Accessibility links

logo-print

სტუმრად ჩვენს ეთერში: ვანო ჩხიკვაძე


3 მარტს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი. მან ილაპარაკა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის“ მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობაზე. 2 მარტს 8 არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა მიმართვა, რომლითაც ისინი მოუწოდებენ ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას: „მოლაპარაკებები გაიმართოს დეტალური ასოცირების დღის წესრიგის შესამუშავებლად, სადაც ნათლად იქნება გაწერილი ნიშნულები და წარმატების გაზომვადი ინდიკატორები; მოლაპარაკების წინა და მიმდინარეობის პროცესში გაიმართოს შედეგზე ორიენტირებული კონსულტაციები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პოლიტიკურ აქტორებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან“. ვანო ჩხიკვაძემ აღნიშნა, რომ ახლა მოქმედი დღის წესრიგის შემუშავების პროცესში არანაირი კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან არ ყოფილა. „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ მიმართვის ხელმომწერ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე დღის წესრიგის შესრულებას მეთვალყურეობენ, აქვთ დიდი გამოცდილება, რომელიც დაეხმარებოდა მხარეებს მომავალი წლებისთვის მეტად შედეგზე ორიენტირებული დღის წესრიგის მომზადებაში. ასეთის მაგალითად ვანო ჩხიკვაძემ მოიყვანა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტიანობაც სწორედ კონკრეტული მიზნის არსებობამ განაპირობა და წარმატებითაც შესრულდა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG