი გაუმიჯნავი ცნებებია. საქართველოს ჩვენ ამ პროცესის განუყოფელ ნაწილად მოვიაზრებთ და თავად საქართველოც მოიაზრებს თავს ამ პროცესის ნაწილად. ვფიქრობ, ვილნიუსში, ასოცირების შეთანხმების პარაფირებით, საქართველომ დაადასტურა, რომ ხედავს საკუთარ ადგილს ევროპულ რენესანსში, ისევე, როგორც ჩვენ ვხედავთ მის ადგილს იქ. ეს მრავალმხრივ თანხმობაშია აშშ-ის პოლიტიკის კიდევ ერთ ასპექტთან, ეს არის ეგრეთ წოდებული „აზიის მიმართულება“. რუკას თუ დავხედავთ, ვნახავთ, რომ ამერიკიდან აზიაში ორი გზით ხვდები: აღმოსავლეთიდან წყნარი ოკეანის, ხოლო დასვლეთიდან ევრაზიის გავლით. ამგვარად ძალისხმევა იქით არის მიმართული, რომ განვითარდეს „აბრეშუმის ახალი გზა“, ჩრდილოეთის გადაზიდვების არსებული ქსელის ბაზაზე, რათა ევრაზიის დერეფანში გაიზარდოს ტრანზიტის მოცულობა. ეს საქართველოს მეტად ხელსაყრელ პირობებში აყენებს, მას შესაძლებლობა ეძლევა, ევროპასა და ამერიკასთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ევრაზიაში ეკონომიკური კეთილდღეობის დამყარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. „რენესანსის“ თვალსაზრისით, საქართველო ნამდვილად არის ამის ნაწილი. რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობას, როგორც იცით, ივლისში პრეზიდენტმა ობამამ, ევროკომისიის პრეზიდენტ ბაროზუსთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ ვან რუმპესთან ერთად, გააკეთა განაცხადი აშშ-სა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ეგრეთ წოდებულ T-TIP-სთან დაკავშირებით. მოლაპარაკების მეორე რაუნდი ნოემბრის დასაწყისში დასრულდა ბრიუსელში. ეს გახლავთ ამბიციური და სრულყოფილი, მაღალი სტანდარტების სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულება, რომელიც უზრუნველყოფს ამერიკული პროდუქტისა და სერვისის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, სამუშაო ადგილების შექმნასა და განვითარებას. გარდა ამისა, ხელშეკრულება მიზნად ისახავს ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობას და, ამასთანავე, უსაფრთხოებისა და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარებას ევროპაში და მის ფარგლებს გარეთ. ჯანსაღი და ძლიერი ეკონომიკა, თავის მხრივ, მეტი დახმარების შესაძლებლობას შექმნის აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისათვის, მაგალითად საქართველოსთვის. მით უმეტეს, რომ ევროკავშირს ამ ქვეყნებთან თავისი ურთიერთობა აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმების შედეგად. და კვლავ, საქართველო და მოლდავეთი საუკეთესო მაგალითია ამ მხრივ. სახელმწიფო მდივანმა კერიმ ახლახან ახსენა, რომ სწორედ T-TIP შეუწყობს ხელს იმ სტანდარტების ამაღლებას, რომლითაც მსოფლიოს ქვეყნები ხელმძღვანელობენ ბიზნესის კეთებისას, მათ შორის არიან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებიც.

რადიო თავისუფლება: იქნება თუ არა ლოგიკური, ვივარაუდოთ, რომ ზემოაღნიშნული „ტრანსატლანტიკური რენესანსი“ ასევე ბიძგს მისცემს უფრო ძლიერი კავშირების დამყარებას ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის; და, როგორც თქვენ უკვე ახსენეთ, ეგრეთ წოდებული „სამხრეთის აბრეშუმის გზის“ განვითარების დაჩქარებას; თურქმენეთიდან გაზის ტრანსპორტირების მძლავრი არტერიის შექმნას? თუ ასეა, გაგიადვილებთ თუ არა ყოველივე ეს, საქართველოს მიმართ მეტი ყურადღების საჭიროებაში დაარწმუნოთ ვაშინგტონი და საერთაშორისო თანამეგობრობა?

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ საქართველო მარტო არ არის თავის ძალისხმევაში, დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აღადგინოს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე და ეძებოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარების გზები. აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას...
რიჩარდ ნორლანდი: იცით, აქ მცირე გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. იმის გამო, რომ შეერთებული შტატები ავღანეთიდან გამოდის, ფიქრობენ, რომ ჩვენ დავკარგეთ ინტერესი ევრაზიის, ცენტრალური აზიისა და კავკასიის მიმართ. სინამდვილეში კი იცვლება მხოლოდ ჩვენი მონაწილეობის ფორმა. „აბრეშუმის ახალი გზა“ შესანიშნავი მაგალითია: ავღანეთში ჩვენი ჯარის გადაიარაღებას სხვადასხვა მარშრუტით ვახდენთ - არა მხოლოდ პაკისტანის გავლით, არამედ ჩრდილოეთისა თუ დასავლეთის გზითაც. განახლდა აბრეშუმის ძველი გზა და, შესაბამისად, ინფრასტრუქტურა, გზები, რკინიგზა, ტრანსკასპიური საზღვაო გადაზიდვა, საჰაერო მარშრუტებიც კი. ეს ყველაფერი ისეთი ძალით გააქტიურდა, რომ ამ პროცესში მონაწილე ქვეყნები და კომპანიები მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს იღებენ. საქართველოც უკვე ამ პროცესის ნაწილია. პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ყველანი ვდგავართ, შემდეგია: როგორ უნდა განვახორციელოთ ეს ყველაფერი? როგორ ვაქციოთ სამხედრო ინფრასტრუქტურა გრძელვადიან კომერციულ პერსპექტივად? ვფიქრობ, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს განხორციელდეს. ეს მოხდება თუნდაც იმიტომ, რომ აზიაში არის ამის მოთხოვნილება და აზიას აქვს შესაძლებლობა, თავისი საქონელი დასავლეთში გაიტანოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება არა მარტო წყნარი ოკეანის გზას, არამედ ევრაზიის დერეფანსაც. და კვლავ, როცა „ტრანსატლანტიკური რენესანსის“ იდეაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება იგი განხორციელდეს ევრაზიის გავლით. დარწმუნებული ვარ, საქართველოს მსგავსი ქვეყნები, რომელთაც უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვთ, როგორც „აბრეშუმის ახალი გზის“ დასავლეთი კიდე - მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს ნახავენ.

რადიო თავისუფლება: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით ვიქტორია ნულანდმა ასეთი აზრი გამოთქვა: ერთ-ერთი ნათელი წერტილი აქ ისიც არის, რომ მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმება ამოქმედდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ იმოგზაურებენ, ქართული პასპორტების ფლობა გაცილებით მიმზიდველი გახდება მათთვის, ვინც კონფლიქტურ რეგიონებში ცხოვრობს; საქართველოს ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თანამოქალაქეებს შესთავაზა: ერთად ვაშენოთ წარმატებული დემოკრატიული სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც მისი ყველა მოქალაქის კეთილდღეობის, ეთნიკური, კულტურული იდენტობის შენარჩუნებისა და პოლიტიკური უფლებების ხელშეუხებლობის გარანტი იქნებაო. ამისათვის მნიშვნელოვანია სამაგალითო დემოკრატიისა და ცხოვრების მაღალი დონის დამკვიდრება, რისთვისაც საქართველოს ინვესტიციები სჭირდება. თუ მილსადენებს არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის კერძო კაპიტალი ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოში არც შემოსულა, რა პერსპექტივები არსებობს ამ თვალსაზრისით?

ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი მხოლოდ ქართველების დამსახურებაა. მე ვიყავი საქართველოში ოცი წლის წინათ და იმ რთული პერიოდის მომსწრე ვარ; ამიტომაც შემიძლია შევაფასო, რა დონის წინსვლა მოხდა აქ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ქართველების დამსახურებაა...
რიჩარდ ნორლანდი: რადგან ტერიტორიების საკითხს შევეხეთ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გვახსოვდეს, რომ საქართველო მარტო არ არის თავის ძალისხმევაში, დაიცვას სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, აღადგინოს სრული კონტროლი თავის ტერიტორიაზე და ეძებოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების მოგვარების გზები. აშშ აქტიურად გააგრძელებს ამ პროცესის მხარდაჭერას, არა მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, არამედ ჰუმანიტარულ დონეზეც, რათა დაეხმაროს ადმინისტრაციული საზღვრის გაყოლებაზე მცხოვრებ ხალხს, რომ კვლავ შეძლონ საკუთარ სახლებში ცხოვრება, საკუთარი მიწების დამუშავება, ახლობლების საფლავების მონახულება და სკოლებამდე მისვლა. ის ხელოვნური ბარიერები, რომლებიც აქ აღმართეს, წარმოუდგენელია თანამედროვე სამყაროში. ამგვარად, ყველანაირად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ პრეზიდენტის მცდელობას, ხელი შეუწყოს რეგიონში ისეთი ეკონომიკური დინამიკის შექმნას, რომელშიც ყველა მხარე შეძლებს მონაწილეობას. ასე რომ, ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესის მხარდაჭერას ჟენევაშიც და სხვაგანაც. ახლა რაც შეეხება საქართველოში ამერიკულ ინვესტიციებს, ვფიქრობ, უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს, რომ წლების მანძილზე საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანი ამერიკული ინვესტიციები ხორციელდებოდა. ამის მაგალითია „მაგთიკომი“, სადაც ყველაზე მსხვილი ამერიკული ინვესტორია წარმოდგენილი. არ ვიცი გსმენიათ, თუ არა იმის შესახებ, რომ ახლახან ქართულ-ამერიკულმა კომპანიამ იყიდა მანგანუმის ქარხნები ზესტაფონსა და ჭიათურაში. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან მნიშნელოვანი ინვესტიციაა, რომლის შესახებ ჩვენს ვებსაიტზე უკვე გაკეთდა განცხადება. რაღა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ცოტა ხნის წინ რესტორან „ვენდის“ გახსნა. ასევე ვიცით, რომ „ჰილტონის“ ქსელი აპირებს სასტუმროების ამუშავებას კერძო საინვესტიციო კორპორაციის, OPIC-ის დახმარებით. ჩვენ ასევე დავეხმარეთ ერთ-ერთ ქართულ კომპანიას მთაწმინდისა და იქ მდებარე რესტორნის აღდგენაში. რამდენადაც ვიცი, თბილისელები დიდი სიხარულით შეხვდნენ ამ ამბავს. ამგვარად, ვადასტურებ, რომ ამერიკული ინვესტიცია აქ აქტიურად არის წარმოდგენილი, თუმცა ისიც მესმის, რომ ჩვენ, ყველანი, უფრო მეტს ველოდებით. ვფიქრობ, საქართველოს ეკონომიკას უკვე შეუძლია საკმაოდ სტაბილური პოლიტიკური ვითარების დემონსტრირება, რასაც პირველ რიგში უყურებს ნებისმიერი ინვესტორი. პოლიტიკური სტაბილურობა ხომ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს ქმნის და მინდა გითხრათ, რომ საქართველო უკვე ამ სტადიაში იმყოფება. შემდეგ დგება საკითხი, რომელი სფეროებია საინტერესო უცხოელი ინვესტორებისთვის. ვფიქრობ, საქართველოს სერიოზული პოტენციალი აქვს სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრანზიტულ ვაჭრობასა და მილსადენებზე. პირდაპირ ვხედავ, როგორ დადგება სულ მალე უცხოელი ინვესტორების რიგი. არ უნდა დაგვავიწყდეს, ასევე, საქართველოს მთავრობის საინვესტიციო ფონდი, რომელმაც უკვე მოიზიდა პარტნიორები რამდენიმე პროექტისთვის. ქართველი ამომრჩეველი, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებნი, მოუთმენლად ელიან, როდის ამოქმედდება ეკონომიკა, რადგან სამუშაოს შოვნა ძალიან ძნელია... ახლა ზამთარია და იოლი წარმოსადგენია, როგორია ცივ სახლებში უმუშევრად ჯდომა. ჩვენ ვცდილობთ, რამდენადაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ამ ხალხს. საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სტაბილურობა და გარკვეულ სფეროებში ეკონომიკის პოტენციალი, იმის რწმენას მაძლევს, რომ საქართველოში მოვლენები სწორი მიმართულებით განვითარდება.

რადიო თავისუფლება: განვლილი არჩევნები გარკვეულად, ახალი ათვლის წერტილია მეტად დაძაბული პოლიტიკური მოვლენების შემდეგ საქართველოში. ექნება თუ არა ახლა ამერიკის ელჩს ოდნავ მაინც ნაკლებად დატვირთული სამუშაო გრაფიკი? თუ, იქნებ, ამერიკის ელჩი მიიჩნევს, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამოწვევების ხანა იწყება? რა იყო თქვენი ყველაზე დიდი საფიქრალი, როცა საქართველოში ჩამობრძანდით და რა არის თქვენი მთავარი საფიქრალი ახლა?

რიჩარდ ნორლანდი: მე ვარ ელჩი და ჩემი ძირითადი მოვალეობაა, ვიყო დამკვირვებელი და დახმარება გავუწიო საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს სწორედ იმ საკითხებში, რომლებსაც ისინი მიიჩნევენ საჭიროდ. ბოლო ოცი წლის განმავლობაში მიღწეული პროგრესი მხოლოდ ქართველების დამსახურებაა. მე ვიყავი საქართველოში ოცი წლის წინათ და იმ რთული პერიოდის მომსწრე ვარ; ამიტომაც შემიძლია შევაფასო, რა დონის წინსვლა მოხდა აქ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ ქართველების დამსახურებაა. სიტუაცია უფრო დაძაბული იყო, როდესაც ერთი წლის წინ ჩამოვედი: ხალხი ძალიან ღელავდა იმის თაობაზე, ჩატარდებოდა თუ არა არჩევნები მშვიდობიანად და, საბოლოო ჯამში, ეს ასეც მოხდა. არასოდეს დამავიწყდება ჩემი სტუმრობა ზუგდიდში, როდესაც პირველად ჩამოვედი. ის, რომ არჩევნებმა მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნების პროცესი თვისებრივად უმჯობესდება ყოველ ჯერზე, ვფიქრობ, ქართველი ხალხისა და დემოკრატიული პროცესების სიმწიფის ნიშანია. ვფიქრობ, ახლა მთავრობისა და ოპოზიციის ჯერი დადგა, რათა მათ გადალახონ სირთულე და გამონახონ თანამშრომლობის გზები, რადგან მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ეკონომიკის განვითარებას მოემსახურება; მათი თანამშრომლობა სწორედ იმ სტაბილური პოლიტიკური გარემოს სურათს დახატავს, რომელიც ხელსაყრელია ინვესტიციების მოზიდვისა და სახელმწიფო დაგეგმვისთვის; მათი თანამშრომლობა დაეხმარება გამჭვირვალეობის მაქსიმალურ ზრდას და ბიზნესისთვისა და დასაქმების ბაზრისთვის საჭირო გარემოს შექმნას. ბიზნესგარემო არა მხოლოდ უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა იყოს მიმზიდველი, არამედ მან ქართველი მეწარმეების წარმატებასაც უნდა შეუწყოს ხელი, განსაკუთრებით სოფლებში და სოფლის მეურნეობის დარგში, რადგან ეს ის სფეროა, სადაც საქართველოს უზარმაზარი აუთვისებელი შესაძლებლობები აქვს. ვფიქრობ, ნიადაგი მზად არის ამ დარგში რეალური წინსვლისათვის. ჩვენი, ანუ აშშ-ის, მიზანია, კვლავ გავაგრძელოთ ამ პროცესების ხელშეწყობა, რამდენადაც ეს ხელგვეწიფება. შემთხვევითი არ იყო, რომ ინაუგურაციაზე მოვლინებულ საპრეზიდენტო დელეგაციას ხელმძღვანელობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითრების სააგენტოს (USAID) დირექტორი რაჯივ შა, რადგან ბოლო ოცი წლის მანძილზე ამერიკამ საქართველოში სამ მილიარდამდე აშშ დოლარის ინვესტიცია გააკეთა და ამ თანხის ძირითადი ნაწილის მართვა USAID-მ იტვირთა. ვფიქრობ, ჩვენ, ყველას, გვეუფლება ერთგვარი კმაყოფილების გრძობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ინვესტიციები და ჩვენთან პარტნიორობა დაეხმარა საქართველოს დემოკრატიული პროცესების კონსოლიდაციაში და ეკონომიკური პროცესების დაბალანსებაში. ჩვენ კვლავაც ვაპირებთ, გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა მომავალში, თუმცა დახმარების მასშტაბი წინა წლებთან შედარებით აღარ იქნება იგივე ჩვენი საკუთარი ბიუჯეტის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამასთანავე, საქართველო, ჩემი აზრით, სულ მალე საკმაოდ მყარად უნდა დადგეს ფეხზე. და შემდეგ საქართველომ, ქართველმა პოლიტიკოსებმა და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ განაგონ თავიანთი ქვეყანა. და ამ შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ჩართული იქნება თუ არა ამაში ამერიკის ელჩი.
XS
SM
MD
LG