Accessibility links

logo-print

3 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სალომე მოისწრაფიშვილი, წარმომადგენელი "გერმანიის შემნახველი ბანკების ფონდისა - საერთაშორისო თანამშრომლობისთვის". მან ილაპარაკა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე.

29 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით გაიმართა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის პრეზენტაცია. ამ დოკუმენტს საფუძვლად დაედო გამოკვლევა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლებისა და ფინანსური ჩართულობის შესწავლას ისახავდა მიზნად. გამოკითხულთა უმრავლესობის ფინანსურ მიზანს წარმოადგენს ვალების დაფარვა და საკვების შეძენა. ასევე გამოვლინდა, რომ ადამიანების უმრავლესობა შემოსავლის მუდმივი წყაროს შეწყვეტის პირობებში ერთი კვირიდან ერთ თვემდე შეძლებს თავის გატანას ფულის სესხების გარეშე. ერთი შეხედვით, სურათი, რომელიც გამოკვლევამ აჩვენა, ადეკვატურია საქართველოში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, თუმცა, "დილის საუბრების" სტუმარი და ფინანსური განათლების კამპანიის მხარდამჭერები თვლიან, რომ ფინანსური განათლება კეთილდღეობის განმაპირობებელი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სალომე მოისწრაფიშვილმა განმარტა, რომ სტრატეგია ითვალისწინებს ფინანსური განათლების კომპონენტების ინტეგრაციას განათლების ყველა საფეხურზე და რომ ეს არ ნიშნავს ადამიანებისთვის ეკონომიკური ან მათემატიკური ცოდნის მიცემას, არამედ იმ პრინციპების დასწავლას, რაც მომავალში მათ დაეხმარება კონკრეტული ფინანსური შესაძლებლობების პირობებში პრიორიტეტების განსაზღვრასა და პასუხისმგებლიანი, ადეკვატური ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ამისა, ფინანსური განათლება ადამიანებს დაეხმარება საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობისას თავიანთი უფლებების დაცვასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG