Accessibility links

სტუმრად ჩვენს ეთერში: თემურ ფიფია


თემურ ფიფია, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" თავმჯდომარე

თემურ ფიფია, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" თავმჯდომარე

6 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თემურ ფიფია, "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის"(N16) თავმჯდომარე. "მთავარი, რითაც მოვდივართ ჩვენ პარლამენტში, თუ ჩვენ უმრავლესობით მოვედით, ჩვენ მოვდივართ იმ კონსტიტუციის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს დღეს საქართველოში. ეს არის კონსტიტუცია მორგებული კერძო მონოპოლიურ საკუთრებას, მორგებული მილიარდერებს, ბანკირებს, ბიზნესმენებს და მათი ინტერესების შესაბამისი კონსტიტუციაა. ჩვენ მოვდივართ, პირველ რიგში იმ მიზნით, რომ აღდგეს წარმოების ძირითად საშუალებებზე სახელმწიფო საკუთრება, საზოგადოებრივი საკუთრება და მოხდეს ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება", - ამბობს თემურ ფიფია. ის და მისი პარტია აცხადებენ, რომ ეწინააღმდეგებიან საქართველოს დღევანდელ საგარეოპოლიტიკურ კურსს - ნატოში ინტეგრაციის გზას და საჭიროდ თვლის მის შეცვლას. "პირველ რიგში, ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ნატოზე", - ამბობს თემურ ფიფია და თვლის, რომ ამით საქართველო უარს იტყვის რუსეთის მიმართ მტრულ პოლიტიკაზე. "საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" თავმჯდომარე ლაპარაკობს რუსეთთან "ერთიანი სამხედრო-პოლიტიკური სივრცის" აღდგენაზე. თემურ ფიფია ლაპარაკობს აგრეთვე სხვა პარტიებზე, რომლებიც ასევე ელტვიან რუსეთთან თანამშრომლობას: "ჩვენ მოგვწონს ის, რომ დანარჩენები ჩაერთვნენ, მაგრამ ჩვენ ვაფრთხილებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს არის საქართველოს და რუსეთის ცრუ მეგობრები. ეს არის პოლიტიკური პარტიები და მოძრაობები, რომლებიც ახლა გამოჩნდნენ იმისთვის, რომ მოიპოვონ ხმები და კიდევ ერთხელ მოატყუონ მოსახლეობა".

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG