Accessibility links

logo-print

30 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი მთაწმინდის პირველ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში. მან საუბრის დასაწყისშივე აღნიშნა, რომ მინიმალური რესურსით აწარმოებს საარჩევნო კამპანიას და პროცესის ბოლოს ამომრჩეველს დეტალურ ანგარიშს წარუდგენს. სალომე ზურაბიშვილმა აირჩია პოზიტიური კამპანიის გზა. ის ამომრჩეველს ესაუბრება თემებსა და საკითხებზე, რომლებზე აქტიურობასაც აპირებს დეპუტატად არჩევის შემთხვევაში. ამომრჩეველს კი ის ხვდება ე.წ. "მთაწმინდის საღამოებზე", რომლებიც "9 აპრილის" ბაღში ხვდება. ერთ-ერთი თემაა - იძულებით თუ ნებაყოფლობით საქართველოდან წასული და ემიგრაციიდან დაბრუნებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. "ევროპულობა, რაზეც ჩვენ ამდენს ვსაუბრობთ, მაგრამ უფრო ვსაუბრობთ მანტრებით და ნაკლებად ვსაუბრობთ და ნაკლებად გვესმის თუ რას ნიშნავს ნამდვილი, კონკრეტული, ყოველდღიური ევროპულობა, რომელიც უნდა შემოვიტანოთ ამ ქვეყანაში, ეს ნიშნავს საერთაშორისო სტანდარტების შემოტანას ჩვენს ყოველდღიურობაში: ტრანსპორტში, ქალაქში, სამუშაო ადგილას, ურთიერთობებში, საზოგადოება როგორ უნდა იყოს დაცული", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და განმარტავს, რომ საზოგადოების დაცულობაში გულისხმობს, მაგალითად, სურსათის უვნებლობის კონტროლსაც. ის თვლის, რომ საჭიროა მარეგულირებელი უწყებების შექმნა, რადგან კორუფციის შიშით არ შეიძლება ყველა სახის კონტროლის და რეგულაციის გაუქმება. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ჰაერის დაბინძურების საკითხზეც. დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი თვლის, რომ საჭიროა ოქროს შუალედის პოვნა იმისათვის, რომ არც ქალაქის განვითარება შეფერხდეს და ისტორიული ძეგლებიც დაცული იყოს, აგრეთვე დაიხვეწოს კანონმდებლობა, რომლითაც დადგინდება ამა თუ იმ შენობის სტატუსი. სალომე ზურაბიშვილი 5 ოქტომბერს გეგმავს იმ ბიზნესმენებთან შეხვედრას, ვინც საქმიანობს, ან დაინტერესებულია მთაწმინდის ოლქში საქმიანობით, რომ ერთად მოიფიქრონ რისი გაკეთება იქნებოდა სასარგებლო ქალაქის ამ ნაწილისთვის. დეპუტატობის კანდიდატი მათ ეკონომიკის განვითარებაზე თავის ხედვასაც გააცნობს. ის ვერ ხედავს ეკონომიკის განვითარებისთვის სხვა გზას, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარდა. "დილის საუბრების" სტუმარმა გამოყო საკუთრების დაკანონების პრობლემაც, მათ შორის - დევნილებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG