Accessibility links

24 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ ავალიანი, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურიდიული სამსახურის უფროსი. მან ილაპარაკა ორგანიზაციის პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის მოქმედების შესწავლას და რეკომენდაციების მომზადებას. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი მიმდინარე წლის 20 თებერვლიდან ამოქმედდა. ცვლილებები კრიტიკულად შეაფასეს უფლებადამცველებმა, რადგან თვლიან, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით არ არის უზრუნველყოფილი მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპი. მეტიც: "კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" თავის შეფასებით დოკუმენტში ჩაწერა, რომ "განახლებული რედაქცია შეიცავს სიახლეებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აუარესებს დაცვის მხარის სამართლებრივ მდგომარეობას და ზოგადად, საფრთხის შემცველია მხარეთა შეჯიბრობითობისა და თანასწორობის პრინციპებისათვის". "ადამიანის უფლებათა ცენტრი" შეისწავლის: რამდენად დაცულია მოწმეთა უფლებები მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვისას; რამდენ საქმეზე მიმართა პროკურატურამ მაგისტრატ მოსამართლეს მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით, მათ შორის - რამდენი საქმე იყო არასრუწლოვნისა და რა საფუძვლით მოხდა სასამართლოსადმი მიმართვა. თამარ ავალიანის თქმით, მნიშვნელოვანია მოწმის ინფორმირება უფლებებზე, როცა ის გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვის ეტაპზე მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, აგრეთვე, არ ეკისრებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არასწორი ჩვენების მიცემის გამო. მოწმეთა დაკითხვის ახალი წესი ითვალისწინებს მოწმის ნებაყოფლობით გამოკითხვაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ მის იძულების წესით დაკითხვას მაგისტრატ მოსამართლესთან. უფლებადამცველთა კრიტიკის მთავარი საგანიც ეს არის. მაგისტრატ მოსამართლესთან მოწმის დაკითხვას ვერ ესწრება დაცვის მხარე და არ აქვს მისი სანდოობის შემოწმების საშუალება. "ადამიანის უფლებათა ცენტრი" 11 თვის განმავლობაში შეისწავლის მოწმეთა დაკითხვის ახალი წესის პრაქტიკას და მოამზადებს რეკომენდაციებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG