Accessibility links

logo-print

თედო ჯაფარიძე ამერიკაში ვიზიტს აფასებს


თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

თედო ჯაფარიძე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე აცხადებს, რომ საქართველო საგარეო კურსის ერთგული რჩება და შეშფოთება, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე საქართველოს მიმართ გაჩნდა, უსაფუძვლო და გაზვიადებულია.

რა არის თქვენი ვიზიტის დანიშნულება და როგორ ფიქრობთ, აღწევთ თუ არა ვაშინგტონში წამოსვლამდე დასახულ მიზანს?

დიდი მადლობა მოწვევისთვის! ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთან მოსვლა, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციაში საუბარი. მიწვეული ვიყავი კონფერენციაზე, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესმა გამართა. ეს კონფერენცია ეხებოდა უსაფრთხოების საკითხებს და მასში საქართველოს დელეგაციასთან ერთად ევროპელებიც მონაწილეობდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო საუბარი ამერიკელებთან და ევროპელებთან ამ მეტად დელიკატური ხასიათის საკითხებზე. რა თქმა უნდა, როცა ვაშინგტონში ხარ, შეუძლებელია არ შეხვდე ძველ მეგობრებს, არ ისაუბრო საქართველოზე. ეს თემა, მოგეხსენებათ, არ ამოწურულა და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ამოიწუროს. საკმაოდ კმაყოფილი ვარ. იყო საინტერესო შეხვედრები. ახლა მთავარია ის გავიგოთ, ჩემი ამერიკელი კოლეგები თუ არიან კმაყოფილი.

ეს არის ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და მგონი ეს არის ის თემა, რომელიც კონსტიტუციამ და კანონმა უნდა გაარკვიოს.

ვისთან გქონდათ შეხვედრები?

შეხვედრები მქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში ბატონ ერიკ რუბინთან, თეთრ სახლში ბატონ ენდრიუ კაჩინსთან, ჩემს ძველ კოლეგებთან, რომლებიც ქმნიან საზოგადოებრივ აზრს - ტელბოტთან (სტროუბ ტელბოტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე - რედ.), სესტანოვიჩთან (სტივენ სესტანოვიჩი, ამერიკის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე - რედ.). ხვალ ვხვდები სტივენ ჰედლის (ყოფილი პრეზიდენტის, უმცროსი ჯორჯ ბუშის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში - რედ.). მქონდა გამოსვლა სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ცენტრში. მქონდა 24-ზე მეტი შეხვედრა. არ მიყვარს შეხვედრების თვლა, მაგრამ ეს ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ახლა, როცა მოვლენები მთელს მსოფლიოში ასე დინამიკურად ვითარდება. საჭიროა ვიცოდეთ, როგორ გვიყურებენ, რას ფიქრობენ საქართველოზე, როგორ აფასებენ ჩვენთან მიმდინარე მოვლენებს და, საერთოდ, მსოფლიოში შექმნილ ვითარებას.

ვაშინგტონში თქვენი ყოფნის განმავლობაში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირის სტატუსს ანიჭებს. რას ნიშნავს ეს კანონპროექტი საქართველოსთვის მისი დამტკიცების შემთხვევაში?

კონგრესში გაჟღერებული ნებისმიერი მოსაზრება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ჩვენთვის ასეთ მნიშვნელოვან პრობლემას. კარგია, რომ კონგრესმა განიხილა ჩვენი ქვეყანა, უკრაინა, მოლდოვა, როგორც ყველაზე აქტიური სტრატეგიული პარტნიორები ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის. ჩვენთვის მთავარია, რომ პროცესი დაიწყო. ახლა მთავარია, ჩვენც გადავდგათ ადეკვატური ნაბიჯები ქვეყნის შიგნით და გავამყაროთ ეს განცხადებები, ეს განწყობები, რომლებიც დღეს კონგრესშიც არის და აღმასრულებელ ხელისუფლებაშიც.

კონკრეტულად სააკაშვილის გვარი ჩემთან არავის უხსენებია. ეს არის საერთო ხასიათის მოსაზრებები, რომ ამგვარი პროცესები ძალიან დელიკატური ხასიათისაა, რომ ეს პროცესები უნდა იყოს ღია.

კანონპროექტის ერთ-ერთი პუნქტი მომდევნო სამი წლის მანძილზე ამ სამი ქვეყნისთვის კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 10 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხი საქართველოში და კეთდება თუ არა რაიმე მის დასაბალანსებლად?

დავიწყოთ იმით, რომ 10 მილიონი ძალიან კარგია, მაგრამ ის თანხა არ არის, რომლითაც შეიძლება შეეწინააღმდეგო კრემლის პროპაგანდას. მთავარია, რამდენად ეფექტიანად გამოვიყენებთ ამ თანხას ქვეყნის შიგნით. რაც შეეხება რუსეთის პროპაგანდას და იმას, რომ ამ პროპაგანდას ქვეყნის შიგნითაც აქვს მხარდაჭერა: რა თქმა უნდა, იქ მართლაც არიან გარკვეული ელემენტები თუ ჯგუფები - მაგრამ არა მგონია, ამას დიდი მასშტაბები ჰქონდეს, ან გავლენას ახდენდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ამგვარი შეფასება, ჩემი აზრით, გაზვიადებულია.

ასევე, თქვენი აქ ყოფნის განმავლობაშიც და მანამდეც, არაერთი განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში, შესაძლოა, მიმდინარეობდეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. წამოჭრეს თუ არა ეს საკითხი თქვენმა თანამოსაუბრეებმა და თუ წამოჭრეს, როგორი იყო თქვენი პასუხი?

ეს თემა მართლაც არსებობს. ვერ გეტყვით, რომ ყველა შეხვედრაზე მხოლოდ ამაზე იყო ლაპარაკი, ან რომ ეს იყო ჩვენი საუბრების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამაზე იყო საუბარი სახელმწიფო დეპარტამენტში. მაგრამ სანამ გიპასუხებდეთ, მინდა აქვე მოგახსენოთ, რომ ამ საკითხზე გაკეთებული კომენტარები თუ განცხადებები, ჩემი აზრით, გავლენას ვერ მოახდენს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე. ჩვენი ამერიკელი კოლეგები გამოხატავენ შეშფოთებას, მაგრამ ეს არ არის მითითება. ისინი გვეუბნებიან, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ღია, მასში ჩართული უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი ადამიანი გარედან, ექსპერტები. ჩვენი პასუხია, რომ ეს პროცესები არავის სიამოვნებს. მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, შევხედოთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და სწორედ ამიტომ უნდა გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა ჩვენსავე წარსულთან. არის უამრავი მძიმე საქმე. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ, პროკურატურამ. ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ყველა დანაშაული - ერთი იქნება, ორი თუ ათი - და გამოვიტანოთ ვერდიქტი ჩვენი კანონის შესაბამისად.

კონკრეტულად, საუბრობენ თუ არა ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებაზე?

სააკაშვილის გვარი ჩემთან არავის უხსენებია. ეს არის საერთო ხასიათის მოსაზრებები, რომ ამგვარი პროცესები ძალიან დელიკატური ხასიათისაა, რომ ეს პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს. როგორც ქართველს, არ მსიამოვნებს, როცა ჩვენი ქვეყნის ესა თუ ის წარმომადგენელი, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი, უარყოფითად წარმოჩნდება. არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ, სააკაშვილის თემაზე თითქმის აღარავინ საუბრობს. ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოზე, საქართველოს მომავალზე და, აქედან გამომდინარე, ჩვენს მეგობრებს უნდათ, რომ ის პროცესები, რომლებიც დაკავშირებულია დელიკატურ საკითხებთან, შეეფერებოდეს დასავლურ ორიენტაციას, დემოკრატიის პრინციპებს და ასე შემდეგ.

რამდენიმე კვირის წინ, „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია, რომ საქართველოს მთავრობას ხმამაღალი განცხადება არ გაუკეთებია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მან ისიც კი თქვა, რომ ამან შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობაზე. შეხვდით თუ არა ბატონ მაკკეინს?

არ შევხვედრივარ, მაგრამ ბატონ მაკკეინს - რომელსაც ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და, სხვათა შორის, ჩვენი ყოფილი პრეზიდენტიც მე გავაცანი მას - მინდა ვთხოვო, ნუ იმსჯელებს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიებით, ან იმის მიხედვით თუ რა ელექტრონულ ფოსტას მიიღებს დილაადრიან. უკრაინასთან დაკავშირებით უამრავი განცხადება გვაქვს გაკეთებული ჩვენს კომიტეტში, პარლამენტსაც მიღებული აქვს საკმაოდ მწვავე ხასიათის განცხადება. რაც ხდება უკრაინაში, ჩვენი ტკივილია. ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ტრაგედია. ეს ეხება ყოველ ჩვენგანს, მთელს სამეზობლოს. ამიტომ ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს. ბატონ მაკკეინსა და მის კოლეგებს შეშფოთების საფუძველი არა აქვთ. ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს ინტერესებს, სტრატეგიას. ჩვენი ორიენტირი გარკვეულია. საქართველოს საგარეოპოლიტიკური ტრაექტორია არ იცვლება.

როცა საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო არ აკეთებს მკაცრ განცხადებებს რუსეთის წინააღმდეგ და არ უერთდება სანქციებს, წამოიჭრა საქართველოს ორიენტაციის თემა. ამის გამო გაჩნდა შიში თუ ეჭვი იმაზე, იცვლის თუ არა საქართველო ორიენტაციას.

ისეთი პატარა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის შემთხვევაში, როგორიც საქართველოა, არ შეიძლება ეჭვებისა და შიშების საფუძველზე გააკეთო დასკვნები. მინდა დავარწმუნო ჩვენი მსმენელი, დაგარწმუნოთ თქვენ, რომ ახალ ხელისუფლებაში საგარეოპოლიტიკური ვექტორების შეცვლა, დასავლეთისადმი, დემოკრატიისადმი ჩვენი დამოკიდებულების შეცვლა წარმოუდგენელია. გვესმის, რომ ვიღაცას რაღაცაში ეჭვი ეპარება, მაგრამ პოლიტიკის აგება ვიღაცის განცხადებებსა თუ ეჭვებზე მიუღებელია. მით უმეტეს, როცა საქმე ეხება ისეთი მაღალი რანგის პოლიტიკოსს, როგორიც ბატონი მაკკეინია.

გქონდათ თუ არა საუბარი საქართველოში ამჟამად არსებულ გაუგებრობაზე, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურისა და მთავრობის მეთაურის ფუნქციების გაყოფას უკავშირდება? რამდენად დეტალურად იცნობენ ვაშინგტონში საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

საკმაოდ ბევრი შეხვედრა მქონდა და ვერ გეტყვით, რომ ამ თემაზე ვინმეს კონკრეტულად დაესვას კითხვა. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე შეკითხვა, აინტერესებთ რა ხდება. მე ამას დავარქმევდი კონსტიტუციურ კაზუსს. ეს ვითარება გამომდინარეობს კონსტიტუციიდან. ალბათ, არის რაღაც პიროვნული მომენტებიც, მაგრამ ასეთი ვითარების შექმნის შესაძლებლობას ქმნის კონსტიტუცია, რომლითაც დღეს ჩვენი ქვეყანა ფუნქციონირებს. ბატონ მარგველაშვილთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს. ბატონი პრეზიდენტი მინახავს რამდენიმე შეხვედრაზე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მან ჩემზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა კომუნიკაციის უნარით. კარგად ვიცნობ ბატონ ირაკლი ღარიბაშვილსაც, ძალიან ენერგიულ, ძალიან ნიჭიერ, ძალიან დინამიკურ პიროვნებას, და გეთანხმებით, რომ გარედან ეს სიტუაცია შეიძლება ცოტა უხერხულად ჩანდეს. ეს არის ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და, ვფიქრობ, ეს ის საკითხია, რომელიც კონსტიტუციამ და კანონმა უნდა გაარკვიოს.

XS
SM
MD
LG